გურამ ოდიშარიას „დევნილთა უღელტეხილი“ გერმანულ ენაზე გამოიცა

გურამ ოდიშარიას „დევნილთა უღელტეხილი“ გერმანულ ენაზე გამოიცა

20.11.2015

გურამ ოდიშარია

... უღელტეხილზე ბევრი დაღუპული ვნახე. არც ერთი მათგანი არ მავიწყდება. აი, გზაზე გაყინული დედა და მისი ვაჟიშვილი. დედა დაიღუპა იმიტომ, რომ ვერ სძლია უღელტეხილს; შვილი კი იმიტომ, რომ დედა ვერ მიატოვა...

რამდენჯერმე გამოიცა, რამდენიმე ენაზე ითარგმნა „დევნილთა უღელტეხილი“ (ჩემს რომანებშიც დაიდო ბინა ). და აი, ახლა გერმანიაშიც თარგმნეს და წიგნად გამოსცეს.
აფხაზეთის ომი ჩემს თვალწინ იწყებოდა. მერე დაიწყო კიდეც, აბობოქრდა. და დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა.
მაგრამ ყველაზე მძაფრად ომი მაინც საკენ-ჭუბერის უღელტეხილზე განვიცადე. ყველაზე ნათლად სწორედ უღელტეხილმა მიჩვენა, თუ როგორია დაქსაქსული, შიდა, სამოქალაქო ომშიც ჩართული ქვეყნის დამარცხება... და, უპირველესად, საკუთარ თავთან!!!
ამ ომებს ბუნებაში არ უნდა ეარსება, მაგრამ ისტორიას, ასე ვთქვათ, არ უყვარს ლირიკა...
დღესაც, ზოგიერთ, ერთმანეთის მოძულე და დაუნდობელ ადამიანს რომ ვუყურებ, ასე მგონია, კვლავ უღელტეხილზე ვიმყოფები, მის ქარსა და ყინვაში.

ყველას დიდი მადლობა „დევნილთა უღელტეხილის“ თარგმნისა და გამოცემისათვის. მადლობა ჩემს ძმას - გიორგი ოდიშარიას, რომელთან ერთად გამოვიარე ომიცა და უღელტეხილიც... მასთან ერთად ვნახე და მოწმე ვარ: გმირობისა და სიმხდალის, ერთგულებისა და ღალატის, იმედისა და უიმედობის, უმეცრების, უსამართლობის...

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge