15 დეკემბერი წინასწარმეტყველ ამბაკუმის დღეა

15 დეკემბერი წინასწარმეტყველ ამბაკუმის დღეა

15.12.2022

ნანა ჯანაშია Nana Janashia

(წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული მასალა)

წინასწარმეტყველები მომავლის წინასწარმჭვრეტი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არიან. ეს ნიჭი განსაკუთრებული სიწმინდითა და ღვთისმოსავობით გამორჩეულ ადამიანებს ეძლევათ. ძველ აღთქმაში არსებობს 4 დიდი და 12 მცირე წინასწარმეტყველი; ესაია, იერემია, იეზეკიელი და დანიელი არიან დიდი წინასწარმეტყველები.  ოსია, იოილი, ამოსი, ავდია, იონა, მიქა, ნაუმი, ამბაკუმი, სოფონი, ავგია, ზაქარია და მალაქია - მცირე წინასწარმეტყველებს წარმოადგენენ.

 წმინდა ამბაკუმი მცირე წინასწარმეტყველთაგანი გახლავთ და ის  სვიმეონის ტომიდან იყო.  მოღვაწეობდა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 650 წელს.

წმინდა ამბაკუმმა იწინასწარმეტყველა იერუსალიმის ტაძრის დანგრევა, ბაბილონის დატყვევება და ტყვექმნილი ებრაელების დაბრუნება სამშობლოში.

ბაბილონი იყო ანტიკური იმპერიის, მესოპოტამიის დედაქალაქი, რომლის ნანგრევები დღესაც დგას ირანში, ქალაქ ალ ჰილაჰში, ბაღდადის სამხრეთით, 85 კილომეტრში. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ბაბილონი, დაარსებული ძვ.წ. მე-3 ათასწლეულის დასაწყისში, თავიდან პატარა ქალაქი ყოფილა და  აყვავებულა პირველი დინასტიის აღზევების დროს. ძვ.წ. 2300 წელს ის ხდება წმინდა ქალაქი, ძვ.წ. 612 წელს კი სატახტო ქალაქი. ბაბილონის დაკიდული ბაღები შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია. ქალაქის სახელი ბაბილონი არის ბერძნული ვარიანტი და  ნიშნავს "ღმერთების კარიბჭეს".

ბაბილონელებთან ომის დროს წინასწარმეტყველი ამბაკუმი არაბეთში გაიხიზნა, სადაც  სასწაული გადახდა: როცა მომკალებისთვის სადილი მიჰქონდა, მას უფლის ანგელოზი შეხვდა და ამბაკუმი უცებ ბაბილონში აღმოჩნდა, სადაც იმ დროს უღმრთოებს დანიელ წინასწარმეტყველი საპყრობილეში ჰყავდათ გამომწყვდეული. ბაბილონელებთან ომის დამთავრების შემდეგ წმიდა ამბაკუმი სამშობლოში დაბრუნდა და ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა.

წმინდა ამბაკუმის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება წმინდა თეოდოსი უმცროსის (408-450) ზეობისას აღესრულა.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge