25 თებერვალი

25 თებერვალი

25.02.2021

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

1921 წლის 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა. 1921 წლის 11 თებერვალს საქართველოს თავს დაესხა მე-11 წითელი არმია. ხუთკვირიანი გმირული ბრძოლის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დაცვა ვერ მოხერხდა. 24 თებერვალს ღამის 12 საათზე გენერალმა გიორგი კვინიტაძემ ბრძოლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. თბილისი ალყაშემორტყმული იყო და მხოლოდ მცხეთისკენ მიმავალი გზა იყო თავისუფალი. მთავარსარდალმა კვინიტაძემ სწორედ ამ გზით გაიყვანა თბილისიდან მთავრობა, იუნკერები და სხვები. დარჩენის შემთხვევაში ისინი ტყვედ ჩაუვარდებოდნენ რუსებს. 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, დახვრეტები, პატიმრობები და გადასახლებები.

25 თებერვალი გლოვის დღეა!

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,

საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი -

ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,

ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,

არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!


თოვდა და თბილისს ებურა თალხი.

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,

მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,

ეფინებოდა გმირების გვამებს -

განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,

და უძრავ იყო თებერვლის ღამე.


თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,

სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,

სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,

მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,

სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,

თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით!


თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

mail

ფოტოზე: გენერალი გიორგი კვინიტაძე.

გენერალი გიორგი კვინიტაძე



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge