ართვინი

ართვინი

11.02.2021

ფოტოზე გამოსახულია ართვინი 1909 წელს.

ართვინი ფეოდალური საქართველოს ისტორიული პროვინციის კლარჯეთის ქალაქი იყო. მდ. ჭოროხის აუზი და, კერძოდ, ართვინი ძველთაგანვე კოლხეთის ბრინჯაოს მეტალურგიის მნიშვნელოვანი კერა იყო. ართვინი თავდაპირველად ქართველთა საკურაპალატოს ეკუთვნოდა, შემდეგ გაერთიანებული საქართველოს შემადგენლობაში შევიდა XVI საუკუნის ბოლოდან, სამხრეთ საქართველოს ოსმალეთის იმპერიის მიერ დაპყრობის შემდეგ, ართვინი დაკნინდა. ოსმალეთის იმპერიის შემდაგენლობაში ქალაქი ართვინი ეკუთვნოდა ლაზისტანის სანჯაყის ლივანას კაზას. 1878 წლიდან შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში როგორც ოკრუგის ცენტრი. რუსეთი სომხეთს ეხმარებოდა და ხელი შეუწყო მათ დაეწყოთ ეკლესიების მშენებლობა. 1882 წლისთვის ქალაქში იდგა 2 სომხური გრიგორიანული, 3 სომხური კათოლიკური ეკლესია, ტყავის სამი ქარხანა ჰქონდათ და 7 სკოლა. 1918 წელს ქალაქი კვლავ დაიკავა თურქეთის არმიამ. 1920 წლის 3 მაისს, ბრიტანეთის საოკუპაციო მმართველობის თანხმობით, ქალაქში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ნაწილები შევიდნენ ბახშიბეი მაჩაბელის მეთაურობით. მაგრამ როგორც კი საქართველო წითელმა არმიამ დაიპყრო და ჟორდანიას მთავრობა ქვეყნიდან გააქცია ეს ქალაქი ბოლშევიკური მთავრობის წყალობით ისევ თურქეთს გადაეცა და ის 1921 წლიდან ისევ თურქეთის საზღვრებშია.

ართვინის რაიონის მცხოვრები ვექილების წერილი არის იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორი საფრთხის წინ იმყოფებოდა სამუსლიმანო საქართველო, (ამ სახელწოდების გაზეთიც გამოდიოდა):

1. ართვინის უბნის მცხოვრებლები ამ უკანასკნელ ხანებში მეტად სამწუხარო და უნუგეშო მდგომარეობაში იმყოფებიან. ართვინის მცხოვრებნი შეიარაღებულ ბანდებისა და ყაჩაღებისაგან მუქარას განიცდიან. ართვინისა და მის ახლო მიდამოებში ანარქიულ მოძრაობასთან ერთად ბალშევიკურ მოძრაობასაც აძლიერებენ, სურთ ხალხი წესიერსა და მშვიდობიან ცხოვრებას ჩამოაცილონ და ხალხში არევ-დარევა და უკმაყოფილება გააძლიერონ, რასაც არანორმალური მდგომარეობის უფრო გამწვავება მოყვება. მშვიდობიანი ცხოვრების საჭირო პირობებს მოკლებული ხალხი ეკონომიურადაც მეტად ცუდ მდგომარეობაშია. სანოვაგის ნაკლებლობას და მისი წარმოუდგენელი სიძვირის გამო ხალხი დიდ გაჭირვებას განიცდის. ჩვენ, ართვინის მცხოვრებთა წარმომადგენლები, ზემოაღნიშნულ მდგომარეობათა გამო საბოლოოთ დავრწმუნდით, რომ დაგვიანდება, საჭირო ზომების მიუღებლობა, მცხოვრებლებს კატასტროფიულ მდგომარეობამდე მიიყვანს.

2. ართვინის უბნის მცხოვრებნი მოსალოდნელი უბედურების თავიდან ასაცილებლათ საქართველოს რესპუბლიკისგან საჩქარო დახმარებას და მფარველობას მოითხოვს.

3. ბათუმის ოლქის ასეთ საშიშ, არაბუნებრივ მდგომარეობის თავიდან ასაცილებლათ ვთხოვთ საქართველოს მთავრობას შემოიყვანოს თავისი ჯარები ჩვენში.

4. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფნი, ვსთხოვთ საქართველოს მთავრობას ასეთი ზომის მიღებით განამტკიცოს ჩვენში წესიერება და ბათუმის ოლქის ავტონომიურად გაერთიანება საქართველოსთან მის სისრულეში მოიყვანოს. ხელს აწერენ ართვინის მცხოვრებთა ვექილები.

ბორჩხის რაიონის მცხოვრებთაგან:

1. ბორჩხის რაიონი და მთელი ბათუმის ოლქი, რომელსაც, როგორც შიგნით, ისე გარედან ათასნაირი მტრები ემუქრებიან, ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, იხსნას ასეთ მდგომარეობისაგან და მიიღოს ზომები ჩვენში წესიერებისა და მშვიდობიანობის აღსადგენათ.

2. ჩვენი ხალხი, რომელსაც დღეს ემუქრებიან ჩეთნიკები, ყაჩაღები და ბალშევიკურ დენიკინური ანარქია, ასეთ პირობებისაგან თავის დასახსნელად საქართველოს მთავრობას ვთხოვოთ საჩქაროთ შემოიყვანოს ჩვენში მისი ჯარები და მით მცხოვრებთა ფიზიკური არსებობა და უფლებები დაღუპვისაგან იხსნას.

3. ვთხოვოთ იმავე მთავრობას, რათა ჩვენი ოლქი, როგორც განუყოფელი და განუყრელი ნაწილი დედა სამშობლო საქართველოსი, ავტონომიურათ გააერთიანოს საქართველოსთან.

მურღულის რაიონის მცხოვრებთა წარმომადგენლებისაგან:

ამა წლის 16 თებერვალს 25 შეიარაღებული ლაზი ჩეტნიკები თავს დაესხენ მურღულის რაიონის სოფელ ბაგეს მცხოვრებლებს, ალყა შემოარტყეს მევლუდ აღას სახლს, გაიტაცეს მისი ქალიშვილი და გაიქცნენ. გაიგეს რა მცხოვრებლებმა ეს ამბავი, დაედევნენ ყაჩაღებს და გაუმართეს სროლა, რომის დროსაც მოკლული იქნა ზემოაღნიშნული ყაჩაღების მეთაური ფაზილ ოღლი ქიბარი. ამ დღეს, ყაჩაღებმა მოახერხეს მიმალვა, მაგრამ მეორე დღეს, დილის 4 საათზე, სოფელ ბაშქიოშში გაიგეს რა თავისი მეთაურის სიკვდილი, გატაცებული ქალიშვილი მხეცურად მოჰკლეს, რის შემდეგაც პოდოჯურ-ვიწეს მიმართულებით გაიქცნენ ეს საზიზღარი და აღმაშფოთებელი ამბავი აქ მიტომ ავღნიშნეთ, რათა გადმოგვეცა საქართველოს მთავრობისათვის ჩვენი რაიონის და ახლო მიდამოების მდგომარეობა, რომელ რაიონშიაც დასახელებულ მოვლენის მსგავსი ხშირად ხდებოდა და ახლაც ხდება. სამწუხაროთ ჩვენში ისეთი მდგომაროება შეიქმნა რომლის მეოხებით ადამიანის სინდის-პატიოსნება და მისი უფლებები ფეხქვეშ ითელება.

ზემოაღნიშნულ მდგომარეობის გამო ჩვენ, მურღულის უბნის მცხოვრებთა წარმომადგენლები შევიკრიბენით და ერთხმათ დავადგინეთ:

1. მურღულში და საერთოთ ჭოროხის ხეობაში საჭიროა დაწესდეს შეურყეველი და წესიერი სახელმწიფოებრივი ცხოვრება.

2. მიუხედავათ იმისა, რომ მცხოვრებლებმა უკვე შეადგინეს თავისი რაზმი წესიერების აღსადგენად, ისინი მაინც საშიშ მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან მეტად ძნელია იმ ანარქიასთან ბრძოლა, რამაც ჩვენში იჩინა თავი და რაც თანდათან ძლიერდება.

3. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მთავრობას წესიერების აღსადგენათ, მცხოვრებთა მშვიდობიანობის დასაცავათ შემოიყვანოს ჩვენში თავის ჯარები.

4. ვთხოვთ აგრეთვე იმავე მეთაურობას მიიღოს საჭირო ზომები ბათუმის ოლქის, საქართველოს ამ განუყოფელ ნაწილის, ავტონომიურათ დედა სამშობლო საქართველოსთან გასაერთიანებლათ. ხელს აწერენ წარმომადგენლები. "ერთობა", 1920 წლის 23 მარტი, N66

 

 

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge