ერთი მოთხრობის კონკურსი

ერთი მოთხრობის კონკურსი

17.08.2014

თამარ შაიშმელაშვილი: ცხადდება რევაზ ინანიშვილის სახელობის ერთი მოთხრობის კონკურსი - მე-5 დაჯილდოება

გამოიცემა გამარჯვებულ ავტორთა ნაწარმოებების კრებული

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული მწერლები 20 დეკემბერს გამოვლინდებიან. ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულთან“ არსებული ერთი მოთხრობის კონკურსში გამარჯვებულებს
წელს პრემიები მეხუთედ გადაცემათ. გამოიცემა ხუთი წლის განმავლობაში გამარჯვებულ ავტორთა ნაწარმოებების კრებული.

საკონკურსო პირობები

ლიტერატურული ჟურნალი „ანეული“ აცხადებს „ერთი მოთხრობის კონკურსს“ რევაზ ინანიშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად. 
კონკურსის მიზანია: ქართულ ლიტერატურულ სივრცეში საუკეთესო ნაწარმოებებისა და ავტორების გამოვლენა, ახალგაზრდა ავტორთა შემოქმედების წარმოჩენა - პოპულარიზაცია და ლიტერატურულ პროცესებში წვლილის შეტანა.
კონკურსზე ნაწარმოების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერი ასაკის პირს. კონკურსზე არ დაიშვება გარდაცვლილ ავტორთა ნაწარმოებები. 
კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილი იქნეს ნაწარმოები - მოცულობით არაუმეტეს 5 (ხუთი) პირობითი ნაბეჭდი გვერდისა. ნაწარმოები უნდა პასუხობდეს რევაზ ინანიშვილის შემოქმედების ესთეტიკას.

საპრემიო ფონდი შეადგენს 1000 ლარს.

პირველი პრემია — 500 ლარი;
მეორე პრემია — 300 ლარი;
მესამე პრემია — 200 ლარი;

კონკურსის მონაწილეები 1 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე საკონკურსოდ გამოყოფილ ელექტრონულ ფოსტაზე აგზავნიან გამოუქვეყნებელ (შესაძლოა იყოს გამოქვეყნებულიც, ოღონდ არა უახლოესი ორი წლის განმავლობაში) საკონკურსო ნაწარმოებს, მონაწილის გვარ-სახელს და საკონტაქტო ინფორმაციას. ფსევდონიმით გამოგზავნილი ნაწარმოები არ განიხილება. ნაწარმოები არ უნდა იყოს პრემირებული.
ნაწარმოები მიიღება ელექტრონული სახით.
თითოეული მონაწილისგან მიიღება ერთი ნაწარმოები, რომლის თემატიკაც არ არის შეზღუდული. ნაწარმოების მიღების დადასტურება ავტორს გაეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.

განსახილველად დაიშვება მხატვრული ჟანრის (ნოველა, მოთხრობა) ნაწარმოები, რომელიც აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს. 
საკონკურსო ნაწარმოები (ერთი მოთხრობა) 2014 წლის 15 ნოემბრამდე უნდა გაიგზავნოს ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ რედაქციის ელექტრონულ ფოსტაზე: aneuli@mail.ru (ტელ: 551 005058). 
საკონკურსოდ უნდა გადაიგზავნოს ორი ფაილი. ერთი ფაილით - ნაწარმოების დევიზი და ნაწარმოები, მეორე ფაილით კი - დევიზი, ავტორის მოკლე ბიოგრაფია, ფოტოსურათი, მისამართი და ტელეფონი.
კონკურსზე დაშვებულ ყველა ნაწარმოებს საკონკურსო კომისია აფასებს. შეფასებები არ ქვეყნდება და კონკურსის მონაწილეებს არ ეგზავნება.

რევაზ ინანიშვილის სახელობის ერთი მოთხრობის კონკურსში გამარჯვებულებს პრემია გადაეცემათ ყოველწლიურად, 20 დეკემბერს, რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეს.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge