ღვთაების ტაძრისაკენ მიმავალი გზა სასწრაფოდაა გასამაგრებელი

ღვთაების ტაძრისაკენ მიმავალი გზა სასწრაფოდაა გასამაგრებელი

09.03.2015

 ნანა ჯანაშია

სოფელ მარტყოფის ჩრდილო-დასავლეთით 5 კილომეტრზე და ზღვის დონიდან დაახლოებით 1350  მეტრის სიმაღლეზე მდებარე VI საუკუნის ღვთაების მონასტერი თბილისიდან 22 კილომეტრზე მდებარეობს. ღვთაების მონასტერი დაარსებულია ქართველი მისიონერის ანტონ მარტომყოფელის (მარტყოფელის) მიერ.  VI საუკუნის შემდეგ  მონასტერმა ბევრი ცვლილება განიცადა, იგი რამდენჯერმე იქნა გადაკეთებული.

თავისი საუცხოო სილამაზის, სიწმინდის, სიძველისა და თბილისთან სიახლოვის გამო  მას ზაფხულობით ზღვა ხალხი სტუმრობს. მარშუტი: თბილისი-ნორიო-ღვთაება-მარტყოფი-თბილისი თითქმის ყველა სკოლის საექსკურსიო გეგმაში ფიგურირებს. გარდა იმისა, რომ  უძველესი არქიტექტურული კომპლექსის ნახვის საშუალება გვეძლევა, იქ დამხვედრი კაბოსანი მორჩილები, თავიანთი კეთილგანწყობით გიქმნიან იმის სურვილს, რომ კვლავ  ვესტუმროთ აქაურობას.

მამათა მონასტერს არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია) უძღვება. ის სოხუმელია. მისი ცხოვრება სამაგალითოა ბევრისთვის. მინასტერში  ლოცვას საღამოს 5 საათიდან იწყებენ. დილის სამ საათზე შუაღამიანია, შვიდზე - ცისკარი. 11 საათამდე თავისუფალი დროა. შემდეგ ტრაპეზობენ. ამას მორჩილებები მოსდევს. წმინდა მამის საფლავზე ყოველდღე, 3 საათზე, პარაკლისს აღავლენენ, კვირაში ერთი დღე კი მამა ანტონის სვეტზე ლოცვას ასრულებენ. სულიერ ღვაწლს ფიზიკურ შრომას უთავსებენ.მაგრამ, მათ არ შეუძლიათ გაამაგრონ  ნორიოდან მონასტრისაკენ მიმავალი გზის ის  მონაკვეთი, რომელიც ჩამოინგრა და  ამჟამად ავარიულია.  გამაგრებითი სამუშაოები დაწყებული არ არის და არც იმის ნიშან-წყალი ეტყობა, რომ ამ საქმის მოგვარებით შესაბამისი უწყება დაინტერესებულია.  არქიმანდრიტმა ბენიამინმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ გამაგრებითი სამუშაოები სასწრაფოდ არ ჩატარდება, შესაძლოა უბედური შემთხვევა მოხდეს.  

როგორც მოგეხსენებათ, ექსკურსიების სეზონი მაისი-ივნისის თვიდან იწყება.  ჩვენმა ფოტოკორესპონდენტმა ამ გზის ავარიული ნაწილი გადაიღო. იმედია, ამ სერიოზული პრობლემის მოგვარებას დროულად დაიწყებთ და მაისის ბოლომდე დაასრულებთ.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge