ქართველი ქალის რომაული ცხოვრება

ქართველი ქალის რომაული ცხოვრება

22.07.2020

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

ცხოვრება პანდემიის დროს

დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარია ქართველი ინჟინერი ანა რუხაძე, რომელიც არაერთ ქვეყანაში ცხოვრობდა, ამჟამად კი - იტალიაშია.

მისით დავინტერესდით, როგორც არაჩვეულებრივი შვილების დედით და ქართველით, რომელიც თავისუფალ დროს სახალხო დიპლომატიითაა დაკავებული. ანას მიზანია, რაც შეიძლება მეტი უცხოელი მეგობარი შესძინოს საქართველოს. ანას რომაული ცხოვრება პანდემიის თვეებს დაემთხვა, მაგრამ წუთითაც არ უფიქრია ამ ულამაზესი ქალაქის დატოვება.

ანა უშიშრად და მედგრად ცხოვრობდა რომში ამ ურთულეს დროს. როგორც ყველა, ისიც დადიოდა პირბადით და იცავდა ყველა სანიტარულ ნორმას. მისი სახლის ფანჯრიდან მოჩანს ტრასა, რომელიც მუდმივად მოძრაობაშია. ეს ხმაური ადრე არ მოსწონდა, კარანტინის დროს კი - მოენატრა. უყურებდა, ტრასა როგორ დაცარიელდა და უცნაური სიჩუმის მომსწრე გახდა. საბედნიეროდ, მის სიახლოვეს არავინ დაავადებულა კოვიდით და ეს ძალიან ახარებს. ხშირად რეკავდა საქართველოში ძმასთან, ექიმ ბაჩუკი წოწორიასთან და უშუალოდ მისგან ღებულობდა კოვიდთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას.  

- ანა, სანამ იტალიაზე გკითხავ, რას გვეტყოდი ოჯახზე?

-მყავს მეუღლე ირაკლი რუხაძე. მას წლების განმავლობაში წარმატებული კარიერა ჰქონდა.

ჩემი გოგონა ვისი რუხაძე, ილიაუნის წარჩინებული სტუდენტია.

ბუნებით ხელოვანია. ამჟამად იტალიაშია და გატაცებულია მუსიკით და იტალიური ენის შესწავლით.

გიტარაზე უკრავს და მღერის. მისი შესრულება ბევრს მოსწონს.

ვაჟმა გიორგი რუხაძემ  დაამთავრა გორის სამხედრო აკადემია.

როგორც სტიპენდიანტი გაგზავილი იყო ლიტვაში.

მოსწავლეობისას გადაცემა „ეტალონში“გამოდიოდა. მიღებული აქვს ბაქსვუდის სკოლის დიპლომი.

საქართველოს და ევროპის ჩემპიონი გახდა კინგბოქსში. ძიუდოშიც აქვს მედლები და ჯილდოები. გიორგი სწავლაშიც და სპორტშიც წარმატებულია.

უმცროსი ვაჟი ბექა რუხაზე - ჩვენი ნაბოლარაა. ჯერ სკოლის მოსწავლეა. შრომისმოყვარე და ჭკვიანი ბიჭია..

- ანა, რომამდე ბარში და ნეაპოლში ცხოვრობდი. რას გვეტყოდი ამ ქალაქებზე?

- დიახ, ჩემი პირველი იტალიური ქალაქი არის ბარი. ძალიან მინდოდა ამ ქალაქის ნახვა, რადგან ვიცოდი, რომ იქ ბევრი ქართველი ცხოვრობდა. ქართველების ნახვა წმინდა ნიკოლოზის ულამაზეს ეკლესიაში არაერთხელ შევძელი. ვცხოვრობდი ნათესავთან და გაოცებული დავრჩი სუფრა რომ გაშალა! თავი სამეგრელოში მეგონა ისეთი ხარჩო, ღომი, სულუგუნი, კუჭმაჭი, ხაჭაპური, ელარჯი... გამოიტანა. ბარში ქართული სახაჭაპურე და სახინკლეც აღმოვაჩინე.

- საცივს და ხაჭაპურს ყველგან მოამზადებს ქართველი, მაგრამ, საიდან იტალიაში სულუგუნი?

-მეც ეგ ვიკითხე და ამიხსნეს, რომ ძალიან კარგად მუშაობს თურმე ფოსტა. ამანათები საქართველოდან და საქართველოში ერთ კვირაში იგზავნება. მოენატრება ქართველს შებოლილი ყველი და ჭადის ფქვილი? რეკავს საქართველოში და ერთ კვირაში ეს ყველაფერი სახლში აქვს.

- ამბობენ, რომ ნეაპოლში ყველაზე მეტი ქართველია.

- დიახ ასეა. 3.8 მილიონიანი ნეაპოლი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია იტალიაში რომისა და მილანის შემდეგ. მას აქვს ე. წ. ესპანური კვარტალი და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მანდ ცხოვრობს. ნეაპოლის ცენტრი ადგილობრივი მოსახლეობით, ანუ ნეაპოლელებით (Neapolitans) არის დაკომპლექტებული და ისინი ნეაპოლურ ენაზე საუბრობენ. 1282-1816 წლებში ნეაპოლი იყო ნეაპოლის სამეფოს დედაქალაქი. ისინი დღემდე ზეიმობენ ნეაპოლური ენის დღეს. იტალიელების უმეტესობამ არ იცის ეს ენა ან უჭირთ ნეაპოლური საუბრიდან შინაარსის გამოტანა. ნეაპოლის ქუჩებში როცა დავდიოდი აივნებიდან ხშირად მესმოდა ქართული საუბარი. ეზოებში კი ქართველი ბავშვების ყიჟინა. ყველაფერი ისე იყო, როგორც თბილისში. ზოგს დედა ეძახდა აივნიდან, ზოგს მამა ან ბებია. მოკლედ, თავი საქართველოში მეგონა.ნეაპოლშიც კარგი მეზობლობა იციან. სამხრეთული ქალაქია თან საპორტო და ამითაც ჰგავს საქართველოს. მეზობლები აივნებიდან ხმამაღლა ესაუბრებიან ერთმანეთს, დაუპატიჟებლად შემოვლენ ყავაზე. იქითაც კარგად მიგიღებენ. წარმოუდგენლად უყვართ ურთიერთობა და დახმარება. ნეაპოლი მეორე საქართველოა. იმ ქათველებს, რომლებიც მე გავიცანი მოსწონთ ნეაპოლი, მაგრამ ამბობენ, რომ  ანაზღაურება რომთან შედარებით დაბალია. საერთოდ, ცნობილია რომ, სამხრეთ იტალია უფრო ღარიბია ვიდრე ჩრდილოეთი. ჩრდილოეთში ბევრ ქართველს უნდა  სამუშაოდ მოხვედრა, მეგრამ იქ აუცილებელი მოთხოვნა იტალიური ენის კარგად ცოდნაა. ნეაპოლისთვის ჩვეული რამაა ბინძური ქუჩები და კრიმინალი.  მე რომ ვხედავდი ისე, დღისით, მზისით ხელიდან ააგლიჯეს გოგონას მობილური, ვიღაც ქალს კი ჩანთა.

- ქართველები ქართველებს რომ გაურბიან ეს მითია თუ სინამდვილე?

-ქართველები უცნობ ქართველს თავს ნამდვილად არიდებენ. არ ცდილობენ გაცნობას. მიზეზი ალბათ ისაა, რომ როგორც მანდ მითხრეს, ერთმანეთს ღალატობენ. ყველა არა, მაგრამ, ყოფილა თურმე ასეთი შემთხვევები. პირადად, ძალიან მიხარია ქართველს რომ ვხედავ. ახლახან გამოვეცნაურე ორ ქართველ ქალს და შევატყვე რომ არ ესიამოვნათ.

- იტალიელი მეგობრები თუ გყავს?

- მიუხედავად იმისა, რომ რომი უფრო ჩაკეტილია ვიდრე ბარი და ნეაპოლი და აქ აივნებიდან შეძახილ-მისალმებები არ ისმის და არც მეზობლური მისვლა-მოსვლებია პოპულარული, მეგობარს მაინც რომში უფრო შეიძენ. ხშირად დავდივარ რომის ზღაპრულ ქუჩებში, ვიღებ ფოტოებს და ტელეფონზეც ქუჩაში მიყვარს საუბარი. ერთხელ, ერთგან ჩამოვჯექი და ისე ვესაუბრებოდი მეგობარს.

გვერდით ორი იტალიელი ქალბატონი ისხდა და როდესაც საუბარი დავამთავრე, ერთი მეუბნება ქართულად:

- გამარჯობა, ქართველი ხართ?

იტალიაში, იტალიელი ქართულად არასდროს დამლაპარაკებია და ემოციები ვერ დავმალე. გაირკვა, რომ ფრანჩესკას ძალიან უყვარს საქართველო. ქართულის შესწავლა უნდა. დამპატიჟა კაფეში, მივირთვით ყავა და ვისაუბრეთ საქართველოზე. ოცნებობს აქ ჩამოსვლაზე. ბევრი რამ აინტერესებს, მათ შორის სტალინის სახლ-მუზეუმი. კარგა ხანია ვმეგობრობთ, ტელეფონით მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს. შევპირდი, რომ საქართველოში მასპინძლობას გავუწევ. ის იტალიური ენის პედაგოგია, მუშაობს ერთ-ერთ ინსტიტუტში.

- რომ დაგჭირდეს, იტალიელი მეზობელი დაგეხმარება?

-აუცილებლად. შუაღამე რომ იყოს - ფეხზე დადგება! ერთხელ, შვილმა დამირეკა და სახლიდან მოშორებული ადგილიდან წამოსვლა დასჭირდა. გვიანი იყო და არ მინდოდა მარტო წამოსულიყო. მეზობელმა ეს რომ გაიგო, თავად გამოიჩინა ინიციატივა, მითხრა, მე წავალ და წამოვიყვანო. ძალიან მერიდებოდა იმ ადამიანის შეწუხება, მაგრამ უჩემოდ გადაწყვიტა დამხმარებოდა. აი ასეთები არიან.

- რა ისწავლე იტალიური კერძებიდან?

- ტიმბელონი, ანუ ბადრიჯანი სუგოს სოუსით.

საცხობ ყალიბზე (ჟარონაზე) მოვასხამთ სუგოს სოუსს ( სუგო გახლავთ ტრადიციული იტალიური ტომატის სოუსი, რომელიც არის ასევე პიცის საბაზო სიუსი, მზადდება პომიდვრისგან, რომელსაც დამატებული აქვს ზეითუნის ზეთი, ხახვი, ნიორი და სანელებლები) დავაფენთ გრძლად და თხლად დაჭრილ კვერცხში და ფქვილში ამოვლებულ და შემწვარ ბადრიჯნებს. მოვაყრით გახეხილ პარმეზანს, ზედ გადავანაწილებთ კუბიკებად დაჭრილ მოცარელას და მოვასხამთ სუგოს. (მოცარელა იგივეა რაც სულუგუნი, ოღონდ კამეჩის რძის) კვლავ დავაწყობთ შემწვარ ბადრიჯანს და იგივე თანმიმდევრობი გავიმეორებთ. ბოლო ფენა უნდა იყოს გახეხილი პარმეზანი, კუბიკებად დაჭრილი მოცარელა, შავი ზეთის ხილი და შებრაწვამდე გავაჩეროთ ღუმელში. საერთოდ, იტალიელებს ძალიან უყვართ პომიდორი. პომიდვრის დღეც აქვთ დაწესებული და ამ დღეს იყიდება ყველაზე მეტი პომიდორი, რომელსაც თითქმის ყველა ოჯახი საზამთროდ ქილებში ინახავს.

ტიმბელონის გარდა კარგად გამომდის პიცა მარგარიტა. ვამზადებ თხელ ცომს, რომელსაც ვუსვამ სუგოს სოუსს. ზედ ვაწყობ კამეჩის რძისგან დამზადებულ მოცარელას, ზეთის ხილს, ბაზილიკის ფოთლებს. (ბაზილიკი იგივეა რაც თეთრი რეჰანი. ჩვენში მისი კუთხური სახელებია - შაშკვლამი და შაშურამი. შაშურამს სამეგრელოში ლობიოს მომზადებისას იყენებენ. საბერძნეთში და რომში რეჰანს/ბაზილიკს სამეფო სანელებელს უწოდებდნენ. ეგვიპტელები კი მას მუმიფიცირებისთვის იყენებდნენ.)

- ვიცი, რომ კარგი დიასახლისი ხარ და ქართული კერძები თუ გაასინჯე იტალიელებს?

- დიახ. განსაკუთრებით მოეწონათ ჩემი ხაჭაპური. ზოგმა მას ქართული პიცა შეარქვა, ზოგმა კი დაიმახსოვრა როგორც - ჩაჩაპური.

- პიცის, კარგი მეზობლობის, სტუმრიანობის გარდა კიდევ რა უყვართ იტალიელებს?

- მაკარონი უყვართ ხორცით. აკეთებენ ბევრს და ძალიან გემრიელს. მაგრამ, რაც მორჩებათ ყრიან, რადგან მეორე დღეს გაცხელებულ მაკარონს არ მიირთმევენ. ჭამა მოზომილად იციან, ქართველებივით მამაპაპურად არა. ჯანსაღად კვებას ცდილობენ და ამიტომაც დიდხანს ცხოვრობენ. პურს თითქმის არ ეკარებიან. დიდი-დიდი ერთი ნაჭერი მიირთვან. ქართველების კი ის უკვირთ, რომ ჩვენ ერთ ნაჭერს არ ვჯერდებით.

- თავად რამ გაგაკვირვა?

- გამიკვირდა როცა გავიგე, რომ ჩემი იტალიელი მეზობლის რძალი ფინანსთა სამინისტროში მუშაობს, კარგი დიასახლისია და პურს თავად აცხობს. გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ 87 წლის მეზობლის ქალს გაუკეთეს გულის ოპერაცია. ჩვენთან, ოჯახის წევრები ამ ასაკში მოხუცის ოპერაციაზე თავს იკავებენ. გამიკვირდა ისიც, რომ მეზობლის 98 წლის დედა კარინდა ყოველდღე დაუხმარებლად ღებულობს შხაპს, მერე კი სამზარეულოში დაფუსფუსებს.

- რამ გაგახარა?

- ძალიან გამიხარდა, როდესაც იტალიელმა მეგობარმა დედის დღე ქართულად მომილოცა,

თან მთხოვა, მისთვის ქართული ანბანი ჩამომეწერა. ძალიან მოეწონა ჩვენი დამწეერლობა და ჩემი დახმარებით ქართულის სწავლას შეუდგა. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ქვეყანა შევაყვარო სხვას. იტალიელებს ქართული ცეკვის, სიმღერის, ხუროთმოძღვრების, ტრადიციების ამსახველ ვიდეოებს ვაყურებინებ. ვაცნობ მათ ჩვენს წარსულს და დღევანდელობას. ერთი სული აქვთ, როდის ჩამოვლენ საქართველოში.

P.S. ილიაუნის სტუდენტი, უნიჭიერესი ვისი რუხაძე - ჩვენი აღმოჩენაა!

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge