შინ და გარეთ

შინ და გარეთ

28.02.2018

ნანა ჯანაშია

By Nana Janashia

ბრიტანეთში ქათმის ხორცი გამოელიათ და   KFC-ს რესტორნები  დაიხურა.

საქართველოში სურსათის სააგენტომ გაყიდვაში 500 კგ საეჭვო ხორცი აღმოაჩინა.

თბილისელებს რუსთაველზე რომ ლაღიძის წყლები იყო - ის მოენატრათ და მის აღდგენაზე ალაპარაკდნენ.

ქართველმა დეპუტატმა ავტობუსით იმგზავრა და გაუხარდა - მასაც და  ხალხსაც... ევროპელი მერები და დეპუტატები კი ხან ფეხით, ხანაც ველოსიპეტებით დადიან და არავის უკვირს...

ვ. ჟირინოვსკის რუსეთის პრეზიდენტობა სურს. მიაჩნია, რომ იქ, მის გარდა - ყველა მწყემსის შვილია, მისი წინაპრები კი - ნაპოლეონი, ჰიტლერი, აინშტაინი, ლინდონ ჯონსონი... ყოფილან.

როგორც იქნა, საქართველოშიც გაუკვირდათ ზაფხულიდან დაწყებული ხანძრების სიმრავლე.

ბათუმის 182 ნომრიანი და100-მეტრიანი სასტუმრო Leogrand-ი, რომელსაც 2017 წლის 24 ნოემბერს  ხანძარი გაუჩნდა და 11 ადამიანი ემსხვერპლა, ახალი სახელით - Welmond - ამოქმედდება.

გლდანში, დღისით, მზისით და არაპირველად ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს.

სირიაში ომია, ოფიციალურად.  კვირის მანძილზე 500 ადამიანი დაიღუპა.

საქართველოშიც ომია, არაოფიციალურად... 

2018 წლის 22 თებერვალს ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად  არჩილ ტატუნაშვილიც დააკავა. მომდევნო დღეს, ტატუნაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში  მოკლეს. არც მკვდარს უბრუნებენ ოჯახს და აღარც ცოცხლებს. შეშფოთებულია მსოფლიო, მათ შორის ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი. 

მალე, Alliance Group ბათუმში ააშენებს 54-სართულიან შენობას.

და მერე, აღარ იქნება ომი...



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge