საბჭოთა ჟურნალისტიკის ქართველი გიგანტი

საბჭოთა ჟურნალისტიკის ქართველი გიგანტი

02.06.2021

ნანა ჯანაშია

By Nana Janashia

საბჭოთა საერთაშორისო ჟურნალისტიკის გიგანტი მელორ გიორგის ძე სტურუა 2021 წლის პირველ ივნისს, 93 წლის ასაკში ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინიაპოლისში  გარდაიცვალა! საბჭოთა პუბლიცისტიკის კორიფედ მიჩნეული მელორ სტურუა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის კურსდამთავრებული (მგიმო) იყო. მას შემოქმედებითი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაზეთებში აქვს გატარებული. სხვადასხვა წლებში იყო საკუთარი კორესპონდენტი ლონდონიდან, ვაშინგტონიდან და ნიუ იორკიდან. აშშ-ში ცხოვრებისას ის წერდა და აქვეყნებდა წიგნებს პოლიტიკურ თემებზე.

მელორ სტურუა თბილისელი იყო. დაიბადა 1928 წლის 10 აპრილს. დედა იყო ნინო აბულაძე, მამა გიორგი სტურუა, რომელიც 1942-1949 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იყო. ამბობენ, რომ ბიჭს მშობლებმა საბჭოთა სახელი დაარქვეს და რომ ეს სახელი მელორი - აკრონიმს წარმოადგენს (მარქსი, ენგელსი, ლენინი, ოქტომბრის რევოლუცია).

მელორ სტურუამ 1949 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (МГИМО).

1950 წლიდან მუშაობდა გაზეთში „იზვესტია“.

1960 წელს, როგორც სპეცკორი ახლდა ნიკიტა ხრუშოვს აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობისას. ამ მოგზაურობის შესახებ გამოქვეყნდა წიგნი სახელწოდებით „გამოღვიძებული აღმოსავლეთი“ და მელორ სტურუამ, როგორც თანაავტორმა მიიღო იმ დროისთვის პრესტიჟული ვოროვსკის პრემია.

ის არაერთი ცნობილი ინტერვიუს ავტორია. მათ შორისაა ინტერვიუ ამერიკის 34-ე პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერთან.

როგორც „იზვესტიის“ სობკორი მელორ სტურუა 1964 წელს მიავლინეს ლონდონში, სადაც მან 4 წელი იმუშავა. 1968 წელს კი გადაიყვანეს ნიუ-იორკში, სადაც 4 წელი ცხოვრობდა და მუშაობდა. 1972 წელს ის დააბრუნეს მოსკოვში და დანიშნეს იზვესტიის მთავარი რედაქტორის მოადგილედ. სტურუა ხელძღვანელობდა გაზეთის საერთაშორისო განყოფილებას. 1977 წელს ის კვლავ გაიგზავნა ამერიკაში, ამჯერად ვაშინგტონ დისიში, იზვესტიის საკუთარ კორესპონდენტად. ხუთწლიანი მუშაობის სემდეგ კი,1982 წელს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოითხოვა რომ სტურუას დაეტოვებინა ქვეყანა და ეს აშშ-მ გააკეთა მოსკოვის საპასუხოდ, რომელმაც ამერიკული საინფორმაციო ყოველკვირეული ჟურნალის “NNewsweek”-ის (1933-2012 მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი ამერიკელი ჟურნალისტი ენდრიუ ნაგორსკი საბჭოთა კავშირიდან განდევნა. 1982 წლიდან სტურუა კვლავ იზვესტიაშია, ხელმძღვანელობს განვითარებადი ქვეყნების განყოფილებას.

1989-1990 წლებში ამერიკელების მიწვევით სტურუამ მუშაობა დაიწყო კარნეგის ფონდში, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე.

აგვისტოს პუტჩის დროს ის მხარს უჭერდა ბორის ელცინს.

1990-1991 წლებში მელორ სტურუა მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სახელმწიფო მმართველობის სკოლაში.

1991 წლიდან გარდაცვალების დღემდე მელორ სტურუა იყო მინესოტას უნივერსიტეტის საზოგადოებრივი პოლიტიკის ჰემფის ინსტიტუტის პროფესორი.

დაწერა 30-ზე მეტი წიგნი, მათ შორის: „პოტომაკიდან მისისიპში“(1981), „ხედი ვაშინგტონზე სასტუმროდან უოტერგეიტი“(1984), „დრო გრინვიჩის მიხედვით და დრო სუბსტანციურად (არსებითად)“1969წ.), „საფეხბურთო ალბიონი, 1966“, „ეს შეშლილი, შეშლილი...“ (1986წ.) „ათი და ოცდაათი“(1978), „ოთხმოციანების ამერიკა. ხუთი წელი და ხუთი წუთი“(1986), „შეშფოთებული ამერიკა“ (1984)...

სანამ სსრკ-ს წარმოადგენდა, მელორ სტურუას რეპორტჟები იყო საბჭოური სტილის ანუ ანტიამერიკული.

სსრკ-ს დაშლამდე რამდენიმე წლით ადრე სტურუამ დატოვა კომუნისტური პარტიის რიგები.

მიუხედავად ამერიკაში ცხოვრებისა, მას არ გაუწყვეტია თანამშრომლობა რუსულ პრესასთან, კერძოდ კი „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ რედკოლეგიის წევრი და მუდმივი ავტორი იყო 2019 წლის აპრილის ჩათვლით. მის კალამს ეკუთვნის "მოსკოვსკი კომსომოლეცში" 2014 წელს გამოქვეყნებული გახმაურებული სტატია: „მიშა ბრუკლინში ანუ როგორ ცხოვრობს სააკაშვილი ამერიკაში.“

ამბობენ, რომ მელორ სტურუას ჰქონდა სასტუმრო ბიზნესი და ის „ჰოტელ ბიზნეს სითის“ დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე იყო. ასევე ფლობდა უიშვიათესი ავტომობილის „Dodge Charger”-ის 1973 წლის მოდელს ( ეს ავტომობილი პირველად 1966 წელს გამოვიდა ამერიკაში).

მელორ სტურუა არის არაერთი ჯილდოს მფლობელი. საქართველოში დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

მელორ სტურუას ჰყავს ვაჟი, ანდრეი სტურუა.

როგორც ამბობენ, მელორ სტურუას აშშ-დან გადმოასვენებენ მოსკოვში.

დასანანია, რომ რუსეთის მიწას მიაბარებენ კიდევ ერთ დიდებულ ქართველს...

P.S.  თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველკურსელი ვიყავი 1983 წელს, როდესაც მელორ სტურუას შესახებ გავიგე. დავინტერესდი მისით და ბიბლიოთეკაში მოძიებული პირველი წიგნი რომელიც მას გამაცნობდა იყო "25 ინტერვიუ". ვიმედოვნებდი, რომ ოდესმე ინტერვიუს ჩამოვართმევდი...

ფოტოზე: პილსბერი ჰილი(მეცნიერების დარბაზი), აშენებული 1889 წელს, არქიტექტორები ლ. ბუფინგტონი და ჰ. ელლი. მინესოტას უნივერსიტეტის უძველესი შენობებიდან ერთ-ერთი. სიცოცხლის ბოლომდე ამ უნივერსიტეტში მუშაობდა მელორ სტურუა.

 

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge