ორიენტალიზმი

ორიენტალიზმი

12.02.2021

ვინ არის ორიენტალისტი?

ორენტალისტი არის ის, „ვინც ასწავლის, წერს ან იკვლევს აღმოსავლეთს – და ეს ეხება ყველას, იქნება ანთროპოლოგი, სოციოლოგი, ისტორიკოსი თუ ფილოლოგი – მათი კვლევების სპეციფიკურ თუ ზოგად ასპექტებს; ის არის ორიენტალისტი, და რასაც ის აკეთებს, ორიენტალიზმია.

ორიენტალიზმი ლათინურად აღმოსავლეთს ნიშნავს.

პორიენტალიზმს უწოდებენ აგრეთვე აღმოსავლეთის ხალხთა მუსიკასაც, უფრო კონკრეტულად, ისეთი სტილის მუსიკას, რომელშიც აისახება რომელიმე აღმოსავლური ქვეყნის მუსიკალური კულტურისათვის დამახასიათებელი ნიშნები (მაგ., რიმსკი-კორსაკოვის „შეჰერაზადა“, სენ-სანსის „ალჟირული სიუიტა“, ბიზეს ოპერა „ჯამილე“ და სხვ).

The idealized Oriental world of The Reception of the Ambassadors in Damascus (1511)

ორიენტალიზმზე დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია ედუარდ საიდის  „ორიენტალიზმი“ (1978). ეს არის გამოკვლევა იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამს და  წარმოადგენს დასავლური მეცნიერება აღმოსავლეთს, აღმოსავლურ კულტურებს. საიდის აზრით, არსებობს მყარი ევროპაცენტრისტული წარმოდგენა არაბულ-მუსლიმური სამყაროსა და მისი კულტურის შესახებ, რომელიც ემყარება ევროპული კულტურაში ხანგრძლივი დროის მანძილზე არსებულ აზიის რომანტიზებულ იმიჯს. ასეთი აღქმა ემსახურებოდა და დღესაც ემსახურება ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების კოლონიური და იმპერიალისტური მიზნების დასაბუთება-გამართლებას. მუსლიმები, როგორც წესი, წარმოდგენილი არიან ან ნავთობის მიმწოდებლებად, ან პოტენციურ ტერორისტებად. საიდის აზრით, ორიენტალიზმი პოლიტიკურად განპირობებულია და, შესაბამისად, მისი მეცნიერული სანდოობა საეჭვოა. საიდის დასკვნა ემყარებოდა მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის (მიშელ ფუკოს, ჟაკ დერიდას, ანტონიო გრამშის, თეოდორ ადორნოს, რაიმონდ უილიამსის და სხვათა ნააზრევის) საფუძვლიან ანალიზს, ამიტომ ორიენტალიზმის თეორიამ დიდი გავლენა მოახდინა ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე, კერძოდ, ლიტერატურულ კრიტიკაზე, ლიტერატურის თეორიაზე, ახლო აღმოსავლეთის კვლევებზე.  ამავე დროს, ორიენტალიზმის თეორია კრიტიკის ობიექტადაც იქცა (აღმოსავლეთმცოდნე ბერნარდ ლუისი და სხვები). როგორც ერთ-ერთი მკვლევარი აღნიშნავდა, საიდის აზრით, ორიენტალიზმი გაგებულ უნდა იქნას როგორც პოლიტიკური კულტურის ნაყოფი, რომელიც, თავის მხრივ, აყალიბებდა პოლიტიკურ კულტურას კვლევის სფეროში.

ვინ იყო  ედუარდ საიდი?

ედუარდ ვადი საიდი (1935-2003) - პალესტინური წარმოშობის ამერიკელი ლიტერატურის თეორეტიკოსი, მწერალი, მუსიკოსი, ინგლისურისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროფესორი კოლუმბიის უნივერსიტეტში (აქ მისი ერთ-ერთი სტუდენტი ბარაკ ობამაც იყო), იყო ასევე ჰარვარდის, სტენფორდის, ჯონ ჰოპკინსის, იელის უნივერსიტეტების მიწვეული პროფესორი, სხვადასხვა დროს ასწავლიდა ასამდე სხვადასხვა უნივერსიტეტში. საიდი პოსტ-კოლონიალიზმის კრიტიკული თეორიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი წარმომადგენელია.

დაიბადა იერუსალიმში, პალესტინის ბრიტანული მანდატის ზონაში. მშობლები პალესტინელი ქრისტიანები იყვნენ. მისი მამა, ბიზნესმენი ვადირ საიდი, ამერიკის მოქალაქე იყო. ედუარდ საიდმა განათლება მიიღო აშშ-ში, სადაც  გაატარა მთელი ცხოვრება სკოლის ზედა კლასებიდან გარდაცვალებამდე. ბაკალავრის ხარისხი პრინსტონის, ხოლო მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიღო. აქტიურად იცავდა პალესტინელთა უფლებას - ჰქონოდათ საკუთარი სახელმწიფო, აგრეთვე მათ უფლებებს ისრაელში. ათი წლის განმავლობაში იყო პალესტინის ნაციონალური საბჭოს წევრი. ამავე დროს, აკრიტიკებდა ზოგიერთ არაბულ და მუსლიმურ რეჟიმს.

თავის ავტობიოგრაფიაში საიდი კაიროსა და იერუსალიმში ცხოვრების პერიოდს (12 წლამდე) „სამყაროთა შორის“ (“Between Worlds”) არსებობას უწოდებდა. „ჩემი არაბული გვარითა და ინგლისური სახელით, ერთგვარი ანომალია ვიყავი მთელი ახალგაზრდობის მანძილზე: პალესტინელი მოსწავლე ეგვიპტეში, ინგლისური სახელითა და ამერიკული პასპორტით, მკაფიო იდენტობის გარეშე; საქმეს კიდევ უფრო ართულებდა ის, რომ არაბული - ჩემი მშობლიური ენა - და ინგლისური - სკოლის ენა - ერთმანეთს უცნაურად ერეოდა და არ ვიცოდი, რომელი იყო ჩემთვის პირველი, სიზმრებს ორივე ენაზე ვხედავდი. ჩემს მიერ ინგლისურად წარმოთქმული ყოველი წინადადება ჩემს გონებაში არაბულად გახმიანდებოდა და პირიქით“, იგონებდა საიდი. წყარო: http://kulturiskvlevebi.weebly.com/uploads/1/8/3/7/18376403/_8_-___.docx

ორიენტალიზმზე ინფორმაციები მოიპოვა ნანა ჯანაშიამ.

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge