Luciadagen ანუ წმინდა ლუსიას დღე წლის ყველაზე გრძელ და ბნელ ღამეს აღინიშნება

Luciadagen ანუ წმინდა ლუსიას დღე წლის ყველაზე გრძელ და ბნელ ღამეს აღინიშნება

14.12.2016

მოამზადა ნანა ჯანაშიამ

By Nana Janashia

13 დეკემებერი წლის ყველაზე გრძელ და ბნელ ღამედ იყო მიჩნეული შვედეთში და სწორედ ეს ღამე შეარჩიეს მათ წმინდა ლუსიას ხსოვნის აღსანიშნავად. თუ სადმე, ანთებულსანთლებიანი გვირგვინებით, თეთრი ტანსაცმლითა და წითელი სარტყლებით შემოსილი ახალგაზრდები შემოგხვდათ, ე.ი. წმინდა ლუსიას დღე დაიწყო.თბილისში ამ დღესასწაულს შვედეთის სამეფოს საელჩო ყოველწლიურად მთაწმინდაზე აღნიშნავს. გულუხვად უმასპინძლდება მობრძანებულ სტუმრებს შვედური  და ევროპული კერძებით და რა თქმა უნდა შვედური ტრადიციული lussekatter-ებით.

 ინტერნეტში გავრცელებული მასალების მიხედვით,  წმინდა ლუსიას დღე სიცილიელ მოწამე ლუსიას უკავშირდება, რომელსაც ჯერ თვალის სინათლე წარსტაცეს, შემდეგ კი მოაკვდინეს ქრისტეს რწმენის გამო. თუმცა არსებობს ლეგენდაც, რომლის თანახმად, შუა საუკუნეებში ცხოვრობდა ვინმე ლუსია, რომელიც ცოლად შვედ მეთევზეს ჰყავდა. ერთხელ მეთევზე ზღვაში გასულა და სწორედ იმ დროს ამოვარდნილა თოვლბუქი. შუქურაც ჩამქარალა, ამიტომ ლუსია ჩირაღდნით ხელში გასულა სანაპიროზე, რათა საყვარელი ქმრისთვის ნავმისადგომამდე გზა მიენიშნებინა. ქალის ამ თავდადებას და ქმრისადმი სიყვარულს ეშმაკები გაუღიზიანებია, ისინი ლუსიას თავს დასხმიან და თავი მოუკვეთავთ. ლუსიას სიკვდილის შემდეგ, მისი ლანდი, კლდეზე ჩირაღდნით ხელში გამოსახულა.

პატარა გოგონების ლუსიად გამოწყობის ჩვეულება კი გერმანიიდან შემოსულა. XVI—XVII საუკუნეებში, როდესაც წმინდანების, განსაკუთრებით კი წმინდა ნიკოლოზის კულტი იკრძალებოდა, შობაზე იდეა გაჩნდა, კეთილი მოხუცი ყრმა იესოთი შეეცვალათ, რომელსაც თეთრ კაბაში ჩაცმული გოგონა განასახიერებდა. ეს ტრადიცია გერმანიაში არ შენარჩუნდა, მაგრამ შვედეთში კი შეაღწია. XVIII—XIX საუკუნეებში ეს ჩვეულება შობამდე, 13დეკემბერს იქნა გადატანილი, ხოლო დღესასწაულის მთავარ გმირად იესო კი არა, ლუსია იქცა. 1927 წელს ლუსიას პირველი მსვლელობა გაიმართა დედაქალაქ სტოკჰოლმში.შემდეგში ეს ტრადიცია მსოფლიოში ბევრგან გავრცელდა. უპირველესად სკანდინავიის ქვეყნებში: ფინეთში, დანიაში, ნორვეგიაში. შემდგომ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მეოცე საკუნის დასაწყისში გადასახლებული შვედების შთამომავლები ცხოვრობენ. მოკლედ, სადაც არ უნდა იყვნენ შვედები ისინი აუცილებლად აღნიშნავენ წმინდა ლუსიას დღეს, მიირთმევენ ნუშ და ქიშმიშჩაყრილ ცხელ გლოგსა და  lussekatter-ებს.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge