ვახუშტი ბატონიშვილი (ბაგრატიონი)

ვახუშტი ბატონიშვილი (ბაგრატიონი)

11.03.2021

ვახუშტი ბატონიშვილი/ბაგრატიონი (დ. 1696, თბილისი — გ. 1757 ან 6 დეკემბერი, 1784, დონის მონასტერი) — გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი. ავტორი სამეცნიერო თხზულებისა „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“. ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის უკანონო შვილი.ფრანგი მოგზაურის შარლ პეისონელის (1700-1757) ცნობით, მისი დედა ყმა გლეხის ქალი ყოფილა. ვახუშტი გაანათლეს გამოჩენილმა ქართველმა მოღვაწეებმა: სულხან-საბა ორბელიანმა და ძმებმა გიორგი და იესე გარსევანიშვილებმა (გარსევანოვებმა).ფლობდა ბერძნულ, ლათინურ, ფრანგულ, თურქულ, რუსულ და სომხური ენებს.1717 წელს ვახუშტი ბატონიშვილი დაქორწინდა მარიამ აბაშიძეზე. 1724 წელს კი ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო იძულებული იყო ვახტანგ VI-ს გაჰყოლოდა რუსეთში და სამეცნიერო მოღვაწეობა მოსკოვში განეგრძო. მოსკოვში დაწერა მან თავისი უმთავრესი ნაშრომი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან „ქვეყნის შექმნიდან“ - XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე.

ვახუშტი ბატონიშვილმა შეადგინა საქართველოსა და მისი მომიჯნავე ქვეყნების ორი ქართული გეოგრაფიული ატლასი, რომელიც წარმოადგენს კავკასიის ერთი ნაწილის პირველ დეტალურ და იმ დროისათვის ზუსტ კარტოგრაფიულ გამოსახულებას. პირველი ატლასი მან 1735 წელს შექმნა და იგი წარმოდგენილი იყო 8 რუკით. ატლასი ითარგმნა ფრანგულ და რუსულ ენებზე.

მეორე ატლასი ვახუშტიმ 1742-1743 წწ. შეადგინა, და ის 19 რუკისაგან შედგებოდა.

1752 წელს ვახუშტი ბატონიშვილმა რუსულიდან ქართულად თარგმნა „მოკლეპოლიტიკური გეოგრაფია“ 27-რუკიან მსოფლიო ატლასთან ერთად, რომელშიც გამოსახულია იმ დროს ცნობილი ყველა ქვეყანა, ამ სახელმძღვანელოთი ასწავლიდნენ გეოგრაფიას თელავის სემინარიაში.

ვახუშტისეული ევროპის რუკა -1752 წელი.

ვახუშტიმ პირველმა შეისწავლა ქართული გერბები და დაიტანა იგი თავის სახელგანთქმულ ატლასში. ატლასში შეტანილია ერთიანი საქართველოს, ცალკეული სამეფოებისა და სამთავროების გერბები. წმინდა გიორგი გამოსახულია საქართველოს სამეფო სახელმწიფო დროშაზე. ატლასში შეტანილია კახეთის, ქართლის, ოდიშის, იმერეთის სამეფო გერბები, მოთავსებულია სვანეთის, გურიის, აფხაზეთის გერბები და სხვ. ამრიგად, ვახუშტიმ ისტორიის დამხმარე დარგის — ჰერალდიკის შესწავლაც მოახერხა და ამით ამაგი დასდო ამ დარგის განვითარებას საქართველოში.

ვახუშტიმ დიდი წვლილი შეიტანა ეთნოგრაფიის კვლევის საქმეშიც. მან მაღალ დონეზე აღწერა საქართველოსა და კავკასიის ხალხთა ერთობლიობა და დაგვიტოვა არაერთი საყურადღებო ცნობა ქართველთა ჩაცმულობაზე, საქორწინო წეს-ჩვეულებებზე, ტრანსპორტზე, ნაგებობებზე და სხვ.

ვახუშტიმ საქართველოს კლიმატი ცალკეული მხარეების მიხედვით აღწერა და შექმნა სრულყოფილი კლიმატური დახასიათება.

ვახუშტი ასე ახასიათებს თბილისის ჰავას:

„ჰავითა არს მშვენი და მხიარული... ზაფხულს ცხელი და არა გაუძლისი, ზამთარ ცივი, გაზაფხულ-შემოდგომა მშვენი და სატრფო...“

ვახუშტი ბატონიშვილი აღწერს თბილისის ფაუნას:

"სანადირონი მრავალნი ახლოს, ფრინველთა და ნადირთა; ტბანი არიან მცირენი და უთევზონი, მყვართა სავსე; სხდების წერო ბატი მრავალი...“

ქართველი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი წერს:

"ვახუშტის თხზულება... ყოველი მკვლევარისათვის ყოველთვის აუცილებელი წყარო იქნება... იგი მუდამ უკვდავების შარავანდედით იქნება მოსილი და არასდროს მნიშვნელობა არ დაეკარგება...“

ვახუშტის სახელობისაა თბილისში, მდინარე მტკვარზე გადებული ერთ-ერთი ხიდი, არის ქუჩები ქუთაისსა და თბილისში, ვახუშტის სახელობისაა გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სვანეთის კავკასიონზე არის ვახუშტის მარადთოვლიანი მწვერვალი (4000 მ), უშოლთის მღვიმის ერთ-ერთ დარბაზს ვახუშტის სახელი ეწოდება; ბერჭილის ქედის ერთ-ერთი ღრმა უფსკრული ვახუშტი ბაგრატიონის სახელს ატარებს.დაწესებულია ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია. 1948 წელს მოქანდაკე ვალენტინ თოფურიძემ შექმნა ვახუშტი ბატონიშვილის ბრინჯაოს  ორი ბიუსტი. ვახუშტი დაკრძალულია მოსკოვის დონის მონასტერში.

XIX საუკუნის ცნობილი ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე და ქართველოლოგი მარი ბროსე წერს:

„ვახუშტიმ ისე აღწერა თავისი სამშობლო, როგორც არც ერთი აზიური ქვეყანა, გარდა ჩინეთისა, არ ყოფილა აღწერილი."

თბილისის გეგმა ვახუშტის მიხედვით:

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge