ცოტა რამ რეკლამის ისტორიიდან

ცოტა რამ რეკლამის ისტორიიდან

07.03.2016

ნანა ჯანაშია

რეკლამის მოკლე ისტორიული მიმოხილვა

რეკლამა ლათინური სიტყვაა და „ყვირილს“ ნიშნავს. (ლათინურად reclamo - „წამოვიყვირებ“) -ინფორმაცია  გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი ფორმით და ხერხით, მიმართული საზოგადოების ფართო მასებისთვის, რეკლამირების ობიექტის მიმართ მათი ყურადღების მიპყრობის და/ან ინტერესის გაღვივების მიზნით. ძველ საბერძნეთში  არსებობდნენ მაუწყებლები, ანუ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩებში დადიოდნენ და მეფის ახალ-ახალ ბრძანებულებებს თუ სხვა (მათ შორის კომერციულ) ინფორმაციას გაჰყვიროდნენ.

ზეპირი რეკლამა პირველად ჩაისახა მონათმფლობელურ ბაზარზე. მონის ყიდვასთან ახლდა მისი ღირსებების თავისებური ანოტაცია: “ მას ორივე ყურით შესანიშნავად ესმის, თვალებით კარგად ხედავს, მას აქვს ორი ხელი და ორი ფეხი, რომლებიც კარგად დარბიან."  შუასაუკუნეების ევროპის რეკლამის მძაფრ განვითარებას ხელი შეუწყო გაზეთებისა და ჟურნალების გამოჩენამ. მსოფლიოში პირველ გაზეთად, რომელიც სარეკლამო შეტყობინებებს აქვეყნებდა, ითვლებოდა ხელით დაწერილი რომაული გაზეთი „ცტა იუზნუ“ („ყოველდღიური ამბები“). ერთ-ერთი პირველი სარეკლამო მასალა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია ეგვიპტური პაპირუსია, მასში მონის გაყიდვის შესახებ იუწყებიან.

პირველი ბეჭდური სარეკლამო განცხადება 1473 წელს გამოჩნდა ინგლისში.  XVI საუკუნის დასაწყისში კი  ვენეციელმა ა. მანუციმ მომხმარებლის მიზიდვის მიზნით წიგნების სათაურები ქაღალდის ცალკე ფურცლებზე დაბეჭდა და თავისი მაღაზიის წინ ვიტრინებში გამოფენა. პირველი სარეკლამო ბიურო 1611 წელს ლონდონში შეიქმნა და ა. გორაჟისა  და უ. კოპის ეკუთვნოდა.

 თანამედროვე ეპოქაში რეკლამა განიხილება, როგორც მარკეტინგის  უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელსაც  სამი ძირითადი ფუნქცია გააჩნია: ინფორმირება, მარკის ან საქონლის შესახებ მოქმედებისკენ წაქეზება, შეხსენება და იმიჯის შექმნა.

1941 წლის 1 ივლისს  აშშ-ში ბეისბოლის მატჩის შესვენების დროს პირველი ლეგალური სატელევიზიო რეკლამა გავიდა  ეთერში.  ეს გახლდათ საათების მწარმოებელი კომპანია Bulova-ს (ეს ბრენდი 1875 წელს შეიქმნა) რეკლამა, რომელშიც კომპანიამ  4 აშშ დოლარი გადაიხადა. ამერიკაშივე გამოჩნდა პირველი სარეკლამო ბილბორდიც. (1900 წ.)

ძროხიდან ჯემამდე ანუ ორი პირველი ქართული რეკლამა

1861 წელს  ქართულ  გაზეთ  „გუთნის დედა”-ში პირველ გვერდზე დაიბეჭდა „დღეში ცხრა თუნგის მომწველი ფლამანდრული ძროხის“ რეკლამა ამ ძროხის  ნახატითურთ  და სწორედ ეს ძროხა ითვლება ქართული პრესის პირველ სარეკლამო სახედ.  სატელევიზიო რეკლამა კი საქართველოში პირველად 1950–იანი წლების ბოლოს გავიდა და ეს იყო  ჯემის რეკლამა ტელეწამყვან  ჟანეტა არჩვაძის მონაწილეობით. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საბჭოთა კავშირში ე. წ.  საბჭოთა რეკლამა იყო გავრცელებული, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებდა  დაეცვათ საბჭოთა კავშირის საზღვრები, ჩაწერილიყვნენ მოხალისეებად და ა.შ  ქართული ჯემის რეკლამა აშკარად იყო კომერციული ხასიათის და შეიძლება ითქვას არასაბჭოურიც.

დღეს,  რეკლამა არის ბრენდის წარმატების გარანტი და ამის შეასახებ კარგად რომ იცოდნენ 1910-იანი წლების საქართველოშიც, დავრწმუნდებით თუ თვალს გადავავლებთ იმ წლების პრესას.  ბაზარზე დამკვიდრება, როგორც ახლაა მნიშვნელოვანი, ისეთივე იყო მაშინაც და იმდროინდელი ვაჭრები თუ მეწარმეები  ამას კარგად აცნობიერებდნენ. 

წარმოგიდგენთ თბილისში გამომავალ გაზეთ "ზაკავკაზიეს" 1914 წლის ნომრებში გამოქვეყნებულ ზოგიერთ რეკლამას:



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge