75 წლის ჯუმბერ ლეჟავა გარდაიცვალა და ისტორიაში მოგზაურ დიპლომატად დარჩა

75 წლის ჯუმბერ ლეჟავა გარდაიცვალა და ისტორიაში მოგზაურ დიპლომატად დარჩა

27.07.2014

ქართველი სპორტსმენი, მოგზაური და რეკორდსმენი  ჯუმბერ  ლეჟავა,  75 წლის ასაკში,  „ჯოენის“ კლინიკაში,  გულთან დაკავშირებული პრობლემებით,  25 ივლისს გარდაიცვალა.

ჯუმბერ ლეჟავა 1939 წლის 23 ივლისს დაიბადა თბილისში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი,  ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით. 1987 წელს გადატანილი მუცლის ღრუს მძიმე ოპერაციის შემდეგ შეიმუშავა ვარჯიშების საკუთარი სისტემა. 1990-1992 წლებში დაამყარა მსოფლიო და გინესის რეკორდები ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში (რამდენიმე გაუმჯობესებით, უკანასკნელად 2001 წ.).

1993 წლის 13 აგვისტოდან 2003 წლის 3 ნოემბრამდე  ველოსიპედით იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო: 3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალია- ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია, 2-ჯერ ეწვია ანტარქტიდას; გადაიღო 50.000-ზე მეტი ფოტო-კადრი და 200 სთ-ზე მეტი ვიდეო ფირი; შექმნა მოგზაურობის 7.000 გვერდიანი დღიური.

დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით, მ.შ. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, საქართველოს სახელმწიფო პრემიით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მინიჭებული აქვს „მოგზაური დიპლომატის“ სტატუსი (1993), ხოლო იუნესკოსგან— „მსოფლიო სპორტსმენის“ დიპლომი (1999).

Palimfsesti.ge მწუხარებას გამოთქვამს ბატონი ჯუმბერის გარდაცვალების გამო. ის იყო არაჩვეულებრივი ადამიანი და საუკეთესო რესპოდენტი! 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge