ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხნეთ

ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხნეთ

17.12.2015

არქიმანდრიტი ანტონ კანდელაკი
მინდა მოგითხროთ იმის შესახებ, თუ როგორ დამანახა ჩემმა სულიერმა მოძღვარმა სხვისი განმკითხველი ჩემი სული. დაახლოებით 13 წლის  სტიქაროსანი ვიყავი, როდესაც  ერთ-ერთი სასულიერო პირის  უმსგავსო ქცევა შევნიშნე.  ეს ისეთი რამ იყო, რაც,  მას წესით არ ეკადრებოდა! თუმცა,  ისეთი განსაკუთრებულიც არაფერი ყოფილა, რიგით ადამიანს რომ  არ ჩაუდენია.  ჩემი ასაკიდან გამომდინარე, მაინც მტკივნეულად აღვიქვი  დანახული.  ამიტომ,  გადავწყვიტე,  საკუთარ მოძღვართან მივსულიყავი აღსარებაზე და ეს ყველაფერი მეთქვა.  ასეც მოხდა,  დავიწყე იმ სასულიერო პირის განკითხვა.  რაც პირზე მომადგა და გონებაში დამიგროვდა - ყველაფერი ვთქვი!  ბევრის მცოდნესავით ვამტკიცებდი, რომ ასე, სასულიერო პირი არ უნდა იქცეოდეს  და ა.შ.  ჩემმა მოძღვარმა  ბოლომდე მომისმინა და  ამით მომცა იმის  საშუალება, რომ დავცლილიყავი და  შხამი ბოლომდე ამომენთხია. ბოლოს, როცა  სიამაყით ამოვისუნთქე და ვუთხარი,  დავასრულემეთქი, ხმადაბლა  მკითხა, ხომ არაფერი დაგრჩა კიდევ სათქმელიო და  განაგრძო: შვილო,  შენ ახლა იცი ვის გავხარო?  -ვისმეთქი?!  - იმ ორ ჯარისკაცს, რომელთაგან  ერთი, სრულიად მოულოდნელად გაუშვეს ბრძოლის წინა ხაზზე საბრძოლველად. ეს ჯარისკაცი ნაკლები გამოცდილებით  (ალბათ ისიც გესმის, რომ ყველაფერს გამოცდილება სჭირდება)  ისეთ ომში ჩაება,  რომელშიც,  ცხვირწინ უტრიალებენ  ბასრ ხმლებს.  ალბათ, ისიც გეცოდინება შვილო, რომ გამოცდილი ჯარიცკაცი გადარჩენისა და გამარჯვებისათვის ერთდროულად იბრძვის. გამოუცდელისთვის  კი უმთავრესი თავის გადარჩენაა.  გამოუცდელმა ჯარისკაცმა არ იცის ვისგან  მოხვდება ბასრი ხმალი.  ეს ხმალი შეიძლება იყოს მტრისგან, შეიძლება ძმისგან, მოყვასისგან, ერთგული ადამიანისგან და შეიძლება  შემთხვევით მოქნეულმა  ხმალმა იმსხვერპლოს.  ომმა წესები არ იცის და  არ შეგიძლია განსაზღვრო თუ საიდან, ან  ვისგან მოგხვდება  ბასრი იარაღი. ასეთ დროს შენ, როგორც ზემოთ გითხარი, გავხარ მეორე  ჯარისკაცს, რომელიც შორიდან  აკვირდება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩართულს და  ცდილობ განსაჯო.  მას  შეიძლება  შენი დახმარების  იმედი ჰქონდა, ფიქრობდა - მომეშველებაო! შენ კი შორიდან იქნევ ბასრ ხმალს აქეთ-იქეთ. ხმალი რომ გეჭიროს კიდევ ჰო!  ნაცვლად ხმლისა -   ბასრ ენას იქნევ! ჯერ გახდი მონაწილე  იმ ბრძოლის, სიკვდილ-სიცოცხლეს ჩახედე თვალებში, გამოცდილება  მიიღე და მხოლოდ ამის შემდეგ  ასწავლე მეორეს, თუ როგორ უნდა იბრძოლოს! ეს თქვა მოძღვარმა და მივხვდი, რომ ვიყავი უსუსური  და ბევრი რამ არ ვიცოდი. მოძღვარს  რომ  ჩემთვის სტანდარტული სიტყვებით  ეთქვა: „ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხნეთ,“ ნამდვილად  ვერ გავიგებდი. მის მიერ მოყვანილმა მაგალითმა კი  მასწავლა, რომ  არ უნდა განვიკითხო სხვა, რადგან  მის მიერ  ნახსენებ  ბასრ  ხმალში   ჩემი  ენა იგულისხმებოდა!  თან მახსენებდა:"ხმალი ხომ შეიძლება ძმისგანაც მოგხვდეს, მოყვასისგანაც და სხვისგანაც." ჩემი მეგობრული რჩევა იქნება, მანამ  სხვას განიკითხავთ, კარგად დაფიქრდით,  ამ  ორიდან, რომელი ჯარისკაცი ხართ და რამდენად  ბასრი  შეიძლება იყოს თქვენი ხმალი  ანუ ენა. რამდენ ადამიანს შეიძლება მიაყენოთ ამ ბასრი ხმლით ტკივილი!  P.S.  დღესდღეობით,  მეც ის ჯარისკაცი ვარ, ვისაც უწევს წუთი-სოფლის  მტერთან  - "ეშმაკთან " ბრძოლა.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge