საბინა ჭანტურია ევროპის სახლში

საბინა ჭანტურია ევროპის სახლში

10.03.2015

2010  წლის 7 აპრილს, თბილისში, ევროპის სახლი გაიხსნა.  ის,  ჩეხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტს, ვაცლავ ჰაველს უნდა გაეხსნა, მაგრამ ავადმყოფობის გამო ვერ ჩამოვიდა და  ევროპის სახლი საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაცლავ ჰაველის თანამემამულესთან, ევროკომისარ შტეფან ფულესთან  ერთად გახსნა. შტეფან ფულემ მაშინ  განაცხადა, რომ ევროპული სახლი ქართველებს ევროპასთან ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემდა და საქართველოს ევროპასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევაში დაეხმარებოდა. რომ ეს სახლი იქნებოდა ხიდი საქართველოსა და დანარჩენ ევროპას შორის. ევროპის სახლმა ამ 5 წლის განმავლობაში თავი დაგვამახსოვრა როგორც აპოლიტიკურმა ორგანიზაციამ, რომელიც საქართველოში ევროპული და ევროპაში ქართული კულტურის ინტეგრაციას უწყობს ხელს. ამ ინტეგრაციის  ნიმუში იყო 6 მარტს, საღამოს 7 საათზე გამართული შვედ-ქართველი მომღერლის საბინა ჭანტურიას კონცერტიც, რომელიც   კინოპროდიუსერმა და ევროპის სახლის კულტურის მენეჯერმა თამარ გურჩიანმა გახსნა. ქალბატონმა თამარმა დამსწრე საზოგადოებას საბინა ჭანტურია წარუდგინა, როგორც შვედეთში მოღვაწე  საკმაოდ პოპულარული ქართული წარმოშობის მომღერალი და კომპოზიტორი, რომელსაც ევროპული გაზეთები  ”შვედური პოპ-მუსიკის ამომავალ ვარსკვლავად“ მოიხსენიებენ. საბინა ჭანტურიამ  გიტარის თანხლებით  და არაჩვეულებრივი ვოკალით,  საკუთარი 7 კომპოზიცია  შეასრულა ინგლისურ, შვედურ და ქართულ ენებზე.  ბოლოს კი მსმენელი   მეგრული „დიდოუ ნანათი“ მოხიბლა.  კონცერტის დასრულების შემდეგ  გაიმართა ფურშეტი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge