თამარობას გილოცავთ!

თამარობას გილოცავთ!

14.05.2015

1166 წელს მეფე გიორგი III და მის მეუღლე ბურდუხანს ქალიშვილი - თამარი შეეძინათ. გიორგი მეფემ თავისსავე სიცოცხლეში იგი მეფედ გამოაცხადა. დიდებულებმა ფიცი დასდეს და მუხლი მოიყარეს 12 წლის მონარქის წინაშე, რომლისთვისაც განგებას ებოძებინა მძიმე ჯვარი ერის წინამძღოლობისა.

მამა-შვილი ხუთი წლის მანძილზე განაგებდა სამეფოს. 1184 წელს მეფე გიოორგი გარდაიცვალა და საქართველოს ერთადერთ მბრძანებლად და პატრონად 18 წლის თამარი იქცა. ქვეყანამაც ერთგულად და სიყვარულით მიიღო „მზე მზეთა და ნათელი ნათელთა“. სახელმწიფოს კარის გარიგების დაცვით ღირსმა და მადლმოსილმა მეუფემ, ქუთათელმა მთავარეპისკოპოსმა ანტონ საღირის ძემ და რაჭისა და თაკვერის ერისთავმა კახაბერ კახაბერის ძემ სამეფო გვირგვინი დაადგეს, ვარდანისძეებმა, საღირისძეებმა და ამანელისძეებმა კი ხმალი შემოარტყეს წელზე. განიხარა სრულიად საქართველომ. „ჰკრეს ბუკთა, ქოსთა და წინწილათა და იყო ზარი და ზაჰმი ქალაქსა შინა, სიხარული, შუება და იმედი უიმედოქმნილთა“. დაიწყო დიდებით და გამარჯვებებით, აღმშენებლობით და მოღვაწეობით, უძილო ღამეებით და ცრემლიანი ლოცვებით აღსავსე გზა მონარქთა შორის გამორჩეულის, „მზეთა მზის და დედოფალთა დედოფლის, შარავანდედთა შორის უმეტეს აღმობრწყინებული“ თამარის მეფობისა.

ხელისუფლების სათავეში მოსვლა თამარმა საღმრთო საქმით აღნიშნა: მოიწვია საეკლესიო კრება, რომელზეც შეკრებილ მღვდელმთავართა და მამათა სიმრავლეს მან ბრწყინვალე სიტყვით მდაბლად მიმართა. მეფის თანადგომით გამხნევებულმა კრებამ უღირსი ეპისკოპოსები გადააყენა, მათ ნაცვლად „საღმრთონი კაცნი დაადგინა“ და „სხუანი საეკლესიონი წესნი განმართნეს უდებთა მიერ დახსნილნი“.

ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თამარი წმიდანად შერაცხა. მისი ხსენების დღედ დაწესდა 14 მაისი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge