ნიორტი, ნიცა, ფეხბურთი და ეპიზოდები ქართველი ქალის ფრანგული დღიურებიდან

ნიორტი, ნიცა, ფეხბურთი და ეპიზოდები ქართველი ქალის ფრანგული დღიურებიდან

14.07.2020

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

ცხოვრება პანდემიის დროს

პიკანტური ხმელთაშუა ზღვის კურორტი ნიცა, რომელიც საფრანგეთის რივიერადაა ცნობილი, ზღვისპირა ალპების დეპარტამენტის ადმინისტრაციული და ლაჟვარდოვანი სანაპიროს მთავარი საკურორტო ცენტრი, ამჯერად ჩემთვის იმითაა საინტერესო, რომ  იქ, ამ მასალის გმირი ქალბატონი მარინა კაკულია ცხოვრობსდიდი ხანია რაც საფრანგეთშია და საფრანგეთის მოქალაქეა!დღეს,14 ივლისს, საფრანგეთი "ბასტილიის დღედ" წოდებულ ეროვნულ დღესასწაულს ზეიმობს! ჩვენი რედაქცია, ამ მასალით უერთდება ფრანგი ხალხის საზეიმო განწყობას.

საფრანგეთის ერის მამად მიჩნეულ ვიქტორ ჰიუგოს გამოთქმული აქვს ასეთი მოსაზრება, რომ ყოველ ადამიანს ორი სამშობლო აქვს, ერთი საკუთარი, მეორე საფრანგეთი! ასეა მარინას შემთხვევაშიც, მას ორი სამშობლო აქვს! ამ ბედნიერებასთან ერთად წარმატებული ქალ-ვაჟის დედაა და ღირსეული ქართველი ვაჟკაცის მეუღლე.

ვაჟი გიორგი კიკალიშვილი, პატარა იყო, საფრანგეთში როცა ჩაიყვანა და დღეს, საკმაოდ კარგი ფეხბურთელია. მასზე არაერთხელ დაწერილა ფრანგულ პრესაში, არაერთი ჯილდო და სიგელი აქვს მიღებული და ფანების კუმირია. გიორგი ამჟამად კანის გუნდში თამაშობს. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ზინედინ ზიდანიც კანის გუნდში თამაშობდა.

 მარინას დიდი ხანია ვიცნობ, ამ დიდებულ ქალბატონთან ბევრი რამ მაკავშირებს, მათ შორის ქალაქი - რომელშიც ახლა ვერ ჩავდივართ! მოკლედ - საქმიანი, მიზანდასახული, ნიჭიერებითა და იუმორით შემკული ქართველი ქალი უნდა გაგაცნოთ! მარინა დიდხანს ცხოვრობდა ფრანგულ ქალაქ ნიორტში. იქაურებს თავი ბევრი რამით დაამახსოვრა, მათ შორის სტუმართმოყვარე სახლით და ლამაზი ბაღით. შემდეგ კი ნიცაში გადავიდა.

- მარინა,  რატომ ნიცა და არა პარიზი, ქართველებისთვის ხომ ევროპა ასოცირდება პარიზთან, იქაურ კაფეებთან?

- სოხუმის გამო. ზღვა მენატრებოდა სულ.

- სახლიც ალბათ... როცა შენი ნიორტის სახლი ვნახე,

ვიფიქრე, რომ ძალიან ჰგავდა იმ სახლს - რომელიც სოხუმში დატოვე...

- ჰგავდა. მაგრამ, ზღვა მაკლდა...

- და გადაწყვიტე რომ...

- დიახ, ერთ დილას გავიღვიძე ნიორტის სახლში და მეუღლეს ვეუბნები, - მოდი გავყიდოთ აქაურობა და წავიდეთ ნიცაში! რატოო, გაუკვირდა კაცს! ცოტა არ იყოს დაენანა თავისი ნაშრომი, მათ შორის ბაღი, რომელიც ისეთი იყო, ლუდოვიკო მე-11 რომ შეშურდებოდა.

- მაინც როგორი იყო ნიორტის ბაღი?

- ხეებზე და სხვა მცენარეებზე რომ არაფერი ვთქვა, მარტო  ტიტები გვქონდა 300 ძირი  დარგული და გახარებული.

- ადვილად გაყიდეთ იქაურობა?

- საოცრად ადვილად! 3 თვეში იყიდა  ესპანელმა ქალმა. ეს ნიორტის  ყიდვა-გაყიდვის ისტორიაში გადატრიალებას ჰგავს, რადგან, ასე სწრაფად ამხელა ქონება ჯერ მანდ  არავის გაუყიდია.

ფრანგი  მეზობლები გაოცებულები იყვნენ ჩვენი ამ გადაწყვეტილებით და გვეუბნებოდნენ, ნიცაში რა გინდათ - იქ ცხვირაწეული ხალხია. ნუ წახვალთო! გარდა ზღვის მონატრებისა, იყო ნიორტზე  დიდ ქალაქში ცხოვრების სურვილიც და ამით შესაძლებლობების გაზრდის შანსიც. ნიორტში იცხოვრო, ნიშნავს - იცხოვრო სენაკში.  რაც უფრო პატარაა ქალაქი, მით უფრო ნაკლები შესაძლებლობები აქვს ადამიანს.

 - ლამაზი ნიცა ახალი იდეებით აგავსებდა და ახალ მიზნებსაც  დაგისახავდა...

-ნამდვილად! როცა პირველად გავედი სანაპიროზე, ვხედავ დროშებია გამოფენილი.

დავუწყე თვალიერება  და აღარსადაა ქართული! რუსული კი თავში ჩაურჭიათ! ქალაქი რომ შევისწავლე,  შემოგარენს მივადექი, ვხედავ, იქაურობა ვილებითაა სავსე და  როცა გავიგე, რომ  ერთიც არ ეკუთვნოდა  ქართველს, ორმაგად გავბრაზდი, ვილების დიდი ნაწილი  რუსულენოვანი ხალხისააო, მითხრეს.

- ეს ამბავი აუცილებლად უნდა გამოსწორდეს! პარიზში საუკეთესო რესტორანი „ლაზი“ ბათუმელმა დაჩი ჩაგანავამ გახსნა, სოხუმელმა დემნა გვასალიამ კი ამოაყირავა ფრანგული მოდის სამყარო. რადგან ნიცაში ხარ, ნიცას შენ უნდა მიხედო. კოსმოპოლიტური ქალაქი კია და ნამდვილად უნდა იყოს მანდ  სხვადასხვა ქვეყნების დროშები, მაგრამ უნდა იყოს ქართულიც, თუნდაც იმიტომ, რომ ფრანგებს განსაკუთრებულად უყვართ ფეხბურთი. შენ ვაჟს, გიორგი კიკალიშვილს კი არაერთხელ გაუხარებია ფრანგი ფანები და არაერთხელ მოხვედრილა ფრანგული პრესის ფურცლებზე მისი გვარი.

რადგან გიორგი, ამჟამად კანის გუნდში თამაშობს და ნიცაში ცხოვრობს,  ქალაქმა მისით უნდა იამაყოს!

გიორგი ლაჟვარდოვანი სანაპიროს საფეხბურთო ღირსებას იცავს!

- დემნა გვასალია ვახსენეთ ზემოთ და, მოდი მოდაზეც გკითხავ, როგორ ეწყობით ერთმანეთს შენ და ფრანგული მოდა?

-ფრანგული მოდა ჩემთვის არაა შექმნილი, რადგან,  ფრანგულ წონას დიდი ხანია გამოვემშვიდობე.

- ნიცა უფრო ძვირია თუ მონაკო?

- ფრანგებს მიაჩნიათ, რომ ნიცა ძვირია და დასასვენებლად მიდიან ესპანეთში.სიძვირე მონაკოშია. ნიცაში არა.მონაკოში ერთოთახიანი ბინა ქირით  3000 ევრო ღირს. ხელფასებიც ძალიან მაღალია.

- რამდენად უსაფრთხო ქალაქია ნიცა?

- ნიცაში რამდენი ადამიანიცაა იმდენი პოლიციელია და კრიმინალს უბრალო მოქალაქე ვერ გრძნობს. მთელი ღამე მარტომ რომ იარაო, არაფერი შეგემთხვევა.

- ნიცა იტალიასთან 16 კილომეტრზეა და იტალიურიც ალბათ ბევრმა იცის მანდ...

- ქალაქში გასული ფრანგულზე ხშირად იტალიურს და რუსულს გაიგებ. რატომღაც, რუსებს  ჰგონიათ, რომ მათთან ცხოვრობს ყველა დანარჩენი - ვინც კი ნიცაშია. მომსახურე პერსონალი მეტწილად რუსები არიან. თავად მე, თმის სტილისტიც, პედიკურის და მანიკურის გამკეთებლებიც რუსი გოგოები მყავს, ვურეკავ მათ და მოდიან სახლში. აბა, ფრანგი თავლით არ მინახავს ნიცაში და სხვას ვის გავაკეთებინო ეს საქმე?!  ამბობენ, რომ ძალიან უყვართ საქართველო და  რაც არ უნდა უთხრა, კრინტს ვერ დააძვრევინებ რუსულ-ქართულ კონფლიქტზე და პოლიტიკაზე.  მდიდრულ ვილებშიც ისინი მუშაობენ. აი, მაგალითად ერთ-ერთი ვილის პატრონი დღევანდელ  გაზეთში აცხადებს, რომ  ეძებს მოახლეს, ძიძას და მებაღეს. 4000 ევროს გადაუხდის თითოეულ მათგანს. ასეთ სამუშაოებზე ძირითადად რუსები ან მოლდაველები აჰყავთ. რუსული მაღაზიებიც თვალშისაცემია ქალაქში, მატრიოშკები თუ დგას ე.ი. რუსულია.

- ნიცა-მონაკოთი მოხიბლულს - დამავიწყდა მეკითხა, როგორ ცხოვრობდით კორონავირუსის პანდემიის დროს?

-კორონავირუსი ჩემს ნაცნობებში არავის არ დამართნია. მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როცა  ჩემი გიორგის მეგობარი, პირველი ლიგის უძლიერესი  ფეხბურთელი 24 წლის უჯანმრთელესი ბიჭი გახდა ძალიან ცუდად. ყველანი  ვლოცულობდით, რომ გადარჩენილიყო. ჩვენი გიორგი ისეთ დღეში იყო, რომ იმ მგობარს რამე რომ დამართნოდა - ვერ გადაიტანდა! საბედნიეროდ 10 დღეში გამოჯანმრთელდა. ახლა ისევ დაიწყო ვარჯიში და კარგ ფორმაშია.

ამჟამად ახალი მთავრობა ჰყავს საფრანგეთს და პრემიერმინისტრმა გამოაცხადა, რომ კორონავირუსის  მეორე ტალღა თუ წამოვა, არაფერს  არ დავკეტავთ, სადაც კერები იქნება, მხოლოდ იქ მივმართვათ რადიკალურ ზომებსო. სწორი გადაწყვეტილებაა!  იმხელა ზარალი მიადგა ეკონომიკას და იმდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, რომ მალე საფრანგეთი საქართველოს გაუტოლდება. რომელი ერთი ჩამოვთვალო,  რენოს გარაჟებიდან, თვითმფრინავების ქარხნებიდან თანამშრომლების 50% დაითხოვეს.  როდესაც  საფრანგეთში მუშაობ და სამსახურიდან გიშვებენ,  2 წელი ხელფასი გეძლევა. პანდემიის გამოცხადებიდან 1 კვირა იმუშავა ჩემმა მეუღლემ მონაკოში და  მერე 2 თვე  სახლში იჯდა, ხელფასი კი 100% გადაუხადეს. სახლში ჯდომა ეს პირობითადაა ნათქვამი, სინამდვილეში კი გარეთ ხშირად  გავდიოდით.

თან  გვქონოდა ასე  ვთქვათ  გარეთ გასვლის საბუთი.  დღეში ერთი საათი შეგვეძლო  სუფთა ჰაერზე სპორტით დავკავებულიყავით. მაღაზიაში შესვლა შეზღუდული არ გვქონდა. ჩემს ირგვლივ კაცი არ მეგულება, რომელსაც ამ ვირუსის ეშინოდა. ძლივს რომ გადაადგილდებიან ის მოხუცებიც კი მაღაზიაში ყოველდღე  დადიოდნენ. დისტანციას ვიცავდით და ნიღბები ყველას გვეკეთა, ეს იყო და ეს.  ამ ვირუსის განსაკუთრებულობის ბევრს არ სჯეროდა. შესაძლოა, ეს  ფრანგული ხასიათია. სხვანაირები არიან ფრანგები,  სიკვდილის არ ეშინიათ. 100-დან 98 ფრანგს  წინასწა ხელი აქვთ მოწერილი  კრემირებაზე. დასაფლავება მათთვის სამყაროს ეკოლოგიურად დააბინძურებას ნიშნავს. ჭიებმა რომ შემჭამონ იმას ფერფლად ქცევა მირჩევნიაო, ამბობენ. ნებისმიერ მოვლენას ძალიან სწორად განმარტავენ.  რაც მოსახდენია ის უნდა მოხდესო, ამბობენ! ყველაფერს კაცურად ხვდებიან და ნებისმიერი ამბავი, ჩვენთან შედარებით, მარტივად გადააქვთ. დიდი ხანია აქ  ვცხოვრობ და ფრანგებზე უკეთესი ხალხი  მე არ მინახავს! ცუდი გამორიცხულია ფრანგმა გაგიკეთოს, დიდი-დიდი ენა მიუტანოს... სანერვიულო ყოველდღე აქვს ადამიანს და თუ ყველაფრის გამო  გული გვეტკინა, სიცოცხლეს შევიმოკლებთ! სიმშვიდე ფრანგებისგან ვისწავლე!

- ვიცი რომ მშობლები ხშირად იყვნენ შენთან, რას ამბობდნენ, როგორ მოსწონდათ საფრანგეთი?

- დედაც, მამაც თვეობით იყვნენ ჩემთან. ჩემი ქმარი ტაქტიანი და უშუალოა, ამიტომ კარგად ეგუებოდნენ ერთმანეთთს და თავს ისე გრძნობდნენ, როგორც საკუთარ სახლში. მამჩემი, ვაჟა კაკულია პირველად როცა ჩამოვიდა საფრანგეთში - მოვუმზადე ქათმის კერძი. პირი არ დააკარა, - დიღმის ბაზარში არაა ეგ ქათამი დაკლულიო! დედაჩემის მომზადებული კერძების გარდა, სხვისას არასდროს არ ეკარებოდა და რადგან დიღმის ბაზარს  საფრანგეთში ვერ მოვუწყობდი, საგონებელში ჩავვარდი. მერე, ელარჯი გავუკეთე და საქმე ამით გამოსწორდა. როცა ჩემი მანქანით გავასეირნე და ნიორტი დავათვალიერებინე, მეგონა ქალაქზე მეტყოდა რამეს, ის კი, თურმე, იმას აკვირდებოდა, თუ როგორ ვმართავდი მანქანას.  სახლში მოსულმა დედაჩემს დაურეკა და ეუბნება, ჩვენი გოგო  საჭმელს შენსავით აკეთებს, მანქანა კი ზუსტად ჩემსავით დაჰყავსო!

საფრანგეთი ნამდვილად მოეწონა, მაგრამ მისთვის მთავარი გიორგი იყო! ოღონდ გიორგი ენახა და სხვა არაფერი აინტერესებდა. ორ წელზე მეტია, რაც აღარ არის და სასთუმალთან მიდევს მისი სურათი. უცრემლოდ ჯერ არ დამიძინია.

- როგორი მეუღლე გყავს?

- ძალიან დიდი დრო მჭირდება, ნერვები რომ მოვუშალო! საერთოდ არაა ეჭვიანი, არ არსებობს გკითხოს სად იყავი ან სად მიდიხარ! ჩემს მეუღლეს, ელდარ კიკალიშვილს ძალიან უყვარს საფრანგეთი და მოსწონს ყველა კანონი, რაც კი საფრანგეთს ოდესმე მიუღია. ზედმიწევით ასრულებს ყველას. სადაც მივა - ყველგან შინაური ხდება, არ უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა. ან დასცინოს, ან კრიტიკული თვალით ვინმეს შეხედოს - გამორიცხულია! ძალიან უყვარს ბაღში მუშაობა, ეს მისი ჰობია! ნიორტის ეზოში არაერთი ხე  და 300 ძირი ტიტა დარგო.  მის გვერდით თავს იმედიანად და კარგად ვგრძნობ.

- გიორგი მამას ჰგავს?

-არა, მამაჩემს!

- შენ მისთვის მოდელი გოგო გინდა, როგორი ცოლი უნდა თავად გიორგის?

- მეუბნება, ბებიასავით ცოლი მინდა,  მას ბაბუას გარდა ღამე სხვაგან არასდროს არ გაუტარებიაო!

ამ ფოტოზე გიო ბებოსთან, ლოლა ყურაშვილთან ერთადაა გადაღებული.

აი, ასეთია ჩემი საფრანგეთში გაზრდილი გიორგი. მასზე გარემომ არანაირად არ იმოქმედა, მამაჩემის გენები გამოჰყვა, ზუსტად ისე ფიქრობს, როგორც მამაჩემი ფიქრობდა. გიორგი ნახევარმცველია და  კანის გუნდში თამაშობს. ძალიან კარგი ფეხბურთის სპეცსკოლა აქვს დამთავრებული. არაერთი სტატიაა მასზე ფრანგულ პრესაში დაწერილი. ბევრ გუნდში თამაშობდა. ფრანგები ფეხბურთის დიდი გულშემატკივრები არიან და დიდ პატივს სცემენ ფეხბურთელებს. გიორგის სამეგრობრო პირველი, მეორე და მესამე ლიგის ფეხბურთელებისგანაა შემდგერი.

 ეს ბიჭები ორჯერ ჰყავდა გიორგის  ჩამოყვანილი თბილისში და გაოცებულები  დაბრუნდნენ საფრანგეთში. დღემდე საქართველოს ხსენებაში  არიან. ყველაფერი მოეწონათ ქართული. გოგოებზე კი თქვეს: რა ბედნიერია გიორგი, რომ ქართული იცის და ქართველზე შეუძლია დაქორწინებაო! თავად ენობრივი ბარიერის გამო ეშინიათ ამ ნაბიჯის გადადგმა.

- ლოცვა თუ მოგინდება ნიცაში ეკლესია გაქვთ?

 - ძალიან დიდი  და ლამაზი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაა  ნიცაში.

მამაჩემს პარაკლისებს მანდ ვუხდი.

- მეზობლობა როგორი იციან?

- ნიცაში ფრანგი მეზობელი არ მყავს. სახლები და ბინები სულ უცხოელებზე აქვთ მიქირავებული. საერთოდ კი,  საფრანგეთში მეზობლობა სალმით შემოიფარგლება. მეგობრობა კი სამუდამო იციან. მათ საქმე გახვედრებს. ჩემი პირველი მეგობრები გიოს სპორტსკოლის კლასელების მშობლები იყვნენ და მათთან დღემდე ვარ კავშირში. დანარჩენები სამსახურმა შემძინა. ფრანგი თუ ერთხელ დაგიმეგობრდა - არ არსებობს გიღალატოს! თავად თუ არ უღალატე, ისინი, უარს შენზე  არასოდეს იტყვიან. სავახშმოდ სტუმრად მოსული მეგობარი შეიძლება დილამდე დარჩეს. ისე უხარიათ ურთიერთობა, მეტი რომ არ შეიძლება! მეორედ კი თავისთან  გადაგიპატიჟებს აუცილებლად!

- სახლში რომელ ენაზე საუბრობთ?

- გიოსთან ქართულად, ქმართან მეგრულად.

- რა გენატრება?

- ცივილიზაციამ და კომფორტმა დამღალა. ბუნებრივი ცხოვრება მენატრება.

- რა გახარებს?

- ბევრი რამ, მათ შორის ის, რომ ნიცაში ზღვა სამფერია.შავ ზღვაზე ლამაზი ჩემთვის არაფერია, მაგრამ ხმელთაშუა ზღვის ეს სამფეროვნება მომწონს.

- ერთ დილას გაიღვიძე და გადაწყვიტე გეცხოვრა ნიცაში. კიდევ აპირებ მსგავს გაღვიძებას?

-კი. უკვე მქონდა ეგეთი გამოღვიძება და უახლოეს გეგმაში მარტვილის კანიონი მაქვს! მინდა მანდ ახლოს ავაშენო სახლი, ეზოში ჩავდგა კოტეჯები. ჩემ ქმარს გავაშენებინო ნიორტზე უკეთესი ბაღი. ერთი სული მაქვს, ცოტა ხნით მოვწყდე ფრანგულ კომფორტს და ბუხარში  ღომი  მოვხარშო თავად.

 

 

 

 

 

 

 

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge