ქართულ-თურქულ-ამერიკული სამეგობრო ანტალიაში, მზის დაბნელების მოლოდინში

ქართულ-თურქულ-ამერიკული სამეგობრო ანტალიაში, მზის დაბნელების მოლოდინში

20.03.2015

ნანა ჯანაშია

დღეს, 20 მარტს, 2006 წლის 29 მარტის შემდეგ (ანტალია, თურქეთი) პირველად,  მოხდება მზის სრული დაბნელება და ეს  ყველაზე კარგად არტქიკასა და ჩრდილოეთ ევროპაში, კონკრეტულად კი ფარერის კუნძულებზე იქნება შესამჩნევი. (ფარერის კუნძულები ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, შოტლანდიასა და ისლანდიას შორის. კუნძულები დანიის სამეფოს ავტონომიურ რეგიონს წარმოადგენენ. 1948 წლიდან მიიღეს ფართო ავტონომია, რომლის ძალითაც აწარმოებენ დამოუკიდებელ მოღვაწეობას ყველა სფეროში, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის გარდა).

მზის დაბნელება უშორესი წარსულიდან საოცარ შთაბეჭდილებას ახდენდა ადამიანებზე. ირღვევა ბუნების  რიტმი, დღისით დადგება ღამე,  ცაზე კი პლანეტები და კაშკაშა ვარსკვლავები აკიაფდებიან. ამ ფაქტზე შეშფოთებით რეაგირებენ ფრინველები, ცხოველები და ადამიანებიც. მაგალითად, თურქეთის სოფლებში, დღემდე შემორჩენილი ტრადიციის თანახმად (თავად გავხდი ამის მოწმე) , მზის დაბნელების პირველსავე წამებში თოფს გაისვრიან და სახლებში იკეტებიან. ბაბილონელებმა 3000 წლის წინათ აღმოაჩინეს დაბნელებათა განმეორებადობის 18 წლიანი პერიოდი. და მზის დაბნელებების წინასწარმეტყველებაც ამ დროიდან იწყება. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ მზის დაბნელება ძველის დასრულების და ახალი  და ხანგრძლივი პროცესების დაწყების ნიშანია.  ასევე ფიქრობენ, რომ მზის დაბნელების წინა,  ან შემდეგ დღეებში იცვლება ადამიანის ბედიც და ის, ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ღებულობს. ამბობენ, რომ  ამ დღეებში ადამიანების ცხოვრებაში ფატალური ცვლილებების პერიოდი დგება. 

ფოტოზე: ქართულ-თურქულ-ამერიკული სამეგობრო თურქეთში, ანტალიასთან ახლოს მდებარე სოფელში, 2006 წლის 29 მარტს, მზის სრული დაბნელების მოლოდინში.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge