ბედნიერები არ სუქდებიან

ბედნიერები არ სუქდებიან

25.03.2016

ნანა ჯანაშია

არის ასეთი მცენარე, სახელად ოქსალისი (ლათ. Oxsalis), რომელსაც „აბრალებენ“ რომ ბედნიერება მოაქვს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მას წელიწადის ბოლო დღეს, ანუ 31 დეკემბერს გაჩუქებენ. ის გამორჩეული თვისების მქონეა - როცა დაღამდება ან მოიღრუბლება, ფოთლები ქოლგასავით ეკეცება, ამინდის გამოსვლისთანავე კი - იშლება. არ არის გამორიცხული, სწორედ ამიტომ შეარქვეს ადამიანებმა მას ბედნიერების მცენარე, ბედნიერებაც  ხომ მზესთან და სინათლესთან ასოცირდება.

თურმე, ბედნიერი ქვეყნების სიაც არსებობს. არ ვიცი ვინ შეადგინა, მაგრამ სასიამოვნოა, რომ ამაზე ვიღაცამ იფიქრა და იმუშავა. ბედნიერ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები კი თურმე, ზედმეტ წონას არ უჩივიან და დიდ-პატარიანად ტანადები არიან.  სადღაც წავიკითხე, რომ კოსტა რიკა ბედნიერი ქვეყანაა. იქ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წელი ყოფილა. ქვეყნის მოსახლეობის 90% ფიქრობს, რომ ბედნიერია. ისინი მთელი წელი ლამაზი ბუნების გარემოცვაში იმყოფებიან, მათ ირგვლივაა ტროპიკული ტყე, ზღვა, პლაჟები. ხალხის ბედნიერებას ისიც აძლიერებს, რომ აქაური მამაკაცები ჯარში აღარ მსახურობენ, ამ სახელმწიფოში ეს სტრუქტურა უბრალოდ აღარ არსებობს. შესაბამისად, დედები და მეუღლეები არ შფოთავენ ოჯახის მამაკაცების გამო. 
ცნობილი ფაქტია, რომ ნორვეგია ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებლის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ეს არის მათი ბედნიერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. უმთავრესი კი ისაა, რომ ნორვეგიელები ბოლომდე ენდობიან იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ცხოვრობენ. სწორედ ესაა ის, რაც მათი ბედნიერების ხარისხს უზომოდ ზრდის.
დანიელები მთავრობით არიან თურმე ბედნიერები. მთავრობის მხრიდან მოქალაქეები ძლიერ მხარდაჭერას გრძნობენ. თითოეული მათგანი კმაყოფილია საკუთარი ცხოვრებით. განთლება და სამედიცინო მომსახურება უფასო აქვთ, ახალგაზრდა ოჯახები სუბსიდიებით სარგებლობენ, დეკრეტული შვებულებაც სხვა ქვეყნებზე უფრო დიდხანს უგრძელდებათ. არც საგზაო საცობებში იტანჯებიან, რადგან მცირე მანძილებზე გადასაადგილებლად უპირატესობას ველოსიპედებს ანიჭებენ. აქედან გამომდინარე კი მძიმე წონის პრობლემაც მოხსნილი აქვთ. 
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ვიეტნამელებიც ბედნიერ ერადაა მიჩნეული. ისინი ზედმეტად კეთილგანწყობილები არიან არა მხოლოდ ერთმანეთის, არამედ, საერთოდ, სამყაროს მიმართ. უყვართ ცურვა, მზე და სიცილი. შესაბამისად მსუქანი ვიეტნამელი იშვიათად თუ უნახავს ვინმეს.
კანადელებიც ბედნიერები არიან, ისინი დიდხანს ცოცხლობენ. აქვთ მაღალი შემოსავალი, საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობა და კიდევ ბევრი ისეთი რამ, რითაც ძალიან ბედნიერები არიან. შესაბამისად, არ აწუხებთ ზედმეტი წონა. იშვიათობაა მსუქანი კანადელი.
არის ასეთი მოსაზრებაც: თუ არ ცხოვრობთ ბედნიერ ქვეყანაში და პირზე ყველას მხოლოდ პრობლემა აკერია, წონაში დაკლება კი ძალიან გინდათ - სამოგზაუროდ უნდა წახვიდეთ. მოგზაურობიდან მიღებული დადებითი ემოციები აუცილებლად ჩაგაყენებთ სასურველ ფორმაში.
და კიდევ:
თუ მიზეზთა გამო ვერ მიდიხართ სამოგზაუროდ და მაინც ხართ ბედნიერი იმით, რომ ახალი დღე გაგითენდათ, ქუჩას, რომელზეც ცხოვრობთ არ გიბომბავენ, ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობთ - ჯერ არ დაცემულა, თქვენები ცოცხლები არიან და სხვა თუ არაფერი - პური არსობისა მაინც აქვთ, არც შუბლის ძარღვი გასწყვეტია რომელიმე თქვენიანს... მაშინ, რაც გინდათ მიირთვით, როდესაც გინდათ და რამდენიც გინდათ - წონაში არ მოიმატებთ!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge