პასქების ატანა და ფერადი კვერცხების ჭახუნი საფლავზე დიდი ღვაწლი გგონია?!

პასქების ატანა და ფერადი კვერცხების ჭახუნი საფლავზე დიდი ღვაწლი გგონია?!

14.04.2015

 მამა პეტრე (კვარაცხელია) სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი

ქრისტე აღსდგა!

ისე წვიმს,ადამიანს გარეთ გასვლა დაეზარება, მაგრამ დღეს მიცვალებულთა ხსენებაა და საფლავზე ხომ უნდა გავიდეთ. ტალახში, თქეშში მიცვალებულს გულზე წითელი კვერცხი უნდა გადავუგოროთ, მერე ზღაპრული სუფრა გავშალოთ, მეზობელი საფლავი თუ გვაჯობებს, თავს ვერ ვპატიობთ. მკვდრებს მიწა მივაყარეთ და ვერაფერს გრძნობენ, მაგრამ მიწა მიუყრელი მკვდრები უარეს დღეში ვართ.

ეკლესიამ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი საყოველთაო პანაშვიდის დღედ გამოაცხადა. შენ აღდგომის დღესაც გახვედი და არც ორშაბათი დაგიკლია. მიცვალებულებზე ზრუნვა ერთერთი უდიდესი სათნოებაა, ოღონდ საინტერესოა, შენ როგორ გესმის ,,ზრუნვა".

გუშინაც საშინლად წვიმდა და დღესაც არ გადაუღია. გამიკვირდა, ყელმოღერებული რომ შეგამჩნიე, საუცხოო მაკიაჟით და ტალახში ამოსვრილი ქურქის ბოლოებით. აბა იმას ხომ არ ვათქმევინებდი, საფლავი უპატრონოდ დაუტოვებიათო. როდემდე უნდა გაინტერესებდეს, საზოგადოების აზრი, რომლის მონობაში წლებია სული გძვრება.

წელიწადზე მეტია გეხვეწები, ტაძრამდე მოაღწიო და ეკლესიური ცხოვრება დაიწყო. შენი მიცვალებულებისთვის ერთხელ არ გილოცია და მოწყალება არ გაგიცია, არც შეკვეთილი წირვა გითხოვია და მარხვა არ დაგიცავს, სხვის დასანახად კი საფლავზე ათასი სახეობის პასქების ატანა და ფერადი კვერცხების ჭახუნი დიდი ღვაწლი გგონია?!.

მშიერი რომ დაგეპურებინა, შენს მიცვალებულს უფრო შეეწეოდი. როგორ არ მოგბეზრდა ტყუილებში ცხოვრება!..

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge