კრემლის მაქცია თანამზრახველების გარეშე ვერ გაბედავდა სისხლიან ნადირობაზე გამოსვლას

კრემლის მაქცია თანამზრახველების გარეშე ვერ გაბედავდა სისხლიან ნადირობაზე გამოსვლას

18.07.2014

მიხეილ სააკაშვილი: ორი წლის წინ ევროპელები, მრავალწლიანი შემრიგებლური პოლიტიკის შემდეგ, იძულებულები გახდნენ ეომათ კადაფისთან, რომლის სპეცსამსახურებმაც შოტლანდიის თავზე სამგზავრო ბოინგი ჩამოაგდეს. მის ბორტზე 300 მგზავრი იმყოფებოდა. 

გუშინწინ ევროპული საბჭო ისევ ვერ შეთანხმდა სერიოზულ, ანუ დარგობრივ სანქციებზე. გუშინ ადამიანებით სავსე თვითმფრინავი ციდან ჩამოვარდა, მაგრამ ეს ტრაგედია ციდან არ ჩამოვარდნილა, ის დიდხანს მზადდებოდა. ევროპის თვალწინ რუსული ჯავშანტექნიკა და საჰაერო თავდაცვის საშუალებები სუვერენული უკრაინის, ტერიტორიით ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოს, საზღვარს კვეთენ, ევროპას კი უსირცხვილოდ სხვა მხარეს ყურება ურჩევნია.

რამდენიმე თვის წინ, ბრიუსელში გამართულ ფორუმზე ჩემი კრიტიკული გამოსვლისას, ერთი დიდი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი, რომელსაც, სხვათა შორის, ევროპის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისრის თანამდებობას უწინასწარმეტყველებენ, აგრესიულად შემეპასუხა: - "რა გვთავაზობთ, რუსეთი დავბომბოთ?", რაზეც მე მას ვუპასუხე: - "არა, დაიცადეთ, სანამ ის დაგბომბავთ თქვენ". რასაკვირველია, დარბაზში მყოფთაგან ბევრმა ჩემი რეპლიკა არადიპლომატიურ გამოხტომად მიიჩნია. 

და აი, რუსული რაკეტა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემიდან, რომელიც, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ტერორისტებისთვის პუტინის მითითებით იქნა გადაცემული, მართლა მოხვდა თვითმფრინავს, რომლის ბორტზეც ასეულობით ევროპელი იმყოფებოდა. 

პუტინმა მაშინვე ყველაფერში უკრაინა დაადანაშაულა, ის რომ წინააღმდეგობას არ გვიწევდეს, თვითმფრინავების ჩამოგდებაც საჭირო არ იქნებოდაო. ეს ცინიზმია, მაგრამ პუტინმა იცის, ვისთვის ლაპარაკობს. როდესაც ჩვენთან, ქალაქ გორში, რომელსაც რუსეთი კასეტური მომბებით ინტენსიურად ბომბავდა, ჰოლანდიელი ჟურნალისტი დაიღუპა, მისმა ევროპელმა კოლეგამ, დაგმო რა რუსეთი, ასევე განაცხადა, რომ ჟურნალისტის სიკვდილში დამნაშავეა საქართველოც, რომელმაც საკუთარი წინააღმდეგობით რუსეთის მხრიდან დაბომბვა გამოიწვია. რასაკვირველია, მთელ ამ განუკითხაობაში მთავარი დამნაშავე კრემლში ზის, მაგრამ ბერლინში, ბრიუსელში, რომში, პარიზში და ა.შ. თანამზრახველების გარეშე, კრემლის მაქცია ვერ გაბედავდა ყოველდღიურ სისხლიან ნადირობაზე გამოსვლას.

და კიდევ, ფრანგების მიერ მისტრალის მშენებლობა რატომღაც ნელი ტემპებით მიდის, უნდა დავაჩქაროთ! წარმოგიდგენიათ, რამდენად მეტი ადამიანის მოკვლა იქნებოდა შესაძლებელი ერთდროულად ასეთი ტექნოლოგიური საოცრებით?



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge