ნიკოლოზობას გილოცავთ!

ნიკოლოზობას გილოცავთ!

19.12.2015

 წმინდა ნიკოლოზის სასწაულები მის სიცოცხლეშივე გახმაურდა. დღეს შეგახსენებთ ერთ-ერთ მათგანს:

წმინდა ნიკოლოზის მეზობლად მდიდარი კაცი ცხოვრობდა, რომელიც გაღატაკდა. ამ კაცს სამი ლამაზი ქალიშვილი ჰყავდა.  სიღარიბემ კაცი ისე დაასუსტა, რომ გადაწყვიტა საკუთარი ქალიშვილების სილამაზე გამოეყენებინა შემოსავლის წყაროდ და მსხვერპლად გაეღო მათი ღირსება. იმ დროს,  წმინდა ნიკოლოზი იმ ქალაქის საეპისკოპოსოს მწყემსმთავარი იყო. მან  განიზრახა იმ მდიდარი კაცისათვის დახმარება ფარულად გაეწია. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ არ შეეხსენებია ყოფილი  მდიდრისთვის მისი ამჟამინდელი მდგომარეობა. წმინდა ნიკოლოზმა შუაღამისას ერთი ქისა ოქრო შეუგდო გაღარიბებულ მდიდარს ფანჯრიდან.  კაცმა ეს ღვთის წყალობად ჩათვალა და ამ საჩუქრით უფროსი ქალიშვილი გაათხოვა. წმინდა ნიკოლოზმა როცა ნახა, რომ მამა ამ  თანხას არ დახარბდა და ბოლომდე ქალიშვილის ბედნიერებას მოახმარა, მეორედაც შეუგდო შუაღამისას იგივე რაოდენობის ოქრო. კაცმა კვლავ უფალს შესწირა მადლობა და ახლა უკვე  მეორე ქალიშვილი გაათხოვა. თუმცა, გადაწყვიტა, რომ დადარაჯებოდა და გაერკვია იმის ვინაობა, ვისი ხელითაც უფალი მის ოჯახს ოქროს ქისებს უგზავნიდა და მადლობა ეთქვა.  ბევრი უძილო ღამე გაატარა კაცმა და ბოლოს, როგორც იქნა მის ფანჯარაში ისევ შემოვარდა ოქროთი სავსე ქისა. კაცი დაეწია კეთილისმყოფელს და როცა მასში წმინდა ნიკოლოზი შეიცნო, ფეხებში ჩაუვარდა. ქრისტეს კეთილმა მწყემსმა სთხოვა კაცს, რომ ეს ამბავი არავისთვის არ გაემხილა, მაგრამ სიმართლე მაინც არ დაიმალა და მან ჩვენამდე მოაღწია.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge