თხილი, ღვინო, NDI, ველო-გარბენი და სხვა

თხილი, ღვინო, NDI, ველო-გარბენი და სხვა

12.05.2017

  • 13 მაისიდან ქართული ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ხილ-ბოსტნეული, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, სასუქების სახეობები და ა.შ. ჩინეთში იმპორტისას თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან. საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხვალ, 13 მაისს გაფორმდება. ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრი ჟონგ შანი.
  • NDI-ის კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 27% თვლის, რომ ქვეყანაში რუსული პროპაგანდა არ არის; 21%-ს სურს ევრაზიულ კავშირში გაერთიანება; 42% თვლის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი იყო; 26% მიიჩნევს, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლა ქართული მენტალიტეტის დაკარგვას გამოიწვევს.
  • სირიის ქალაქ რაქაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად, სირიელ ქურთების იარაღით მომარაგების შესახებ ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შემდეგი რამ განაცხადა: "ამ რეგიონში საფრთხე არც ამერიკისთვის და არც რუსეთისთვის არ არსებობს. საფრთხე ჩვენ გვემუქრება. ჩვენ აშშ-ის მოკავშირეები ვართ NATO-ს ფარგლებში და არ გვგონია, რომ მათი მხრიდან, ტერორისტული ორგანიზაციის გვერდით დგომა სწორი იყოს".
  • თბილისში, 14 მაისს ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელიდან სტარტს ველო-გარბენი - „გზა ევროკავშირისკენაა" აიღებს და თავისუფლების მოედანზე დასრულდება. ველო-გარბენი ევროპის დღეებისა და საგზაო მოძრაობის კამპანიის უსაფრთხოების ფარგლებში იმართება.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge