29 მაისი - ბრმის კვირა

29 მაისი - ბრმის კვირა

29.05.2022

ინფორმაცია და ფოტოები მოიძია ნანა ჯანაშიამ /Nana Janashia

დღევანდელ 2022 წლის 29 მაისის  კვირა დღეს ეკლესია ბრმის კვირას უწოდებს, რადგან იხსენიებს მაცხოვრის მიერ შობიდან ბრმის განკურნების სასწაულს. ამის შესახებ სახარება მოგვითხრობს შემდეგს: იესო ქრისტეს ქვეყნად ცხოვრების უკანასკნელ წელს მიდიოდა გალილეიდან იერუსალიმში ტაძრის განახლების დღესასწაულზე. გზაზე მან დაინახა კაცი - შობიდან ბრმა. ეს იყო ყველასათვის ცნობილი ღატაკი, რომელიც იჯდა ქუჩაში და მოწყალებას თხოულობდა. მოციქულებმა ჰკითხეს მასზე იესოს: „მოძღვარო, ვინ სცოდა, ამან, თუ მშობელთა მისთა, რამეთუ ბრმა იშვა?“ - ქრისტემ მიუგო: „არცა ამან სცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რათა გამოსცხადნეს საქმე ღვთისა მაგას ზედა“. რომელი საქმე ღვთისა უნდა გამოცხადებულიყო ამ დაბადებიდან უსინათლო კაცზე? უფალი დაუბრუნებს მას მხედველობას. ახლა ის იხილავს იმას, რისი წარმოდგენაც ადრე არ შეეძლო; ახლა ის დანახავს ღვთის მიერ შექმნილ სამყაროს მშვენიერებას, რაც გააღვიძებს მის გულში მოკრძალებასა და უსაზღვრო მადლიერების გრძნობას იმისადმი, ვინც აღუდგენს მას მხედველობას. ხილული, ანუ ქვეყნიური თვალების ახელასთან ერთად, მას აეხილება უხილავი - სულიერი თვალებიც და მაშინვე იცნობს ძე ღვთჲსას, რომლის ღვთაებრივ ღირსებასაც უყოყმანოდ დაამოწმებს მისი მტრების - ფარისევლებისა და მწიგნობრების წინაშე.

იესომ სცხო თიხა ბრმას თვალებზე და უბრძანა წასულიყო და დაებანა თვალები სილოამის საბანელში. ბრმამ აღასრულა ნება ღვთისა. „წარვიდა კაცი იგი, დაიბანა და მოვიდა და ხედვიდა“. ხალხში გავარდა ხმა ბრმის განკურნებისა, დაიწყო მითქმა-მოთქმა. ზოგს სჯეროდა, რომ განკურნებული იყო ნამდვილად ის, რომელიც თხოულობდა მოწყალებას ქუჩაში, ზოგი მხოლოდ ამსგავსებდა მას. თვითონ განკურნებული კი ამბობდა - მე ვარო, ეკითხებოდნენ და ისიც მარტივად და სიხარულით უამბობდა თავის განკურნების ამბავს. განკურნება მოხდა შაბათ დღეს. ფარისევლებს დიდ ცოდვად მიაჩნდათ შაბათის დარღვევა, ამიტომ დაიბარეს განკურნებული და ჰკითხეს: „ვითარ აღიხილენ?“ - მან კი გულუბრყვილოდ მიუგო: „თიხა დამდვა თვალთა ჩემთა, და დავიბანე და აწ ვხედავ“. ასეთმა პასუხმა დიდი გაუგებრობა გამოიწვია ფარისევლებში. ზოგი ამბობდა, როგორ შეიძლება იყოს ღვთისგან მოვლინებული, როცა შაბათს არ იცავსო, ზოგი კი ამბობდა, იესო არ შეიძლება იყოს ცოდვილი, რადგან ცოდვილს არ შეუძლია შობიდან ბრმის თვალის ახელა.

იესომ ისეთი დიდი რამ მოიმოქმედა, რომელიც მხოლოდ ღმერთს შეეძლო და ამის მოქმედს ისინი უწოდებდნენ ცოდვილსა და მატყუარას. ფარისევლებმა ვეღარაფერი მოახერხეს იმის გარდა, რომ განკურნებული „განხადეს გარე“ ე.ი. გააძევეს იქიდან.

იესო შეხვდა განკურნებულს, რომელიც ფარულად უკვე თანაუგრძნობდა მას, და ჰკითხა: „შენ გწამს ძე ღვთისა?“ განკრუნებულმა მიუგო: „ვინ არს იგი უფალო, რათა მრწმენეს?“ „რომელი იტყვის შენთანა, იგი არს“ - უთხრა მაცხოვარმა. განკურნებულმა მაშინვე წამოიძახა: „მრწამს უფალო“ და თაყვანისცა მას. ბრმის სიხარული თვალის ახელით გამოწვეული რომ ძალზედ დიდი იქნებოდა, ცხადზე უცხადესია; ის ხომ ფაქტიურად ხელახლა დაიბადა, მან ხომ თავის სიცოცხლეში პირველად იხილა ხილული სამყარო თავისი მშვენიერებით, მაგრამ მისთვის უმთავრესი მაინც მისი სულიერი თვალთახედვა იყო; მან ხომ თვალის ახელასთან ერთად იპოვა მხსნელი - ძე ღვთისა იესო ქრისტე. მან იცნო უფალი ღმერთი და მაშინვე მის სულს დაეუფლა აუწერელი სიხარული.

 “სამთავრო” 1982 წ.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge