ფინეთში მცხოვრები რეჟისორის ლიანა ელიავას ფილმი "სინემა"

ფინეთში მცხოვრები რეჟისორის ლიანა ელიავას ფილმი "სინემა"

13.06.2017

მოამზადა ნანა ჯანაშიამ

By Nana Janashia

ფილმი „სინემა“ 1977 გადაიღო ქართველმა რეჟისორმა ლიანა ელიავამ და ეხება ქართული კინოს პირველ ნაბიჯებს. იქ აღწერილია 1908 წელს საფრანგეთიდან ჩამოსული იოსებ ჩოლოყაშვილის ამბავი, რომელიც პარიზში იურისპუდენციის შესასწავლად გაემგზავრა. ყმაწვილმა  პარიზიდან დიპლომთან ერთად   ჩამოიტანა პირველი ფოტო -კინო აპარატი. ფილმის დასაწყისი გადაღებულია მარტვილში, სოფელ სალხინოში, დადიანების სასახლის ეზოში. იქ გამართული მინი-კონცერტით  ემშვიდობება ულამაზეს შეყვარებულს იოსები და სასწავლებლად მიემგზავრება პარიზში. კადრებიდან ჩანს მარტვილის მონასტრის სამრეკლო და ეზო. ასევე მდინარე სენის სანაპირო და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. წლების შემდეგ თბილისში დაბრუნებული სოსიკო ფოტოგრაფიით და კინომატოგრაფიითაა დაკავებული. ხალხს მოსწონს ეს, მაგრამ მისი ცნობილი ოჯახი წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ სოსიკო ჩოლოყაშვილების გვარს არცხვენს და შეუფერებელი საქმითაა დაკავებული!  სოსიკოსთვის კი კინომატოგრაფია საშვილიშვილო საქმეა და თავს არ ანებებს.  სიღარიბეში ჩავარდნილს შეყვარებული ტოვებს. სოსიკო, მეგობარ იაშა სენაკელთან ერთად  საჰაერო ბურთით ქარს გაატანს თავს. წლების შემდეგ კი - მის მიერ გადაღებულ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებს კინოთეატრში აჩვენებენ.

ფილმის რეჟისორი ლიანა ელიავა თავადაც მონაწილეობს ამ ფილმში. ფილმი „სინემა“ არაერთ ქვეყანაშია ნაჩვენები და მას ყველგან დიდი მოწონება ხვდა წილად. ვენეციის ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმებიდან მხოლოდ “სინემა“ შეადარეს  კეთილშობილ ყვავილს, სხვა დანარჩენები კი სარეველა ბალახს. „სინემას“ გარდა ლიანა ელიავას მიერ გადაღებულია შემდეგი ფილმები:  „ბზიანეთი“, „ფერმა მთაში“, „მშვენიერი კოსტიუმი“, „ეპისკოპოსი ნადირობაზე“. 
„სინემას“ რეჟისორი ლიანა ელიავა რეჟისორობას 40 წლის ასაკში იმის გამო დაემშვიდობა, რომ საქართველოში ფილმის გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ. მუდმივად ხელს უშლიდნენ. ქალბატონი ლიანა ამჟამად ფინეთში ცხოვრობს და იქ გატარებულ წლებს  მიუძღვნა წიგნი  „ჩემი სკანდინავია“.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge