სანამ არის სავიზო რეჟიმი რუსეთთან, უფრო მშვიდად მძინავს!

სანამ არის სავიზო რეჟიმი რუსეთთან, უფრო მშვიდად მძინავს!

18.12.2015

თენგო გოგოტიშვილი

აქედან ერთ ფოტოზე ჩემი უკანასკნელი რუსული ვიზაა. 
თუ არ დაგეზარებათ და დააკვირდებით – 2008 წლის თებერვლისაა. მომწვევი – რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ეს დსთ–ს არაფორმალური სამიტი იყო, სადაც პუტინმა აღარც გაგვაფრთხილა – პირდაპირ გვითხრა, რაც გველოდა.
საბუთი დიდი ხნის ვადაგასულია.
მეორე კი ლატვიის, ანუ ევროკავშირის ბინადრობის ნებართვაა. იქაური "მწვანე ბარათი", რომელიც არათუ შესვლა–გასვლის, არამედ მუშაობის უფლებასაც კი მაძლევს.
საბუთი მოქმედია.
იცით, რომელი საბუთი მეტს ნიშნავს ჩემთვის?
პირველი!
პირველი საბუთი სიმბოლოა იმისა, რაც იქამდე ორი წლით ადრე მოხდა. სიმბოლოა ნახირად გამორეკილი ქართველობისა, აეროპორტებში უექიმოდ რომ მოკლა ერთმორწმუნე მტერმა. სიმბოლოა სკოლებიდან გამოყრილი ბავშვებისა, რომელთა ერთადერთი დანაშაულიც ქართული გვარი იყო. სიმბოლოა იმისა, რაც მერე ნახევარ წელიწადში მოხდა. სიმბოლოა იმისა, რომ ვიღაც წელში არ მოიხარა და მიწას არ აკოცა, როდესაც ზურგზე ცხინვალის მთელი მილიცია შეადგა. სიმბოლოა იმისა, რომ ციცქნა ქვეყანამ ათობით თვითმფრინავი ჩამოუყარა ურდოს და იბრძოლა, სანამ შეძლო.
სწორედ ამ და ბევრი სხვა, დაუსახელებელი მიზეზის გამო, რუსეთის ვიზა ჩემთვის არა სადმე შესვლა–გასვლის საბუთი, არამედ პოლიტიკური სიმბოლოა. 
სავიზო რეჟიმს მიწესებენ?
– ესე იგი არ მთვლიან მოყვრად. ესე იგი, ხედავენ, რომ მათკენ არ ვარ, მათი არ ვარ და მათთვის არ ვარ. და რაკი არ მინდა ვიყო პუტინისკენ, პუტინისა და პუტინისთვის, სავიზო რეჟიმი დიახაც მეკუთვნის!
სავიზო რეჟიმს მიუქმებენ?
– ესე იგი მთვლიან მოყვრად. თვლიან, რომ მათკენ ვარ, მათი ვარ და მათთვის ვარ.
სანამ არის სავიზო რეჟიმი რუსეთთან, უფრო მშვიდად მძინავს – ვიცი, რომ სტრატეგიული კურსი სწორი მაქვს და, თუნდაც გზადაგზა შეცდომები დავუშვა, გეზიდან არ გადამიხვევია.
როდესაც რუსეთთან სავიზო რეჟიმი აღარ იქნება, საკუთარ კომპასს ვეღარ ვენდობი. 
ვიღაცის ჰუმანიტარული პრობლემები და მიმოსვლის გაიოლება ჩემთვის მეორე პლანზე გადადის, როდესაც სასწორზე საერო და საქვეყნო საუკუნოვანი არჩევანია.
სანამ სავიზო რეჟიმი მუშაობს, ვიცი – ჩემი ერი უკეთ გრძნობს, რა ახლოს არის დანაღმულ ველთან. როდესაც სავიზო რეჟიმი აღარ იქნება, ეს გრძნობა გაქრება. დანაღმული ველი კი დარჩება. უკვე ქედს გადაღმა არა – აგერ, თბილისი–ქუთაისის გზის ორი–სამი მოსახვევის შემდეგ.
არ გააუქმო ვიზები, ვლადიმიროვიჩ! არ წამართვა ბოლო იარაღი!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge