ლონდონის ამინდს არ რცხვენია

ლონდონის ამინდს არ რცხვენია

30.11.2016

 ნიკო ქელბაქიანი

ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ და აფრიკულ მეცნიერებათა სკოლის ირანისტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი

ორი თვეა უკვე ლონდონში ვარ და ლონდონის „აზია-აფრიკაში“ ვსწავლობ. ლონდონის „აზია-აფრიკას“ აღმოსავლეთ და აფრიკულ მეცნიერებათა სკოლა ეწოდება, რომელსაც SOAS-ს უწოდებს ყველა შინაურულადაც, ყოველგვარი აბრევიატურული დამარცვლის გარეშე (School of Oriental and African Studies - თუ მაინცდამაინც გაშლილი სახელი გაინტერესებთ). თუმცა SOAS, ცოტა არ იყოს, უფრო ძველია (წელს ასი წლის იუბილეს აღვნიშნავთ).
ეს უნივერსიტეტი აღმოსავლეთმცოდნეობისა და აფრიკისმცოდნეობის კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტია და პროგრამების განსაკუთრებული მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. აღმოვაჩინე ისეთი პროგრამები, რომლებიც საერთოდ არ მსმენოდა ანდა არც მეგონა, მათი სამეცნიერო შესწავლა თუ შეიძლებოდა. გარდა ამისა, რაგინდრა ენის შესწავლა უნდა გინდოდეს, რომ აქ არ ისწავლებოდეს ან უზარმაზარ ბიბლიოთეკაში ერთი წიგნიც ვერ იპოვო მაგ ენის შესახებ.
სოას-ში ირანისტიკის სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობ, თავისუფალი უნივერსიტეტის ირანული მიმართულებიდან პირდაპირ აქ გადმოვინაცვლე. სხვათა შორის, არც აქაური პროგრამა გამოირჩევა სტუდენტების მრავალრიცხოვნობით სოას-ის მასშტაბების გათვალისწინებით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩემი კურსელებიდან ძალიან ცოტამ იცის სპარსული ენა, ასე რომ, თავისუფალში ნასწავლი სპარსულით ნამდვილად ვაკვირვებ ყოველ დამხვდურსა და მომხვდურს.
სოას თავის მრავალფეროვნობით ამაყობს. ეს უნივერსიტეტი საერთაშორისო და სხვადასხვა წარმომავლობის სტუდენტების რაოდენობით გამოირჩევა და ამიტომაც მშვენიერი ადგილია ახალი კულტურების, ახალი იდეების გასაცნობად, იდეოლოგიებისა და მსოფლმხედველობის გადასააზრებლად. გარდა ამისა, შეუძლებელია უცხოდ იგრძნო თავი, როდესაც ძალიან ბევრი შენი კურსელი სწორედ შენნაირ მდგომარეობაში იმყოფება და უწევს თავის „გადარჩენა“ ლონდონის სტუდენტურ ცხოვრებაში. ასე რომ, ახლა ვიკრიბებით სოას-ის ბარში (ხო, უნივერსიტეტში მშვენიერი ბარი გვაქვს, არაა ცუდი იდეა) და ერთად ვწუწუნებთ ლონდონის სიძვირეზე, ამინდზე და ბევრ სხვა საწუწუნო საკითხზე.
ლონდონსა და ლონდონურ ცხოვრებას რაც შეეხება, მგონი, ლონდონი ყველაზე რომანტიზებული ქალაქია, ალბათ, პარიზზე მეტადაც. უბრალოდ, პარიზი იმდენად რომანტიზებულია, რომ გული გიგრძნობს, მთლად ისე არ იქნება ყველაფერიო. ლონდონი კი მაინც საყვარელი ნაწარმოებების ქალაქია, შერლოკჰოლმსურ ბრიტანულობასა და ჰარიპოტერულ მაგიას ელოდები, მაგრამ სინამდვილეში სინამდვილე გეგებება, თუ, რა თქმა უნდა, რამდენიმე დღით ბიგ-ბენისა და წითელი ავტობუს-ტელეფონის ჯიხურების ნახვა არ გინდა. თუმცა ამავე დროს ქუჩებში სეირნობისას (რომელიც უფასოა) თავად შეგიძლია აღმოაჩინო დიდი ქალაქის მომხიბვლელობა და სწორედ ის მაგია, რომელიც ამდენ მწერალს მუზას უგზავნიდა და დღემდე იზიდავს მსოფლიოს მრავალ ხელოვანს.
ეს ქალაქი და ჩემი უნივერსიტეტიც კარგი ადგილია ხელახალი დაფიქრებისთვის და საკუთარი ღირებულებების გადაფასებისთვის, რაც არანაირად არაა სირცხვილი. აზრის ცვალებადობა კი არა, ლონდონის ამინდს არ რცხვენია თავისი ცვალებადობის. ახლა ამ წერილის წერის დროსაც მთელი დღის წვიმამ გადაიღო და მზემ გამოანათა, თუმცა რამდენიმე ხანში შეიძლება ცივმა ქარმა წამიღოს.
Palimfsesti.ge: ჩვენი საიტის რედაქცია წარმატებებს უსურვებს უნიჭიერეს ნიკო ქელბაქიანს!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge