ლოს-ანჟელესიდან ჭყონში

ლოს-ანჟელესიდან ჭყონში

27.07.2017

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

დიდი ჭყონის ბაზარში ვარ, ცხელა და უცებ ლამაზად გაფორმებული კაფე- სანაყინე მომხვდა თვალში. სანამ აივნის ორიოდ საფეხურს ავივლიდი მაჯაზე ხელი ჩამავლო დედაჩემის მეგობარმა ქალმა და მეუბნება:

-ნახე, რა ბავშვები ჰყავს ამ ამერიკელს, სასწაულია პირდაპირ, სამივე სასწაული!

-ვინაა ამერიკელი? ვეკითხები გაოგნებული.

-როგორ, არ იცი? დედაშენს არ უთქვამს?  ეს კაფე ამერიკელებისაა! ოქრო ხალხი გვყავს ჭყონში, ოქრო, არ იცოდი?!- იკვირვებს ქალი.

-სტუმრად არიან ვინმესთან? ვეკითხები.

-არა, რა სტუმრად, მიწა იყიდეს, სახლი აიშენეს და 4 წელია აქ არიან.

-გოგო, იცი, მეგრულიც ისწავლეს ბავშვებმა, მოკვდები სიცილით ისე ლამაზად ლაპარაკობენ...

ამ საუბარში ვიყავით გართულები ისე თეთრი, ბამბის ქულასავით გოგონა გამოვიდა კაფედან. გაგვიღიმა, მეგრულად მოგვესალმა და მეორადი ტანსაცმლის გაყიდვას შეუდგა.

- მაისური მინდა, დედაშენს რომ აცვია ისეთი! უხსნის მყიდველი. არ მაქვსო, პასუხობს გოგო. არ ეშვება კლიენტი და მეგრულად აყრის სიტყვების კორიანტელს.  კაფედან გოგონას „საშველად“ ასე 35-40 წლის ისეთი ქალი გამოვიდა, თავი კინოში მეგონა.

- ეს, ამ გოგოს დედაა, - მუჯლუგუნი მკრა ჩემმა ინფორმატორმა.

- რა იყო ანაბელ, ჰკითხა ქალმა ინგლისურად, რა უნდა?!  როცა გაიგო, რომ ქალს ზუსტად მისნაირი მაისური უნდოდა, სიცილ-სიცილით ლამის გაიხადა და ლამის მისცა იმ ქალს რაც კი ეცვა. ამას არ მოელოდა ეტყობა კლიენტი და „ვა მოკო“, „ვა მოკოს“ (არ მინდა) ძახილით გაეცალა იქაურობას.  თურმე, ანაბელი, ყოველ კვირა დღეს  კაფის აივანზე მეორადებს ჰყიდის. კაფეში კი მისი და-ძმა მედი და ლუკასი - ნაყინს და კოკტეილს. მათი კაფე ფერადია, ბავშვურად ბედნიერი. რამდენიმე მაგიდა დგას, და იქ,  ყოველთვის არის ვინმე, ანუ კაფე მუშაობს. თუ კაფე ცარიელია და-ძმა ხალხშინ თავად გადის კოქტეილებიანი ლანგრით ხელში. „ვა მოკოს“ ძახილით გაქცეული კლიენტის სცენა ულამაზესმა  მედიმ და მისი უფროსი ძმა ლუკასმა ჩაანაცვლეს. ისინი კოქტეილებით სავსე ლანგრით ბაზრის სიღრმეში გაუჩინარდნენ.

-ხედავ? აქ თუ არ ჰყავთ კლიენტი, იქ მიდიან სადაც მოწყურებული ხალხი ეგულებათ! ერთ წუთს არ გაჩერდებიან, სულ კოქტეილებით დადიან ზევით-ქვევით, ზევით-ქვევით. ფულს აკეთებენ! ჩემი შვილიშვილი კი კომპიუტერს უზის, ვერ გამოგლეჯ იქაურობას. დედამისი შვილზე უარესია - ბავშვს მაგიდასთან კი არ მიიპატიჟებს სადილზე,  ეკრანთან უწყობს საჭმელს. ამერიკელი ბავშვები გაფუჭებულები და ოხრები მეგონა რატომღაც,  გაფუჭებული და ოხერი სახლში მყოლია თურმე, ესენი კი - მშრომელები და სამაგალითონი არიან!  - მეუბნება დედაჩემის მეგობარი ქალი.

-ისე, შესახედავად არც ჩემი შვილიშვილია ცუდი. მედიკო მომეწონა მისთვის. აგრძელებს საუბარს.

-ვინაა მედიკო? ვეკითხები.

-ეს ამერიკელი გოგო, კოქტეილი რო წაიღო ახლა.  ვკითხე, შეყვარებული გყავსმეთქი? არაო, ჩვენთვის შეყვარებული 20 წლამდე არ შეიძლება. ჯერ უნდა ვიშრომოთ, ვისწავლოთ და მერეო...

თურმე, მედიკოს ეძახიან ჭყონელი ქალები მედინს. ლუკასს - ლუკა შეარქვეს, ანაბელს - ხან ანას ეძახიან,  ხანაც ბელას...

 ჭყონის ბაზარში ამერიკელი ბავშვების და მათი დედის ხილვით გაოგნებულმა კოქტეილი მეც შევუკვეთე,  თან საუბარი გავაბი მათთან. თინეიჯერი ბავშვების მშვენიერ დედა ქეითს, მელ გიბსონის გმირის გარეგნობის მქონე („მამაცი გული“ მაქვს მხედველობაში) ბავშვების მამა ბროდ მაკლეინი შემოუერთდა.  ჰოდა, მეც ძალიან გულღიად და სულ სიცილ-კისკისით ჩავიწერე მათი ამბები. ლოს-ანჟელესელები ყოფილან.  სიყვარულით შეუქმნიათ ოჯახი. ცოლსაც და ქმარსაც მიაჩნიათ, რომ  ყველამ იქ უნდა იცხოვროს - სადაც  გაუხარდება. დედამიწა ყველასიაო, ამბობენ. მთავარია შრომა გიყვარდეს და შვილებიც მშრომელებად თუ აღზარდე, გაჭირვება და სიღარიბე ახლოსაც აღარ გაგეკარებაო. ფიქრობენ, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლა ღვთის ნებით მოხდა. ბევრ ქვეყანაში ჰყავთ მეგობრები, მაგრამ აქ დარჩნენ, თანაც - სამეგერლოს პატარა და ლამაზ დაბაში. ხალხის უბრალოება და საუბრის მანერა მოსწონთ, თავიდან მეგრული არ გვესმოდა მაგრამ მისი მუსიკალური ჟღერადობით მოვიხიბლეთო, ამბობენ.  გრძნობენ, რომ  მათი ვაჟი  ლუკასი მეგრულაქცენტიანი ბიჭი გახდა უკვე. მაკლეინებს სახლიც აქვთ, მანქანაც, დადიან თბილისში, ქუთაისში, სვანეთში, ბათუმში, გრიგოლეთში, მაგრამ  ჭყონში მაინც ყველაზე უფრო მოსწონთ. მიწის დიდი ფართობი იყიდეს, თხილი გააშენეს.  ბავშვებს კაფე აუღეს იჯარით და  შრომას  აჩვევენ.  შემოსავალს დამსახურების მიხედვით უყოფენ. არ გენატრებათ ამერიკამეთქი, როცა ვკითხე - ქეითმა მიპასუხა:

-4 წელია რაც აქ ვცხოვრობთ და მხოლოდ ერთხელ ვიყავით მანდ. სამაგიეროდ და და დისშვილმა ჩამოგვაკითხა, შემდეგ კი მშობლებმა. ლუკასი 17 წლის როცა გახდება უნივერსიტეტში სასწავლებლად  ამერიკაში წავა, ჩვენ კი აქ ვიცხოვრებთ და მის დაბრუნებას დაველოდებითო.

ქეითს მომავალში უპატრონო ბავშვთა სახლის გახსნა უნდა ჭყონში. კეთილმოწყობილი სახლის, სადაც უმშობლებოდ დარჩენილთ დედობას გაუწევს და ბედნიერებას არ მოაკლებს.

არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ ლოს-ანჟელესელმა ახალგაზრდა წყვილმა ჰოლივუდს რომ ჭყონი ამჯობინა აშკარაა! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ  - ჭყონელო ამერიკელებო!

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge