თურმე არაფერი მომხდარა, ერთი ღელე გადმოსულა ნაპირიდან

თურმე არაფერი მომხდარა, ერთი ღელე გადმოსულა ნაპირიდან

18.06.2015

რომან გოცირიძე

. 16 მილიონი ევროს ზარალი განიცადა საქართველომო, აცხადებენ უცხოური საინფორმაციო საშუალებები ჩვენს მთავრობაზე დარყდნობით. 40 მილიონი ლარი გადაიყვანეს ევროებში. ამ რიცხვების მიხედვით, თურმე არაფერი მომხდარა. ერთი ღელე გადმოსულა ნაპირიდან.

რა 40 მილიონი. ეს ხომ წვრილმანია. საერთაშორისო დახმარებაც წვრილმანი იქნება. ბეთანიიდან დაწყებული, სანაპირომდე, რამდენი რამეა აღსადგენი. ასეულობით მოხალისე რომ უანგაროდ მუშაობს, ესეც ფულია. ზოოპარკი მთელი თავისი ინფრასტრუქტურით გამოუსადეგარია და გადასატანი. მარტო მიწა ღირს მილიონები. მერე რა, რომ მთავრობა გამოუყოფს. ახალი გზის აღდგენა, მიმდებარე ტერიტორიის და შესაძლოა, მაღალი კორპუსების გამაგრება, კომპენსაციები, დაზარალებულთათვის ბინების აშენება ან შეკეთება. ასობით დამტვრეული ავტომობილი, მიკროავტობუსები, ძვირადღირებული ტრაილერები და სპეცტექნიკა, სოსისების ქარხნისთვის და სხვა ორგანიზაციებისთვის მიყენებული ზარალი, სტიქიის ზოლში, მზიურთან მიმდინარე მშენებლობების დიდი ალბათობით გაჩერება. ირიბი ზარალი კიდევ სხვაა. რა მესიჯებს აგზავნიან. აუბრალოებენ სტიქიის დამანგრეველ მასშტაბს. გარდაცვლილებზე რომ არაფერი ვთქვათ.
არავინ მოუწოდებს, რომ მთავრობამ მოიტყუოს, მაგრამ ადეკვატურად მაინც შეაფასონ ვითარება. 
რიცხვები ხშირად უფრო მეტს ამბობენ, ვიდრე ვიზუალური თუ სხვა სახის ინფორმაცია.
საერთაშორისი დახმარების მოცულობა ჩვენს მიერ დათვლილი ზარალის შესაბამისი იქნება.

ზარალი ძალიან დიდია. მარტო ვაკე-საბურთალოს ახალი გზის აღდგენას მრავალი მილიონი დასჭირდება. უნდა მიმართონ სასწრაფოდ, ცხელ კვალზე, დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს. აქვთ მათ ასეთი ვითარებისთვის გათვალისწინებული ფონდები. 

ჩინოვნიკებს მალე დაავიწყდებათ   რაც მოხდა და ჩადგამენ კორპუსებს ზოოპარკში. იქ პარკი უნდა აშენდეს, ყოველგვარი ზედმეტი ნაგებობების გარეშე. 
ასევე დანაშაულია იპოდრომის ტერიტორიის განაშენიანება. დაუბრუნონ ფული უკან ვინც იყიდა თუ როგორც თვითონ ამბობს, ძალით აყიდინეს და შეიქმნას რეკრეაციული ზონა. 
ამ უბედურებამ გამომაფხიზლებელი როლი მაინც უნდა ითამაშოს.

. ვიდეო უცხოეთიდან გადმორიცხვებზე:



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge