ფრაგმენტები ანდალუზიური დღიურებიდან

ფრაგმენტები ანდალუზიური დღიურებიდან

15.12.2017

ლალი გაბუნია / Lali Gabunia

პიკასოს ესპანეთი, სერვანტესის თეატრი და ლოს რეალის მთებიდან დანახული გიბრალტარი

ანუ ფრაგმენტები ანდალუზიური დღიურებიდან

შემოდგომის თბილი, მზით სავსე დღეა. ავიალაინერი ხმელთაშუა ზღვის ცის კაბადონს სერავს. ილუმინატორიდან მოჩანს ანდალუზიის ულამაზესი მთები, ოქროსფერი მინდვრები, ლურჯად მოლივლივე ზღვა და შორს, სადღაც შორს, ატლანტის ოკეანის სანახები.

საჰაერო ბოინგი აეროდრომზე ნელა ეშვება, ლამისაა ზღვას შეახოს ფრთები... ჩვენ წინ ჯადოსნური ხედები იშლება _ ზეთისხილის ხეები, პალმები, ოლეანდრები, აფრიანი გემები, იახტები... ეს სამხრეთ ესპანეთის საყოველთაოდ ცნობილი რეგიონია, კოსტა დელ სოლის მზიანი სანაპირო .

სასაზღვრო პუნქტთან ესპანელ მესაზღვრეს ვესალმები და პასპორტს ვუწვდი. "Georgian? from Georgia?" _ მიღიმის და ცოტათი უკვირს, რომ ესპანეთი ჩემი მოგზაურობის პირველი ევროპული ქვეყანაა. ხანმოკლე დიალოგის შემდეგ საქართველოს ამბებს მეკითხება, იმედს გამოთქვამს, რომ ჯორჯიას მალე ესტუმრება, მე კი ბედნიერ ესპანურ არდადეგებსა და ხალისიან დღეებს მისურვებს.

მალაგის აეროპორტში მეგობარი მხვდება და ჩემი დიდი ხნის ნაფიქრალი მოგზაურობაც იწყება.

                                                 მალაგა - ხმელთაშუა ზღვის პრინცესა

ჩვენ მალაგაში ვართ. აქაურობა ძველ თბილისს ჰგავს თავისი ვიწრო ქუჩებით, ულამაზესი არქიტექტურით. 3500 წლის წინათ ფინიკიელების მიერ დაარსებული ეს ქალაქი უამრავი ღირსშესანიშნაობითა და კულტურული ძეგლებითაა განთქმული. ქალაქის ცენტრში შემორჩენილია პირველი საუკუნის რომაული თეატრის ნანგრევები, აქვე, სულ ახლოს კი, მავრიტანელთა მეფის, ალკაბასის სასახლე-ლაბირინთია _ გარშემორტყმული უზარმაზარი გალავნით. თავისი მონუმენტურობით ასევე შთამბეჭდავია მალაგის ეპარქიის კათედრალური ტაძარი, რომელიც რენესანსის ეპოქის შესანიშნავი ქრისტიანული ძეგლია. შეუძლებელია ეს ყველაფერი თუნდაც ერთხელ ნახო და სულში წარუშლელი კვალი არ დარჩეს.

ძველმა მოგზაურებმა მალაგას ხმელთაშუა ზღვის პრინცესა შეარქვეს. მართლაც, აქაურობა ზღაპრულ პრინცესას ჰგავს თავისი ბოტანიკური ბაღით, სკვერებითა და ლამაზი პარკებით. მდიდრული ვილები, ყვავილებში ჩაფლული ქუჩები, სანაპიროზე პალმებისა და ოლეანდრების ხეივნები ნამდვილ მიწიერ სამოთხეს მოგაგონებთ.

აქ დაიბადა ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ანტონიო ბანდერასი. მალაგელებს უყვართ თავიანთი თანამემამულე და მისით ამაყობენ კიდეც. მალაგის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს სერვანტესის უძველესი თეატრი, რომელიც 1200 მაყურებელს იტევს. გარკვეული მიზეზების გამო ჩვენ ვერ მოვახერხეთ მალაგის თეატრის რომელიმე სპექტაკლი გვენახა, მაგრამ, მჯერა, ეს სიამოვნება წინ გველის...

                                             პიკასო აუცილებლად ორიგინალში უნდა ნახოთ

მალაგა ცნობილი ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს მშობლიური ქალაქია. სხვათა შორის, მალაგის აეროპორტიც ამ დიდი მხატვრის სახელს ატარებს და როგორ შეიძლება აქედან ისე წახვიდე, რომ პიკასოს მუზეუმს არ ესტუმრო.

მუზეუმის წინ უამრავი ტურისტი ირევა და ჩვენც ამ კუბისტი ხელოვანის სამყაროში შევდივართ. კოლექციაში 250-მდე ექსპონატია _ დაწყებული ადრეული ნამუშევრებით, დამთავრებული ბოლოდროინდელი სიურრეალისტური ნახატებით. მართალია, პიკასოს ნამუშევრები გაფანტულია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში, მაგრამ მალაგაში დაცული ნახატები ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ ოდნავ მაინც ჩაწვდე და შეიგრძნო დიდი ხელოვანის შემოქმედება. ასე რომ, თუ მალაგაში მოხვდებით, აუცილებლად უნდა ესტუმროთ პიკასოს მუზეუმს.

                                        მარბელა: ფორთოხლების მოედანი ქალაქის ცენტრში

ჩვენი მანქანა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიუყვება _ ერთმანეთს ენაცვლება ზეთისხილის პლანტაციები, პალმების ხეივნები, ავოკადოს, მანგოს ხეები, ეგზოტიკურ ყვავილებში ჩაფლული საოცარი არქიტექტურული ნაგებობები, თეთრი ვილები, გოლფის სათამაშო მწვანე კორტები, სავაჭრო ცენტრები, კაფე-ბარები. სივრცეში კი ჩანს ანდალუზიის მთები _ იბერიის ნახევარკუნძულის მშვენება და სილამაზე.

მარბელაში შევდივართ. ეს არის კიდევ ერთი პოპულარული ქალაქი და, როგორც ამბობენ, სამხრეთ ესპანეთის სანაპირო ზოლის მარგალიტი. აქაური მცხოვრებლების

უდიდესი ნაწილი მდიდარი უცხოელები არიან, ძირითადად _ დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, სკანდინავიის ქვეყნებიდან. ადრე მარბელას არისტოკრატების კურორტსაც უწოდებდნენ.

თვალს ახარებს ფაქიზად მოვლილი ყვავილნარები, ქალაქის ცენტრში გაშენებული ფორთოხლების ხეების კოლორიტული მოედანი პატარა რესტორნებით.

აქ ძალიან ბევრი სახლის ფასადი ღვთისმშობლის, მაცხოვრის და წმინდანების ხატებითაა დამშვენებული. ესპანელებს უყვართ და დიდ პატივს სცემენ თავიანთ სარწმუნოებას. კოსტა დელ სოლის ქალაქებში უამრავი კათოლიკური ტაძარია. აქვე ვნახეთ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიაც.

მარბელადან სულ რაღაც 20 კილომეტრშია ქალაქი სან პედრო (წმინდა პეტრეს ქალაქი). აქ უპირველესად თვალში მოგხვდებათ გოლფის სათამაშო მოედნები და კიდევ _ ქვიშიანი, სუფთა პლაჟები, ცაში აზიდული პალმები... საღამოს ეს პატარა ქალაქი საოცრად ბრწყინავს. აქაც თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზეა კაფე-რესტორნები.

მთელი დღის შთაბეჭდილებებით სავსენი მწვანეში ჩაფლულ რესტორანში ვსხდებით. ეს ჩემი მეგობრების საყვარელი ადგილია. რესტორნის მეპატრონე ღიმილით გვესალმება, თავაზიანი მოკითხვის შემდეგ მენიუს გვაცნობს და ჩვენც პიკანტურ ესპანურ კერძებს ვაგემოვნებთ.

                                                      რონდა  - ანდალუზიის თეთრი ქალაქი

ესპანეთში, თითქმის ყველგან, თეთრი ფერი ბატონობს. რონდაც _ ეს უძველესი, ისტორიული ძეგლებით სავსე ქალაქი, ქათქათებს და საოცარი სისუფთავით თავს გვაწონებს.

საუკუნეების მანძილზე, ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვიდან მოყოლებული, კახო დე რონდას ხეობაში მოქცეულ ამ პატარა ოაზისს თავს ესხმოდნენ სხვადასხვა ჯურის დამპყრობლები. მათი მთავარი სამიზნე ძვირფასი ლითონების საბადოებით მდიდარი რონდას მთები იყო. ქალაქის სახელიც ამ მთებიდან _ კახო დე რონდადან _ მოდის. ასე მონათლეს ძველმა კელტებმა. ფინიკიელები, რომაელები, ბიზანტიელები, არაბები... აქ ყველამ თავისი კვალი დატოვა. რონდაში არქაულობა და თანამედროვეობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

ესპანელებს მიაჩნიათ, რომ ვისაც გაუმართლებს და მოხვდება კოსტა დელ სოლის სანაპიროზე, აუცილებლად უნდა მოინახულოს რონდა. ჩვენც სწორედ იმ ბედნიერთა რიცხვში ვართ. წარსული უმალ ცოცხლდება ძველი რომაული ნანგრევების, არაბული აბანოების, მანდრაგორის სასახლის, ქალაქის კარიბჭის, ხეობა ელ ტახოს ულამაზესი პეიზაჟების ნახვისას.

კორიდის დამაარსებელი ფრანცისკო რომერო რონდაში დაიბადა. ასე რომ, რონდა კორიდის სამშობლოცაა. თუმცა დღეს კორიდის ტრადიცია თანდათანობით წარსულს ბარდება.

                                                    გიბრალტარი და აფრიკის ნისლისფერი უდაბნო

დღეები სწრაფად გარბის... დილის 7 საათია. ჩვენი მანქანა ლოს რეალის მთებში ჩაკარგული სერპანტინებით მაღლა მიიწევს. ქურციკებისა და ნიამორების არვეები გზას გვიჭრიან და თვალის დახამხამებაში სადღაც ქრებიან. მენანება, რომ ვერ ვასწრებ ფოტოობიექტივით ამ კადრების სრულად დაფიქსირებას... ეს სიერა ბერმეხას ნაციონალური პარკია _ მთელ სამხრეთ ესპანეთში გამორჩეული ადგილი ველური ბუნების მრავალფეროვნებით.

ლოს რეალის მწვერვალზე ვართ. ეს ადგილი ზღვის დონიდან 1450 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ჩვენ წინ საუცხოო სანახაობა იშლება. სამხრეთით ნათლად ჩანს აფრიკის დანისლული, ქვიშიანი უდაბნო, დასავლეთით კი გიბრალტარი თითქოს ხელისგულზე დევს, ადგილი, სადაც ხმელთაშუა ზღვა და ატლანტის ოკეანე ერთმანეთს კვეთს. იქამდე არც ისე შორია, სულ რაღაც, 60 კილომეტრი. ანდალუზიური ფიჭვები, როზმარინები ირგვლივ საოცარ სურნელს აფრქვევენ. ქვემოთ ესტეპონა გველოდება _ ყვავილების პატარა ქალაქი... აქ, ყველგან, სადაც კი თვალი მისწვდება, ყვავილებია _ აივნებზე, ტროტუარებზე, კიბეებზე, პარკებში, შადრევნებთან... ყველა გიღიმის, გესალმება.. ასე გგონია, თითქოს ყველა ერთმანეთის ახლობელი და მეგობარია.

ესტეპონაში წელიწადის 325 დღე მზიანია და არა მარტო ესტეპონაში, ესპანეთის მთელ ამ მხარეში. სწორედ ამიტომ ჰქვია კოსტა დელ სოლ , რაც ქართულად მზიან სანაპიროს ნიშნავს.

                                                                                      ...

ჩემი მოგზაურობა სამხრეთ ესპანეთში იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში კატალონიელები ბობოქრობდნენ, სამხრეთში კი ჩვეული სიმშვიდე სუფევდა, მხოლოდ ერთი რამ იყო თვალშისაცემი _ ყველგან ესპანეთის დროშა ფრიალებდა, ნიშნად ერთიანი, ძლიერი ესპანეთისა.

                                                                                       ...

ასე დამთავრდა ეს პატარა ესპანური არდადეგები, რომელიც ჩემი კეთილი შვედი მასპინძლების ანნა მარია და კაი ჰაგბერგების დიდი დამსახურებაა. სწორედ მათ მაჩუქეს დაუვიწყარი ესპანური დღეები.

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge