ენვერ ფაშა

ენვერ ფაშა

11.06.2021

ენვერ ფაშა (1881-1922) — ოსმალეთის იმპერიის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე,1914 წელს გამოვიდა გერმანიასთან კავშირის დამყარების ინიციატივით, რამაც გამოიწვია ოსმალეთის ჩართვა პირველ მსოფლიო ომში. ომის დროს ეკავა მთავარსარდლის მოადგილის თანამდებობა (მთავარსარდლად ფორმალურად ითვლებოდა სულთანი).

ენერგიულმა მოქმედებებმა და წარმატებებმა პოპულარული გახადა და მას ნაპოლეონ I-საც კი ადარებდნენ

რევოლუციის გამარჯვებისა და 1876 წლის კონსტიტუციის აღდგენის შემდეგ ენვერ-ფაშა დიპლომატიური მისიით გააგზავნეს ბერლინში. 1909 წელს ბერლინში სამხედრო ატაშედ დანიშნეს და ამ სამსახურში დარჩა კიდევ ორი წელი. გერმანიაში სამსახურის პერიოდში იგი გერმანოფილი გახდა. აღფრთოვანებული იყო გერმანიის არმიის დისციპლინით, მომზადების დონითა და შეიარაღებით.

1913 წელს ოსმალეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. შედეგად დამყარდა „სამი ფაშის დიქტატურა“ (ენვერ-ფაშა, თალაათ-ფაშა, აჰმედ ჯემალ-ფაშა). სამხედრო მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ წამოსწია პანთურქიზმისა და პანარაბიზმის იდები.

1918 წლის 30 ოქტომბერს მუდროსის დროებითი ზავის ხელმოწერის შედმდეგ ტრიუმვირატის წევრებთან ერთად გაიქცა ქვეყნიდან. სტამბოში გამართულმა სამხედრო საველე ტრიბუნალმა მას დაუსწრებლად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

1919 წელს შეხვდა საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელს კარლ რადეკს და მოლაპარაკებების შემდეგ შუა აზიაში სათავეში ჩაუდგა დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ბრძოლას. მოგვიანებით შეუერთდა ბასმაჩების მოძრაობას საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ შუა აზიის თურქუი ხალხების დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. გარდაიცვალა 1922 წლის 4 აგვისტოს წითელი არმიის ნაწილებთან ბრძოლაში, თანამედროვე ტაჯიკეთის სოფელ ბალჯუანში. მისი გარდაცვალების კონკრეტული დეტალების შესახებ რამდენიმე განსხვავებული ვერსია არსებობს.

ენვერ-ფაშას საფლავს მიაკვლიეს 1996 წელს და ტაჯიკეთიდან გადაასვენეს სტამბოლში. დაკრძალეს ქაგლაიანის რაიონის მემორიალურ მთაზე, თალაათ-ფაშას გვერდით.

ნ.ჯ. / N.J.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge