კაპიკიანი

კაპიკიანი

10.11.2015

ბელა  ალანია

ჩემი ბინის დერეფანი გავიარე და ძირს დაგდებული ერთი თეთრი შევნიშნე. არ დაგიმალავთ , ჩავუარე, დამეზარა დახრა და აღება. უკანა გზაზე ხურდა ისევ თვალში გამეჩხირა. გავჩერდი, ავიღე და ჩემებს შევძახე: რომელი თქვენგანი ფანტავს ფულს ? აგერ ერთი თეთრი , ვისია-მეთქი. სიცილი დამაყარეს, ფული საფულეში ჩავიდე და შემრცხვა, რომ მეც დიდხანს ვიყოყმანე მასზე. 
აფთიაქში პროდუქცია სამი ლარის და ორმოცდათერთმეტი თეთრის აღმოჩნდა. ფარმაცევტს ეამა, რომ ხურდაც ზუსტად მივაწოდე. ერთმა თეთრმა იპოვა თავის დანიშნულება, ის იმ წუთას დაფასდა. 
სახლში დაბრუნებულმა ჩემს შვილებს ჩავუტარე "ლექცია" იმის თაობაზე, როგორი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ფულადი ერთეულის პატივისცემა. ვინც ერთი კაპიკის ფასი არ იცის, ის ვერც ათასების ფასს გაიგებს, მეთქი. ვატყობდი "აუდიტორია" ვერ დავაინტერესე, თვალი კომპიუტერისკენ გაურბოდათ ბავშვებს. ოთახიდან გამოსვლისას ჩავილუღლუღე: 
_ ხომ შეიძლება მინდვრის ყვავილს ფეხი დაადგა, იმის გამო, რომ ვარდი არ არის, ან ხომ შეიძლება მოვხუცდე, დავჩაჩანაკდე და ყურადღება არავინ მომაქციოს ქუჩაში, ან ხომ შეიძლება, კაპიკიანად ჩაგთვალოთ ვინმემ და ანგარიში არასოდეს გაგიწიოთ ...
_ დედა, მომეცი ეს კაპიკიანი მე დამივარდა დილით, _ გადმომხედა ვაჟმა და გულში ჩამიკრა. 
ახლა მე მისი ვალი მაქვს.

Palimfsesti.ge-ს ფოტო



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge