ქრისტე ორჯერ ვიხილე, ერთხელ კი მაზიარა

ქრისტე ორჯერ ვიხილე, ერთხელ კი მაზიარა

20.05.2015

                                                        ქრისტე ორჯერ ვიხილე, ერთხელ კი მაზიარა

„2005 წლის გაზაფხულზე  ჩემი სახლის უკანა ეზოში ვიყავი და მთის მხარეს ცას ავხედე. ვნახე -ქრისტე ხელგაშლილი სოფლისკენ ეშვებოდა. ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც ქრისტეს ჩამობრძანება ვიხილე, ბიძაშვილის ბიჭმა დიდი ჯვარი აღმართა. ეს ამბავი არავისთვის მითქვამს, ამ ბიჭმა კი მთისა და ცის გასაყარზე  ჯვარი აღმართა. რამდენჯერაც ამ ჯვარს ავხედავ, ის ხილვა მახსენდება და სიხარულით ვივსები“ ეს გახლავთ ნაწყვეტი მარტვილელი აგრონომის მარიამ კვაშილავა-ჯანაშიას ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ სარკის 2007 წლის 36-ე ნომერში დაიბეჭდა. ჟურნალისტი მისით იმიტომ დაინტერესდა, რომ მარიამის  აცხადებული ხილვების შესახებ გაგონილი ჰქონდა.

ამჯერად მისით palimfseti.ge-ს  კორესპონდენტი მარი მარგველაშვილი დაინტერესდა.

საუბრის თემად კი ის მთა აირჩია, საიდანაც მარიამმა ქრისტეს ჩამობრძანება იხილა. როგორც ზემოთ მოცემული აბზაციდან  ჩანს, 2007 წელს იქ ჯვარი აღმართეს. მას შემდეგ 8 წელი გავიდა. რა მოხდა ახალი შქანთის  მთაზე, საიდანაც ხელგაშლილი ქრისტე სოფლისკენ ეშვებოდა.

-ქალბატონო მარიამ, რა დატვირთვა აქვს თქვენთვის შქანთის მთას?

-შქანთის მთა, ჩემი სამუშაო ზონა იყო. კოლმეურნეობის მთავარი აგრონომი ვიყავი და ხშირად მიხდებოდა შქანთის ბრიგადის ნათესი და ნარგავი ფართობების შემოწმება, რადგან იქ გვქონდა  ტუნგო, ხეხილი, 1 ჰექტარზე ტყემლის ნარგავები იყო, დაფნას 2 ჰექტარი ეკავა, 12 ჰექტარზე ჩაი გვქონდა გაშენებული, გვყავდა 150 ოჯახი ფუტკარი,   10 ჰექტარამდე  სიმინდის სათესი ფართობი. იქაურობა ნომერ პირველ ბრიგადად იწოდებოდა, რომელსაც ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება ხუტა ქორაია ხელმძღვანელობდა. კოლმეურნეობაში ეს ბრიგადა მოწინავედ ითვლებოდა. სულ, ჩვენს კოლმეურნეობას 10 ასეთი საწარმოო ბრიგადა ჰქონდა. მშრომელი და პატიოსანი ხალხი ცხოვრობდა სოფელში.  თუ მანქანა არ იყო ფეხით ავდიოდი შქანთის მთაზე  ფართობების შესამოწმებლად. ზაფხულის ცხელ დღეებში გზის შესამოკლებლად ბილიკებითაც ავსულვარ  და არაერთხელ  გამივლია იმ ადგილას, რომელზეც ხილვა მქონდა. იქვე წყაროცაა, ანკარა და დაღლილობას რომ დაგავიწყებს ისეთი. ახალგაზრდა ქალი ვიყავი, მაგრამ  არასოდეს იოტისოდენა შიშიც კი არ შემპარვია ამ მთაზე მარტო ასვლისას. ის  ადგილი, სადაც ქრისტეზე ხილვა მქონდა, დაუსახლებელია და  ნახევარი კილომეტრის მანძილზე  უმოსახლოა, მაგრამ, ერთი ხმამაღალი დაძახება გეყოფა, რომ  რომელიმე ოჯახი გამოგხმაუროს. როცა ხალხის შეკრება სჭირდებოდა ბრიგადირს და სამუშაოზე მათი გამოყვანის ორგანიზება უნდა გაეკეთებია,  ხმამაღლა დაიძახებდა: ეიიი, სადა ხართ, ჩამოდით სამუშაოზეო! და  წუთებში მთელი სოფელი ფეხზე იყო.  საერთოდ,  შქანთის ხალხი ცნობილი იყო როგორც თბილი, მოსიყვარულე, მშრომელი, უბოროტო, მართალი  და სტუმართმოყვარე. იქ ასვლა ყველას გვიხაროდა. შქანთის ბრიგადის ყოველწლიურ საანგარიშო კრებას კოლმეურნეობის ხელმძღვანელობა ყოველთვის ესწრებოდა. მათ ამ ხალხთან შეხვედრა უხაროდათ.  ალბათ ამან განაპირობა ის, რომ ქრისტე სწორედ იქ ვიხილე, იმ მთაზე და არა სხვაგან. იქაურებიდან ერთი ახალგაზრდა ქალი დამამახსოვრდა, რომელიც დღეში 100 კილო ჩაის კრეფდა, თან სამიოდე წლის ბიჭუნა ახლდა,  მეორეს კი, თურმე  სახლში ტოვებდა - აკვანში არტახებით ჩაკრულ მძინარე  ბავშვს, გულზე დაკრული  რძიანი  ბოთლით.  ბავშვი გაიღვიძებდა თუ არა, დედას რომ ვერ ნახავდა ტირილს კი არ იწყებდა, გულზედაკრულ ბოთლს ტუჩებით მისწვდებოდა, გამოცლიდა და მშვიდად ელოდა მშობელს. ეს რომ საკუთარი თვალით არ მენახა, სხვის ნათქვამს არ დავიჯერებდი! როცა იმ ქალს პლანტაციაში ვხედავდი, ყოველთვის  ვეუბნებოდი, რომ სახლში წასულიყო და ბავშვისთვის მიეხედა.  ის კი, აქეთ მამშვიდებდა და მეუბნებოდა, რომ მის შვილს ღმერთი დაიცავდა. ეს იყო პირველი სასწაული, რომელიც იმ მთაზე ვიხილე.  ამ  მშრომელმა ქალმა 2 საუკეთესო ვაჟკაცი გაზარდა.  წლების შემდეგ კი თავადაც რაიონის დეპუტატი  გახდა. შქანთელებისგან  ბევრი რამ ვისწავლე,   ერთი შვილი მყავს და ასეთი გმირი ქალების შემხედვარემ, მეც ავიყვანე ჩემი 3 წლის გოგონა შქანთის მთაზე. ჩაის კრეფის სასწავლად  ბუჩქთან დავაყენე,  როცა  მოქაჩა და ლამის წაიქცა,  მითხრა:  გვეყოფა დედიკო ჩაის კრეფა,  ბაზარში ვიყიდოთო!  ამაზე მეჩაიეებმა გულიანად გაიცინეს.   მთამ ბევრი რამ მასწავლა. მათ შორის  - გამბედავი დედობაც! როცა ამბობენ -  მთა დაიცალაო,  მიკვირს, რატო შქანთის მთა არ დაიცალა? ყველა ის ოჯახი, რომელიც ჩემი ახალგაზრდობისას იქ ცხოვრობდა, დღესაც მანდ ცხოვრობს. ძველები წავიდნენ იმქვეყნად, მაგრამ  დატოვეს შვილები და შვილიშვილები.

- რა მოხდა მას შემდეგ, რაც „სარკეში“ თქვენი ხილვის შესახებ დაიწერა?

შქანთის მთის იმ  ადგილას, სადაც ჩემი ერთ-ერთი ხილვისას ქრისტე იდგა, დღეს ულამაზესი ეკლესია  დგას.  დაახლოებით 2 თვეა რაც შქანთური წარმოშობის  ცნობილი ოჯახის შთამომავალმა  ააშენა ეს ტაძარი.  სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია. თუ ადრე, მხოლოდ ბილიკით მიისვლებოდა იმ ადგილამდე, უკვე სამანქანო გზაც აქვს. ეს ტაძარი 2015 წლის 4  აპრილს  აკურთხეს. იმავე 4 აპრილის გამთენიისას, ზუსტად დილის 4 საათზე ხილვა მქონდა: ახალი  ტაძრის უკანა ეზოში   ჯგუფ-ჯგუფად დაყოფილი ადამიანები შეკრებილიყვნენ. მეც ერთ-ერთ ჯგუფთან ვიდექი. არ ვიცი, საღამო ჟამი იყო თუ ბურუსი იდგა  -  ბუნდოვნად ჩანდნენ ადამიანები. უცებ, იმ ჯგუფისკენ დავიწყე ყურება, საიდანაც ხმა მომესმა. კარგად რომ დავაკვირდი, ულამაზესი ჭაბუკი, რომელიც  ქადაგებდა და ამ ბურუსით დაფარული ხალხის ფონზე მკაფიოდ ჩანდა - ქრისტე იყო!  ძალიან ახალგაზრდა  და ლამაზ ქრისტეს ულვაშზე,  რომელიც ოდნავ ეტყობოდა, მოწითალო ფერი გადაჰკრავდა.  მოთეთრო ფერის შარვალი და მოყავისფრო ზედა ეცვა. ხალხი გასუსული უსმენდა მას. ქადაგების შემდეგ,  ერთ-ერთი ჯგუფიდან  კაცი გამოიყვანა, მკლავებში ჩასჭიდა ხელები,  ნახევრად ჩაიმუხლა და ამ კაცს დაბლიდან დაუწყო სახეში ყურება. კაცს თავი ჰქონდა ჩაღუნული  და  ასე,  თვალებით ესაუბრებოდა მას ქრისტე. მაინტერესებდა, რატომ მაინცადამაინც  ეს კაცი გამოიყვანა   ამ ბურუსით მოცული დაჯგუფებებიდან ქრისტემ?!  (ეს კაცი ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობდა. კარგი ოჯახის შვილია.) ამის შემდეგ,  ქრისტე სხვა ჯგუფებთან მივიდა და ქადაგება განაგრძო.  ბოლოს კი, ისევ ეს კაცი გამოიყვანა დაჯგუფებიდან,  კვლავ  მკლავებზე მოეჭიდა და სანახევროდ მიწაზე გაენთხა.  ცალი ფეხსაცმლის წვერი კი ტალახით დაისვარა.

4 აპრილს,  მიუხედავად  ძლიერი ქარისა  და წვიმისა, დილაადრიან გავედი სახლიდან და ახალი ტაძრის გზას დავადექი. მდინარეზე გადასასვლელ ხიდთან მოსაცდელში ის კაცი იჯდა, რომელიც ქრისტეს ხილვისას ფიგურირებდა. მისალმების შემდეგ, ამ კაცმა მითხრა, დღეს ტაძრის კურთხევა არ ჩატარდება და მთაში ნუ ახვალო.  მოვიხმე და  მოვიდა, ჩემს ქოლგას შეაფარა თავი და იქ მოვუყევი ის, რაც ვიხილე.  კაცს ფერი ეცვალა და მითხრა, ეს  ჩემთვის ცუდს ხომ არაფერს  ნიშნავსო?! წავალ სახლში, სანთელს ავიღებ და მეც  მალე ამოვალო. გავამხნევე, მარტო შენ არ გეხება, ხალხთანაა ეს  ხილვა კავშირშიმეთქი.  ტაძარში  ასულმა ეზოს ის ადგილები მოვილოცე, სადაც ქრისტე ქადაგებდა.  8-დან  12 სთ-მდე  ვილოცე და ვიგალობე ტაძარში. მხოლოდ ამის შემდეგ დავბრუნდი სახლში.  ქარი და წვიმა დილანდელზე  უფრო ძლიერი იყო. მეორე დღეს გავიგე, რომ ეკლესიის კურთხევა შემგდარიყო, ხალხი ავტობუსებით და სამარშუტო ტაქსებით აეყვანათ...

ტაძრის კურთხევიდან მესამე დღეს დავადექი გზას ტაძრისაკენ. მეზობლის ქალიც დამემგზავრა,  არც მე ვყოფილვარ კურთხევის დღესო და  ერთად შევედით ტაძარში, რომელიც წმინდა ლაზარეს სახელზე აკურთხეს. გულის რომელიღაცა კუნჭულში რატომღაც, სულ მქონდა იმედი, რომ ეს ტაძარი იესო ქრისტეს სახელობის იქნებოდა...

 მადლობელი ვარ უფლის, რადგან მან თავი, შქანთის მთაზე 2-ჯერ მანახა. ერთხელ კი - თავად უფალმა მაზიარა. თვეების წინ, წირვის დროს ნათლად ვიხილე ნაფოსტრის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში უფლის  მხარდაჭერა. ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო თამაკონის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში არ მაზიარეს. 10 კილომეტრგამოვლილმა  და უკვე ნაფოსტრის ეკლესიაში წირვაზე მყოფმა,  შევნიშნე, რომ  საკურთხეველში ქრისტეს ხატი ქალად არაერთხელ გარდაისახა. ამის შემდეგ, მოხდა  ის, რომ  მღვდელმა მაზიარა და ქრისტეს ხატმა  ქალად გარდასახვა უმალვე შეწყვიტა.

ერთი მეზობლის ქალი მეკითხება ხოლმე, როგორ შეგიძლია ასე მარტომ იცხოვროო?  მე კი ვპასუხობ: თუ ადამიანი უფლის სიახლოვეს გრძნობს, როგორ შეიძლება იყოს მარტომეთქი?! ერთხელ, ავად გავხდი და დიდხანს ვერ დავდექი სრულყოფილად  ფეხზე. ოჯახის მოვლას ვერ ვახერხებდი. ერთ ღამესაც ღვთისმშობელი დამესიზმრა, ჩემი საძინებლის კართან იდგა და მეკითხებოდა: იოანე სამი თვეა თქვენთან გამოვაგზავნე და სად არის  ამდენ ხანსო?! ძალიან მომერიდა მისი და ვუპასუხე: იოანე ხან წვება და ხან დგებამეთქი. მეორე დილით, სრულიად ჯანმრთელმა გავიღვიძე. თუ გასული თვეები ხოხვით დავდიოდი, გამართულმა დავიწყე სიარული და საქმის კეთება. იმ დღიდან მოყოლებული, ჩემი დილის ლოცვები ღვთისმშობლისა და იონე ნათლისმცემლის ხსენებით იწყება.

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge