11 დეკემბერი წმინდა სტეფანეს დღეა

11 დეკემბერი წმინდა სტეფანეს დღეა

11.12.2022

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

(წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული მასალა)

წმინდა სტეფანე 715 წელს დაიბადა კონსტანტინეპოლში, ქრისტიანთა ოჯახში. ჰყავდა მშობლები და ორი უფროსი და. ის იყო ნანატრი ძე და ამიტომ დაბადებისთანავე აღსაზრდელად ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში მიიყვანა დედამ. იმჟამინდელმა იმპერატორმა ისავრიელმა (717-741 წწ.) მოინდომა, ხატების განადგურებით "ცრურწმენისგან" გაეწმინდა ეკლესია და უმკაცრეს ზომებს მიმართა. განდევნას, ქონების ჩამორთმევას, პატიმრობას, წამებასა და სიკვდილით დასჯას მიმართავდნენ მათ მიმართ, ვინც არ გაიტანდა ოჯახებიდან ხატებს და არ დაწვავდა. სტეფანეს მართლმორწმუნე ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური კონსტანტინოპოლი და ბითვინიაში გადასახლებულიყო. სტეფანე იმ დროს, თექვსმეტი წლის ჭაბუკი იყო და წმინდა ავქსენტის მთაზე განმარტოებით მოღვაწე ნეტარ იოანეს მიაბარეს მორჩილად. თითქმის თხუთმეტი წლის მანძილზე გულმოდგინედ სწავლობდა ჭაბუკი სტეფანე იოანესგან ბერმონაზვნურ ცხოვრებას. მას შემდეგ, რაც სტეფანეს მოძღვარი, იოანე გარდაიცვალა, მოძღვრის მღვიმეში სტეფანემ განაგრძო მოღვაწეობა. ბერებმა, რომელთაც სურდათ სტეფანეს ხელმძღვანელობით ეღვაწათ, ასევე მიაშურეს ამ მღვიმეს და რადგან ბერთა რიცხვი იზრდებოდა დღითიდღე, მღვიმის ადგილზე ბერების ხელითვე აშენდა მონასტერი, რომლის იღუმენიც წმინდა სტეფანე გახდა. რაღაც დროის შემდეგ,  აწყობილი სამონასტრო ცხოვრება თავის აღზრდილებს გადააბარა და ორმოცდაორი წლის ასაკში სტეფანე უცხო ადგილას მცირე სენაკში გადავიდა, სადაც, მის ირგვლივ, ისევ შეიკრიბა ახალი საძმო.

754 წელს მოვიდა ახალი იმპერატორი - კონსტანტინე V კოპრონიმოსი, რომელიც, მხოლოდ ხატების დევნას არ დაჯერდა და წმინდანთა ნაწილების დევნაზეც გადავიდა. წმინდა ეფთვიმეს ნაწილები ტაძრიდან ამოიღეს ლუსკუმასთან ერთად და ზღვაში ჩაძირეს, ხოლო მისი სახელობის ტაძარი სამხედრო ტანსაცმლისა და იარაღის საწყობად გადააქციეს. იმპერატორმა წმინდა სტეფანეს სავანის შესახებაც შეიტყო, სადაც ხატთაყვანისცემა მიმდინარეობდა. განრისხდა და იღუმენი სტეფანე საპყრობილეში მოათავსა. იმპერატორი იღუმენის პატიმრობას არ დაჯერდა და წმინდა სტეფანე მარმარილოს ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლა.

წმინდა სტეფანე კვლავ გამოქვაბულში დასახლდა. მის ირგვლივ ისევ შეიკრიბნენ მოწაფეები. ნეტარმა აქაც გააძლიერა საძმო და შემდეგ - მარტო დატოვა ისინი, თავად კი მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. წმინდა სტეფანეს ლოცვებით არაერთი სასწაული აღესრულა. ხმა მის შესახებ მთელ იმპერიაში გავრცელდა.

იმპერატორმა ამჯერად სტეფანე კუნძულ ფაროსის საპყრობილეში შეასახლა. შემდეგ კი - სამსჯავროზე წარადგინა. სამსჯავროზე წმინდა სტეფანემ ხატთაყვანისცემის დოგმატური არსი განმარტა და ხატმბრძოლებს დაუმტკიცა, რომ წმინდა ხატების შეურაცხყოფა თავად მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გმობა იყო. მან მსაჯულებს უჩვენა მონეტა იმპერატორის გამოსახულებით და ჰკითხა, რას უზამდნენ იმას, ვინც მონეტას ფეხქვეშ გათელავდა. წმინდანს უპასუხეს, რომ ასეთ ადამიანს უეჭველად სიკვდილით დასჯიდნენ მეფის გამოსახულების შეურაცხყოფისთვის. მაშინ, ნეტარმა სტეფანემ თქვა, კიდევ უფრო დიდი სასჯელი მოელის მას, ვინც ზეცათა მეუფისა და მის წმინდანთა ხატებს შეურაცხყოფსო! ამის შემდეგ კი მონეტა მიწაზე დაანარცხა!

წმინდანი საპყრობილეში დააბრუნეს. წმინდა სტეფანემ იქ თვრამეტი თვე დაჰყო და პატიმარ ბერებთან ერთად გამუდმებით ლოცულობდა და გალობდა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტროპარს.

როცა გაიგეს, რომ ნეტარმა მამამ ციხეშიც შექმნა მონასტერი, იმპერატორმა ორი სანდო მსახური - ტყუპი ძმა გაგზავნა მის მოსაკლავად. საკანში შესულმა ძმებმა წმინდა სტეფანეს გაბრწყინებული სახე როგორც კი იხილეს, ფეხებში ჩაუვარდნენ და ცოდვათა მიტევება სთხოვეს. დაბრუნებულმა ტყუპებმა, იმპერატორი მოატყუეს, ბრძანება შევასრულეთო!  იმპერატორმა მალევე შეიტყო სიმართლე და მეომრებს გამოუცხადა, სტეფანეს ჩემი ტახტიდან ჩამოგდება სურსო და წმინდანის მოსაკლავად გაგზავნა ისინი. ნეტარი აღმსარებელი თვითონ გამოეგება მეომრებს. ქალაქის მოედანზე დასასჯელად მიყვანილი წმინდა სტეფანეს ქვები დაუშინეს იმპერატორის მიმდვარმა უგუნურებმა. სტეფანე სიცოცხლეს, ჯალათმა ძელის თავზე ჩაარტყმით გამოასალმა.

ეს მოხდა 768 წელს. მეორე დილით ავქსენტის მთას ცეცხლოვანი ღრუბელი დაადგა. დედაქალაქში უკუნი ჩამოწვა. ქარიშხალი ამოვარდა, მერე კი, ისეთმა სეტყვამ დაუშვა რომ დაიღუპა ყველა იქ მცხოვრები უღმრთო და სტეფანეზე  ხელისამწევი თუ ქვისმსროლელი.

წმინდა სტეფანე მიჩნეულია ქრისტესათვის პირველად წამებულად, ანუ პირველმოწამედ.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge