მადლიერების დღე

მადლიერების დღე

24.11.2016

ნანა ჯანაშია

By: Nana Janashia

მადლიერების დღე — დღესასწაულია, რომელსაც შეერთებულ შტატებში აღნიშნავენ მორწმუნენიც და ათეისტებიც.  ამ ზეიმს კანადელებიც ზეიმობენ.  წარსულში მას მოსავლის აღების შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად აღნიშნავდნენ. მიუხედავად რელიგიური წარმომავლობისა, მადლიერების დღეს საერო დღესასწაულის სტატუსი აქვს. ის შეერთებულ შტატებში ნოემბრის ყოველ მეოთხე ხუთშაბათს გრანდიოზულად აღინიშნება. ამ დღეს ოჯახები მაგიდის გარშემო იკრიბებიან და ტრადიციულად ინდაურის ხორცს მიირთმევენ. მადლობას ეუბნებიან ღმერთს ბევრი რამის გამო, თუნდაც იმის, რომ ცოცხლები და ჯანმრთელები არიან, აქვთ სამსახური, სკოლაში კარგი ნიშნები ან სულაც იმიტომ, რომ ახალი ფეხსაცმელი შეიძინეს გუშინ... მეტწილად კი, მადლიერებით მოიხსენიებენ იმ ადამიანს, რომელმაც მათ ცხოვრებაში დადებითი როლი ითამაშა. მოკლედ, მადლობას უხდიან ამერიკელები სიცოცხლეს! მადლიერების დღის ისტორია კი ამგვარია:  პროტესტანტები, რომლებმაც  ბრიტანეთი დატოვეს, 1620 წლის დეკემბერში  ჩავიდნენ ამერიკაში. რომ არა ადგილობრივები, ისინი შიმშილით და სიცივით უკლებლივ დაიხოცებოდნენ. უცხოელ სტუმრებს დახმარების ხელი ადგილობრივებმა ანუ ინდიელებმა გაუწოდეს, კერძოდ კი ვამპანოაგის ტომელებმა. მათ საკუთარ კარვებში შეიფარეს ბრიტანელები და წმინდა ამერიკული ფრინველის ხორცით ანუ ინდაურით  გაუმასპინძლდნენ. უმასპინძლეს დიდხანს, ანუ მანამ, სანამ გაზაფხული არ დადგა. შემდეგ, ერთადვე დაამუშავეს მიწები და ამერიკის მიწაზე პირველი მოსავლის აღება 1621 წლის ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს იზეიმეს. ბრიტანელებმა დიდი სუფრა გაშალეს და მასპინძელ ინდიელებს გაუმასპინძლდნენ. ეს მოხდა მასაჩუსეტცში, პლიმუთის კოლონიაში (Plymouth, Massachusetts). მადლიერების დღე როგორც ეროვნული უქმე დღე აღინიშნება 1863 წლიდან, აბრაამ ლინკოლნის გადაწყვეტილებით. ინდაური  ამერიკაში დიდად საპატიო ფრინველია დღემდე. მიუხედავად იმისა რომ, მადლიერების დღისთვის მილიონობით იკვლება, ამერიკის პრეზიდენტი ორი მათგანის შეწყალებას მაინც ახერხებს. შემდეგ კი, ამაზე საუბრობენ ტელეარხები... იმდენს საუბრობენ თეთრი სახლის ეზოში მათ გოგმანზე, რომ ლამის ნახევარ მსოფლიოს შურს...

მოკლედ, დღეს  2016 წლის ნოემბრის ბოლო ხუთშაბათია (24 ნოემბერი) და შესაბამისად  მადლიერების დღეც! მე, როგორც  ქართველი, მადლობას ვუხდი ამერიკას, იმ მზრუნველობისთვის, რომელიც მან -  ჩემი ქვეყნის მიმართ გამოიჩინა!


 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge