lovely bags

lovely bags

07.06.2017

 მოამზადა ნანა ჯანაშიამ

By Nana Janashia

ჩანთა თურქული ენიდან  შემოსული სიტყვაა. ქართულად მას ხილინდარი ჰქვია.

მეცნიერების აზრით პირველი ჩანთა იყო ჯიბე, ხოლო ჯიბიანი ტანსაცმელი პირველად მე-17 საუკუნეში შეკერეს. თავიდან ჯიბეებს მხოლოდ ჟილეტებზე აკერებდნენ, შემდეგ კი შარვლებზეც გადავიდნენ. სანამ ჯიბეებს გამოიგონებდნენ მე-15- მე-16 საუკუნეებში ფულის შესანახად იყენებდნენ პატარა ტომსიკებს (ტყავის, ნაჭრის), რომლებსაც  ქალები კაბის ქვეშ მალავდნენ, მამაკაცები კი ქამარზე იმაგრებდნენ. ჯიბეების გამოგონების შემდეგ მამაკაცებმა უმალვე დაივიწყეს ქამარზე მისამაგრებელი ტომსიკები და მოდის ისტორიის სანაგვეზე მოისროლეს. ქალებში კი  ტომსიკებზე მეტი მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც  ზომაში გაზარდეს და ბისერებით მოქარგეს. მე-18 საუკუნეში მოდაში შემოვიდა მრგვალძირიანი და თასმებშემოჭერილი ჩანთები სახელწოდებით „პამპადური“. ამ ჩანთას ეს სახელი ლუდოვიკო მე-15 საყვარელი ქალის პატივსაცემად დაერქვა. ქალის ჩანთამ თანამედროვე სახე საფრანგეთის რევოლუციის დროს (მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში) მიიღო.  ჩამოყალიბებული ახალი მოდის თანახმად, მამაკაცებს ჯიბეებში უნდა ჰქონოდათ ხელები, ქალებს კი აუცილებლად ხელში უნდა სჭეროდათ ჩანთა. ამ დროს, ჯერ კიდევ არ იყო ჩანთების მასშტაბური წარმოება. მათ მხოლოდ შეკვეთით კერავდნენ ოსტატები სახელოსნოებში. მხოლოდ დიდი ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიას მმართველობის დროს (მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი) გაიხსნა ჩანთების მწარმოებელი პირველი ფაბრიკა და საფუძველი ჩაეყარა ისეთ ბრენდებს როგორებიცაა Hermès და Louis Vuitton. მე-19 საუკუნეშივე გამოუშვეს ჩანთები საკეტებით, ხოლო ელვა-შესაკრავებით  - მხოლოდ მე-20 საუკუნეში. რადგან ჩანთების მასიური წარმოება დიდ ბრიტანეთში დაიწყო, ბრიტანელები ამ დღედ  4 ოქტომბერს მიიჩნევენ და დღემდე გრანდიოზულად აღნიშნავენ როგორც ჩანთების ნაციონალურ დღეს.

P.S. რაც შეეხება ქვემოთ წარმოდგენილ ჩანთებს, ისინი ჩვენს ფოტოობიექტივში სხვადასხვა დროს მოხვდნენ და გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge