12 დეკემბერი აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღე

12 დეკემბერი აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღე

12.12.2022

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

(წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული მასალლა)

საქართველოში სირიიდან ჩამოსულ (VI ს. II ნახ.) სასულიერო პირთა შორის იყო აბიბოს ნეკრესელი. ის  ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი გახლავთ. პირველად, ქართლში, იოანე ზედზნელთან ერთად შემოვიდა. თავდაპირველად ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა დიაკვნად, შემდეგ ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა. იმ დროს საქართველოში ირანელები ბატონობდნენ. ერთხელ, აბიბოსმა ირანელთა მაზდეანურ სალოცავში წმინდა ცეცხლზე წყალი დაასხა და ჩააქრო. ირანელებმა ის საპყრობილეში ჩააგდეს. შემდეგ, გაიმართა სამსჯავრო და ჰკითხეს აბიბოსს, თუ რატომ ჩააქრო მან მაზდეანთა წმინდა ცეცხლი (რაÁსათვის ... მოჰკალ ღმერთი ჩუენი?). აბიბოსმა ვრცელი სიტყვა წარმოთქვა და მოუწოდა ირანელებსაც გაქრისტიანებისკენ. განრისხდა ირანელი მმართველი და აბიბოსის მოკვლა ბრძანა, რაც ხელქვეითებმა აღასრულეს კიდეც. აბიბოსის გვამი ქალაქგარეთ დააგდეს მხეცთა და ფრინველთათვის, თან დარაჯებიც მიუჩინეს, რომ ქრისტიანებს ფარულად არ წაეღოთ. მოხდა საოცარი რამ, ფრინველები და მხეცები არ მიეკარნენ აბიბოსს, მცველებმა კი ჩათვლიმეს. ამით ისარგებლეს იქვე ახლოს, რეხას მღვიმეში დადარაჯებულმა ქრისტიანმა ბერებმა და სასწრაფოდ წაიღეს აბიბოსის სხეული და მონასტერში დიდი პატივით დაკრძალეს.

P.S. ისტორიული ტოპონიმიკიდან ცნობილია სამი რეხა – წალკის მახლობლად, გორის მახლობლად და კასპის რაიონში.

საქართველოში ყოფნის პერიოდში აბიბოსი ეწეოდა ფართო მისიონერულ მოღვაწეობას: გააქრისტიანა არაგვისპირის კახელები, ებრძოდა ირანის რელიგიის - ზოროასტრიზმის გავლენას მათზე, იწინასწარმეტყველა ქართლიდან სპარსელთა განდევნა ბერძენთა მიერ, რაც მალევე ასრულდა კიდეც.

სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში დრემდე ინახება X საუკუნეში გადაწერილი ხელნაწერი, სადაც აღწერილია აბიბოს ნეკრესლის მარტვილობა.

აბიბოსის საქარველოში შემოსვლისა და მარტვილობის თარიღის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში განსხავებული მოსაზრებები არსებობს. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით აბიბოსი ქართლში 571 წლის შემდეგაა მოსული, ხოლო მისი მარტვილობა 591 წლამდე უნდა მომხდარიყო.

აბიბოს ნეკრესელი დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს მონასტერში, წმინდა ტრაპეზის ქვეშ. წმინდანის ხსენების დღეა 12 დეკემბერი!

Top of Form

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge