ნათლია

ნათლია

19.01.2021

ნათლია

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

გიო მეკითხება: დე, დღეს ნათლისღებაა, ხო? კიმეთქი, ვუპასუხე და: იქით უნდა მივაკითხო ნათლულებს, თუ აქეთ უნდა მეწვიონო?! პანდემია რომ არ იყოს - აქეთ უნდა მოვიდნენმეთქი და უცებ, გამახსენდა ჩემი ნათლია...

მე მას, იმ დროიდან ვიცნობ, სიტყვებს რომ არასწორად წარმოვთქვამდი.მორდიას ეძახიან სამეგრელოში ნათლიას და მეც მორდიას მსგავსი რაღაცის თქმას ვცდილობდი, როცა ნათლიას ვხედავდი. მისი სახლის ხშირი სტუმარი ვიყავი. მამა არ მყავდა და ეტყობა ნათლიაში ვეძებდი იმას, რაც ცხოვრებამ დამაკლო. ნათლია სახლში იშვიათად იყო, მაგრამ, საბდენიეროდ, ჩემი ტოლები იყვნენ მისი უფროსი შვილები და მათთან სათამაშოდ უპრობლემოდ მიშვებდნენ. სანამ მარტვილში ვიყავი, ჩემი დღე ნათლიას ეზოთი იწყებოდა. სილა ეყარა იქ, სადაც ახლა მისი შვილიშვილებისთვის ევროპული დონის playground სათამაშო სივრცეა მოწყობილი, ჰოდა, მე, გოჩას და დოდოს იმ სილაში გაგვყავდა გვირაბები. დღემდე, როცა რომელიმე გვირაბში შევდივარ, ჩვენი გაყვანილი ის გვირაბები მახსენდება. მოხდა ისე, რომ ისინიც გადავიდნენ სხვაგან საცხოვრებლად და მეც სოხუმში შემიყვანეს სკოლაში და თითქოს, რაღაც ლამაზი დამთავრდა. თუმცა, ზაფხულობით კვლავ ერთად ვიყავით. სოფელში, ჩვენი ეზოები ერთმანეთს უყურებენ და მუდმივად ვახერხებდით ერთად ყოფნას. თუ ჩემზე ადრე მიემგზავრებოდნენ სოფლიდან, მოვიწყენდი და ნათლიაჩემის მშობლებთან ვატარებდი დღეებს. არაჩვეულებრივი ქალი იყო ნათლიის დედა ლენა თალარიშვილი. არ მახსოვს, წამიერად დამჯდარიყო, სულ გადაადგილდებოდა და ფუსფუსებდა, მესაუბრებოდა, მიყვებოდა თუშეთზე, ალვანის სახლზე, მისი ოთახის მიმდებარედ მცხოვრებ ლამაზ მდგმურზე, რომელიც მის სოფელში მიავლინეს გერმანულის და გეოგრაფიის მასწავლებლად. მერე იმაზე, თუ როგორ შეუყვარდა ეს ნასწავლი ბიჭი და იმაზე, თუ როგორ არ უნდოდა მამამისს, შორეულ სამეგრელოში გაეშვა თავისი პირმშვენიერი ლენა. არ დაუჯერა მამას და მაინც გაჰყვა თავის მიხაკოს. მერე მიყვებოდა მეგრელ მულებზე, მეზობლებზე... სითბოთი და სიყვარულით თავის შვილებზე. - გაკვეთილების სასწავლად როცა დავსვამდი ჩემ ბიჭებს, მაგიდაზე ლარნაკით ეზოში დაკრეფილ ყვავილებს და ხილს დავუწყობდი, თავი კარგად რომ ეგრძნოთ და სწავლა ჰყვარებოდათო! ასეც მოხდა, სულ ფრიადოსნები და მედალოსნები დაზარდა ლენა ბებომ. ნათლიაჩემმა, ალექსანდრე (ალიოშა) ჯანაშიამ  ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა და წითელ დიპლომზე ინსტიტუტი. შემდეგ კი სატყეო მეურნეობების დირექტორი იყო ხან სად და ხანაც სად. მახსოვს, როგორ ამზადებდა ლენა ბებო კერძებს, როცა უკვე ქალაქში წასულ შვილებს და რძლებს ელოდა სტუმრად. ტაფებიც მახსოვს მისი და ქვაბებიც და გემრიელი კერძების სურნელიც. დედაჩემი სამსახურში როცა მიდიოდა და თუ სახლში ბაბუაჩემის დები არ იყვნენ, ლენასთან მტოვებდა. ფაქტობრივად ჩემი მეორე ბებო იყო ლენა. სკოლიდან მოსული მიხა ბაბუ კი ბუხართან მახსოვს წიგნით ან გაზეთით ხელში, სახით და ქცევით მშვიდი და სანდო. მე არ მინახავს ამ კაცის ჩხუბი. საერთოდ ხომ ასეა, რომ კაცები არიან ოჯახში ხმის ამწევები. არაა, გამორიცხული, მისი სიმშვიდე იმითაც იყო განპირობებული, რომ ლენა ბებო იყო ზედმიწევნით მოწესრიგებული, დისციპლინირებული, ყველაფერს რომ ასწრებდა ისეთი ქალი. მოკლედ, კარგი წყვილი იყო, ნამდვილად. დიდხანს იცხოვრეს ერთად, ლამაზად და გემრიელად.

 და ისევ ნათლიაზე...  იშვიათად კი იყო სახლში, რადგან მაღალი თანამდებობები ეკავა, მაგრამ იმას, რომ ახსოვდა ჩემი არსებობა - მისი მეუღლის მეშვეობით სულ ვგრძნობდი. დიდმა სიყვარულმა ჩამოიყვანა ვაკელი გოგო ზეინაბ კობახიძე სამეგრელოში და  კარგი ქალის სახელით დამკვიდრდა. ბევრის საყვარელი პედაგოგია დღემდე. პასტელის ფერებში გადაწყვეტილი კაბა, რომელსაც წინ ორი ჯიბე ჰქონდა და ამ ჯიბეებზე მიხატული კი არ იყო ბაღი, არამედ მიკერებული  ფერადი ნაჭრებისგან შექმნილი ყვავილები უხვად - სწორედ ზეიკომ (ასე ეძახდა ნათლიაჩემი მას) მაჩუქა. ჩემზე, როგორც დედისერთაზე განსაკუთრებით ზრუნავდა მთელი სანათესაო, მაგრამ ეს კაბა იმდენად მომეწონა, რომ დღემდე მეხსიერებიდან არ ამომდის. ბევრი რამის გამო მიყვარს ალეკოს ზეიკო მეც, მაგრამ პირველ რიგში ალბათ - კარგი იუმორის და კარგი გემოვნების გამო.

სოხუმში როცა ვცხოვრობდი, იქაც ჩამომაკითხა ალეკო (ალიოშა) ნათლიამ და მახსოვს, მე და ჩემი დეიდაშვილები მთელი ერთი კვირა ვერ მოვერიეთ მისგან ნაჩუქარ ხარისხიან შოკოლადებს! მოწიწებით და რიდით ვიყავი გამსჭვალული ამ კაცის მიმართ. ახლა რომ ბავშვები ყელზე ჩამოეკიდებიან ნათლიებს, ეგეთი ურთიერთობა არ გვქონია, მაგრამ, სულ ორჯერ რომ გადამისვა თავზე ხელი, ის სითბო მთელი ცხოვრება მომყვება.

ნათლისღებას გილოცავთ!

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge