ამერიკა ბოროტებაზე გამარჯვების იმედით

ამერიკა ბოროტებაზე გამარჯვების იმედით

19.01.2015

მასალა მომზადებულია ნანა ჯანაშიას მიერ

"ოქროს გლობუსზე" ნომინირებული ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები" ქართულ-ესტონური პროექტია, რომელიც ევრიმაჟის (ევროპული კინოს მხარდაჭერის ფონდი) დახმარებით შეიქმნა.

დაფინანსების დიდი ნაწილი ესტონურმა მხარემ გაიღო და ოქროს გლობუსსა და ოსკარებზე მისი ნომინირების უფლებაც თავად დაიტოვა.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის განკუთვნილი „ოქროს გლობუსი“ რუსულმა "ლევიათანმა" მიიღო. 72-ე დაჯილდოვების ცერემონიალი 11 იანვარს კალიფორნიაში გაიმართა. ფილმის ერთ-ერთი კონკურენტი იყო რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები“.

ლევიათანი არის ბიბლიაში აღწერილი (ის. 27:1; იობ. 40:25-32) ლეგენდური ზღვის ურჩხული ან გველეშაპი, რომელიც ღმერთის მიერ დამარცხებულ ბოროტებას განასახიერებს.

ნაშრომი  „ლევიათანი, ან საეკლესიო და სამოქალაქო სახელმწიფოს მატერია, ფორმა და ძალაუფლება“ (Leviathan or the matter, forme, & power of a commonwealth ecclesiastical and civill) პირველად 1651 წელს გამოიცა. ეს გახლავთ თომას ჰობსის (1588-1679) პოლიტიკურ-ფილოსოფიური ნაშრომი, რომელშიც გადმოცემულია  ადამიანი-სამყარო-სახელმწიფოს მისეული ხედვა. თომას ჰობსმა ბიბლიური წარმომავლობის სიტყვა ლევიათანით სახელმწიფო გამოხატა. ნაშრომის (პირველი ინგლისური გამოცემის)  სატიტულო გვერდზე მოთავსებულია გრავიურა, რომელზეც  ურჩხულის ნაცვლად გამოსახულია ურიცხვი პატარა ადამიანებისგან შედგენილი გიგანტური ადამიანი ხმლითა და კვერთხით, ასევე საერო და სასულიერო ხელისუფლების ნიშნებით. ნაშრომის შესავალში ნათქვამია, რომ სახელმწიფოდ წოდებული ლევიათანი არის ბუნებრივ ადამიანზე უფრო მაღალი და ძლიერი და მის დასაცავად შექმნილი  ხელოვნური  ადმიანი, ხელოვნური სულით, რომლის ხელოვნური სახსრები თანამდებობის პირები არიან. ლევიათანისთვის  ნერვები ხან ჯილდოა, ხანაც სასჯელი, მას აძლიერებს კერძო პირთა სიმდიდრე, მისი მთავარი საქმიანობა ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. მის მეხსიერებას მისივე მრჩევლები წარმოადგენენ. ლევიათანისთვის სამართლიანობა და კანონები  ხელოვნური აზროვნებაა. სამოქალაქო ომი მისთვის სიკვდილია.

თომას ჰობსი ნაშრომით „ლევიათანი“ სახელმწიფოს ბუნებისა და მნიშვნელობის წარმოჩენას შეეცადა.

თუ რას შეეცადა  „ოქროს გლობუსი“(ოქროს გლობუსი ( ინგლ.Golden Globe) — ამერიკული კინოპრემია, რომელსაც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია აწესებს 1944 წლიდან კინო და ტელეფილმებისთვის),   როცა რუსების მიერ გადაღებულ და  "ლევიათანად" წოდებულ ფილმს  გამარჯვება მიულოცა, ნამდვილად არ ვიცი...  დავიჯერო, იმდენად გულუბრყვილო გახდა ამერიკა, რომ ჰგონია, ამ ჟესტით რუსულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში  ბოროტებას ჩააცხრობს?!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge