საბინა ჭანტურიას ახალი მუსიკალური ვიდეო ომის თემაზე

საბინა ჭანტურიას ახალი მუსიკალური ვიდეო ომის თემაზე

08.08.2022

საბინა ჭანტურიას ახალი კლიპი სიმღერაზე „Blood On Your Hands“

შვედ-ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი საბინა ჭანტურია 8 აგვისტოს მოვლენებს უძღვნის ახალ კლიპს, რომელიც საქართველოშია გადაღებული სიმღერაზე Blood On Your Hands (სისხლიანი ხელები გაქვთ)

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მომღერალმა და კომპოზიტორმა საბინა ჭანტურიამ სიმღერაზე “სისხლიანი ხელები გაქვთ“, რომელიც 2008 წელს დაწერა და  რუსეთ-საქართველოს ომს მიუძღვნა, გადაწყვიტა მუსიკალურ ვიდეო გადაეღო ახალგაზრდა რეჟისორ თეა ვაწაძესთან ერთად. კლიპის პრეზენტაცია 8 აგვისტოს შედგება. ომი და ლტოლვილების ბედი არის ის, რაც საბინას ოჯახმა 1993 წელს აფხაზეთში, 2008 წელს კი უკვე თავად მომღერალმაც საკუთარ თავზე გამოსცადა.

სიმღერაში აღწერილია ხალხის ტანჯვა ომისა და კონფლიქტების დროს და ის საფასური, რასაც უბრალო ადამიანები ასეთ დროს იხდიან. სიმღერაში „სისხლიანი ხელები გაქვთ“ გაჟღერებულია დაბრუნების მტკიცე იმედი იმ მიწაზე, რომელსაც ადრე სახლი ერქვა.

საბინა ჭანტურიას ახალი კლიპის გადაღებების ადგილად შერჩეულ იქნა თეთრი წყარო. ეს სიმღერა არის იმათთვის, ვისაც ომი გამოუვლია. ავტორი იმ ადამიანების მოგონებებს და იმედებს ეხება, რომლებსაც საკუთარი სახლ-კარი იძულებით დაატოვებინეს.

მუსიკალური ვიდეო Blood on Your Hands გამოვა 8 აგვისტოს საბინა ჭანტურიას (Sabina Chantouria) Youtube არხზე 21 საათზე, თბილისის დროით. Link to the music video on Youtube

არსებობს ამ სიმღერის ქართული ვერსიაც, რომელიც 2013 წელს CD დისკის ფორმით გამოვიდა საქართველოში. 8 აგვისტოს კი მის მოსმენას შეძლებთ ციფრული პლატფორმების მეშვეობითაც. – https://youtu.be/Z3T5YYPq23c

საბინა ჭანტურია არის ახალგაზრდა შვედ-ქართველი მომღერალი, საინტერესო ტექსტების და გრძნობათა სიმებით სავსე მუსიკის ავტორი. მას მიღებული აქვს ევროპული საუნივერსიტეტო მუსიკალური განათლება. საბინა მიწვეული იყო “World Champhionship of Performing Arts” -ზე ჰოლივუდში (2011 წ.). რის შემდეგაც ახალგაზრდა მომღერლით დაინტერესდნენ და ცნობილმა ჰოლივუდელმა რეჟისორმა ჩად შოლმაიერმა (Chad Schollmeyer) ზედიზედ ორი კლიპი გადაიღო. 2017 წელს საბინა საქართველოს ეროვნული ევროვიზიის ფინალისტთა კონკურსში მონაწილეობდა. საბინა დღემდე აქტიური საკონცერტო ცხოვრებით ცხოვრობს, მონაწილეობს სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალებში როგორც საქართველოში, ისე ევროპასა და ამერიკაში (მაგ.: Copenhagen Songwriters Festival, Stockholm Folk Festival, The Viper Room (Hollywood) და სხვა) – https://sabinachantouria.com/sabinas-shesaxeb/

 


 

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge