პრეზიდენტის კატა

პრეზიდენტის კატა

06.12.2016

ნანა ჯანაშია

By Nana Janashia

ეგზოტიკური და პიკანტური მიხეილ თემუროვიჩ ბღაჟბა, რომელიც ხრუშოვის მმართველობის დროს მოღვაწეობდა და  აფხაზეთის საოლქო კომიტეტის თავკაცი იყო,  ბევრისთვის გაუგებარი, უცნაური წესით ცხოვრობდა.  უცნობსაც და ნაცნობსაც  მეგობარს ეძახდა. ალფრედ ნობელზე ისე ლაპარაკობდა, თითქოს მისი სისხლით ნათესავი ყოფილიყო. ბიჭვინთაში არისტოტელეს საფლავს ეძებდა. გაგარინთან და არმსტრონგთან ღვინო ყანწით ჰქონდა დალეული, თანაც ვახტანგურად! ბღაჟბა თხემიდან ტერფამდე სოხუმელი იყო. მას სულიც სოხუმიზირებული ჰქონდა. მეგობრებთან ერთად უყვარდა სოხუმის ყველა ის ყავახანა, კაფე და რესტორანი, რომელსაც ფონად თეთრი გემებით დახუნძლული პორტი ჰქონდა. თემუროვიჩი ფრთების სადრეგრძელოსაც სვამდა. ზოგჯერ, თავისი კაბინეტის ფანჯარას გამოაღებდა და ხელს უქნევდა დელფინის ზურგივით ლაპლაპა ზღვას. სოხუმი მისთვის ერთდროულად ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა ქალაქი იყო მსოფლიოში, რომლის კატერების ნავსადგურთან ყავახანის მაგიდებზე ჭადრაკი გაეწყოთ  და თამაშობდნენ  მდუმარე  ბიბლიური მოხუცები... ბღაჟბას კაბინეტზე მეტად მათთან ყოფნა უნდაოდა, არადა, აფხაზეთის პირველი კაცი გახლდათ. ბიჭვინთაში, ხრუშოვის მიერ ჩამოყვანილ ფიდელ კასტროს ისე უთამადა და ისე დააინტერესა სოხუმით, დაუგეგმავად, ღამის სამ საათზე ჩაიყვანა მანდ. პორტიდან თეატრამდე ფეხით ატარა. გრიფონების შადრევნებთან ჩავლისას  კი ბაყაყები როცა აყიყინდნენ - არ დაიბნა და სტუმარს უთხრა, ესენი სასტუმრო ბაყაყებიაო! სადღაც ნაპოვნ კატას - ჯონ კენედის კატა შეარქვა და დიდის ამბით აჩუქა ავადმყოფ ქალს. ამერიკის პრეზიდენტის ნაჩუქარია, მკურნალია და შენც გიშველისო. იმ ქალმა ერთ თვეში მართლაც გაიარა. თემუროვიჩი ალექსანდრე მაკედონელის დოქის ნამსხვრევებსაც ნატრობდა,  იმ დოქისას, ერთი რომ იყო და წყლით სავსე და რადგან ყველას არ ყოფნიდა, მაკედონელმა მარტომ რომ არ დალია და  უდაბნოში, მწყურვალე ჯსრისკაცების თვალწინ დაამსხვრია! მუზეუმს ავუშენებდი იმ დოქის ნამსხვრევებს სადმე აქ, კავკასიაშიო, ამბობდა! აი, ასეთ საოცარ კაცზე დაწერა ბატონმა გურამ ოდიშარიამ რომანი „პრეზიდენტის კატა“.  რადიოთი მოვისმინე ახლა და სული გამითბა ...

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge