სააკაშვილის ოდისეა

სააკაშვილის ოდისეა

15.02.2018

ნანა ჯანაშიას მომზადებული დაიჯესტი / By Nana Janashia

12 თებერვალს, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის მტკიცებით, ქართულ რესტორანში მყოფ მიხეილ სააკაშვილს სასაზღვრო სამსახურის, საიმიგრაციო სამსახურის და ეროვნული პოლიციის წარმომადგენლებმა აცნობეს გადაწყვეტილება, რომ პოლონეთში უნდა დაბრუნებულიყო. მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა კი თურმე, თავს დაესხა სამართალდამცველებს.
იმავე დღეს, უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განმარტა, რომ რადგან სააკაშვილი უკრაინაში უკანონოდ იმყოფებოდა, „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი ჩარტერული რეისით, რეადმისიის ფარგლებში დააბრუნეს პოლონეთში, ანუ იმ ქვეყანაში, საიდანაც უკრაინაში შევიდა.
პოლონეთში დეპორტაციის შემდეგ სააკაშვილმა ინტერვიუ ალ ჯაზირას მისცა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც საქართველოში 11 წლიანი პატიმრობის საფრთხეს და საქართველში ექსტრადიციის საკითხს ეხებოდა, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ეს არ მოხდება, რადგან მას მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა აქვს. 
ვარშავაში მყოფმა სააკაშვილმა პოლონურ მედიას 13 თებერვალს განუცხადა: „ვიპოვი გზას უკრაინაში დასაბრუნებლად. ჩვენ მილიონობით ადამიანი გვეყოლება კიევის ქუჩებში და უკრაინის ხელისუფლებას მოუწევს ძალაუფლების დათმობა“.
იმავე 13 თებერვალს მან „კურიერს“ მისცა ინტერვიუ: „ხვალ მივფრინავ ჰოლანდიაში და მერე ვივლი მთელ ევროპაში, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მაქვს შეხვედრები ბრიუსელში, გერმანიაში, საფრანგეთში და ისევ - პოლონეთში. უკრაინაში ვიყავი შეზღუდული, ვერ გავდიოდი ქვეყნიდან, თორემ ახლა - ვარ თავისუფალი, როგორც ლაღი ფრინველი, შემიძლია, ვიფრინო აქეთ-იქით“. 
„ იმავე კურიერის“ კითხვას, თუ რატომ არ მოხდა მისი ექსტრადირება საქართველოში, სააკაშვილმა უპასუხა:
„მათ არ უნდათ ჩემი საქართველოში ყოფნა, ეშინიათ ჩემი! ივანიშვილმა საქართველოს პოლიტიკოსებზე უკეთესად იცის, რომ ჩემი და მისი ერთად გაჩერება საქართველოში შეუძლებელია. ან უნდა იყოს ის, ან უნდა ვიყო მე. თუ მე აღმოვჩდებოდი საქართველოში, მას მოუხდებოდა საქართველოს დატოვება ან მოუხდებოდა იმ საკანში ჩაჯდომა, სადაც მე ჩამსვამდნენ რამდენიმე კვირით მაქსიმუმ ან სადაც უზის ვანო ან ბაჩო“.
14 თებერვალს სააკაშვილი უკვე ჰოლანდიაშია: „დღეს ამსტერდამში, პირველად ბოლო ხანებში, ნამდვილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მივიღე. ნიდერლანდებში ჩამოსვლისთანავე მომცეს პირადობის მოწმობა, ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება. მთელს პროცედურას რამდენიმე წუთი დასჭირდა, მაგრამ მე, როგორც არასდროს, განწყობილი ვარ, დავიბრუნო უკრაინის მოქალაქეობა“.

                                                                                  



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge