წმინდა ამბროსის დღე - 20 დეკემბერი

წმინდა ამბროსის დღე - 20 დეკემბერი

20.12.2022

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

(ნ. ჯ. მიერ ადაპტირებული მასალა)

წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა ქალაქ ტრირში (გერმანია). მისი მამა იმპერატორის ნაცვალი იყო გალიის მხარესა (დღევანდელი საფრანგეთი) და დასავლეთის სხვა პროვინციებში, კერძოდ კი იმ მიწებზე რომლებიც დღეს ეკუთვნის თანამედროვე საფრანგეთს და ბელგიას, ასევე ნიდერლანდებს, გერმანიას, შვეიცარიას და ესპანეთს. ამბროსის სიყრმეშივე სასწაულებრივ გაცხადდა მისი ღვთისრჩეულობა: მძინარე ჩვილის სახე მთლიანად ფუტკრებმა დაფარეს და ენაზე თაფლი დაუტოვეს ანუ როგორც სკაში, დატოვეს თაფლი. ბავშვის მამა, ამ ამბავს აკვირდებოდა, არ ჩარეულა, რადგან აინტერესებდა თუ რითი დამთავრდებოდა ეს სასწაული. მალე ფუტკრები ზემოთ აფრინდნენ და თვალს მიეფარნენ. მამა მიხვდა, რომ მის ვაჟს დიდებული მომავალი ელოდა. რომში, კაპიტოლიუმის ბორცვთან ახლოს დგას სახლი, სადაც ცხოვრობდა და იზრდებოდა წმ. ამბროსი. დღეს იქ ამბროსის სახელობის დედათა მონასტერია.

ბავშვობიდანვე წმ. ამბროსს მცირე უსამართლობაც კი აღელვებდა, ის ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს იყო.

ერობაში წმ. ამბროსი სასამართლოში მუშაობდა. ამხელდა ბოროტმოქმედებს და სიმართლეს ობიექტურად არკვევდა.

მოსამართლეობის შემდეგ, წმ. ამბროსი რომის ორი ოლქის გამგებლად დანიშნეს, ანუ დღევანდელი საფრანგეთისა და თანამედროვე იტალიის ჩრდილო ნაწილების.

მისი ცხოვრება მკვეთრად შეცვალა დიდ სავაჭრო ქალაქში, მედიოლანში ჩასვლამ. ქალაქში, სადაც ყვაოდა მეცნიერება და ხელოვნება, გარდაიცვალა ეპისკოპოსი. დაიწყო არეულობა, ხალხი ორად გაიყო, ორივე მხარეს თავისი წარმომადგენელი სურდა ეპისკოპოსად. წმ. ამბროსს დაევალა მღელვარების ჩაქრობა. წმინდანი შევიდა ტაძარში, სადაც არჩევნები ტარდებოდა და მოჩხუბრების შერიგება სცადა. უცებ გაისმა ახლადენაადგმული ბავშვის ხმა, რომელმაც იმწამს დაიწყო საუბარი და პირველი რაც თქვა იყო: "ამბროსი ეპისკოპოსი, ამბროსი ეპისკოპოსი!"

ამ სასწაულმა ყველაზე იმოქმედა და ხალხიც აჰყვა ბავშვის ხმას და გაიმეორა:"ამბროსი ეპისკოპოსი, ამბროსი ეპისკოპოსი!"

ამბროსი იმ დროს მონათლულიც კი არ იყო. ამიტომ იუარა და ტაძრიდან ჩუმად გაიპარა, მაგრამ ძალით დააბრუნეს. ამბროსიმ მეორედაც მოახერხა გაქცევა და თავი ერთი წარჩინებულის მამულს შეაფარა. ხალხმა მეფეს მიმართა თხოვნით, რომ ამბროსი მოეძებნათ. რომიდან მეფის ბრძანება მოვიდა, რომ ამბროსი ეპისკოპოსად ეკურთხებინათ. მხოლოდ ამის შემდეგ გაამხილა წარჩინებულმა ამბროსის ადგილსამყოფელი და მედიოლანში ხალხთან მიიყვანა.

ამბროსი მოინათლა. ყველა საეკლესიო ხარისხი შვიდ დღეში გაიარა და მერვე დღეს ეპისკოპოსად აკურთხეს.

წმ. ამბროსი ერეოდა სახელმწიფო საქმეებში. მისი მითითებით იმპერატორმა გრაციანემ (367-383), რომის სენატის დარბაზიდან გაიტანა ვიქტორიას სამსხვერპლო, რომელზედაც ფიცს დებდნენ. იმპერატორ თეოდოსი I (379-395) თესალონიკის უდანაშაულო მკვიდრთა გადასახლების გამო მკაცრად დასაჯა. წმინდანისათვის არ არსებობდა განსხვავება მეფესა და უბრალო კაცს შორის: სასჯელის აღსრულების შემდეგ მან თეოდოსი საკურთხეველში არ შეუშვა და აიძულა, მრევლთან ერთად დალოდებოდა წმინდა ძღვენის გამობრძანებას, ანუ გაათანაბრა უბრალო ხალხთან.

მღვდელმთავარი სიმკაცრესთან ერთად კეთილი და გულმოწყალეც იყო. სასწაულთქმედების ნიჭით მომადლებულმა ამბროსიმ მრავალი განკურნა სნეულებისაგან. ერთხელ, ფლორენციაში, უფლის რჩეულმა მკვდარი ყრმა გააცოცხლა. წმინდა ამბროსიმ წინასწარ იგრძნო საკუთარი აღსასრულის მოახლოებაც და თავის მღვდელმსახურებს უთხრა: „მე მხოლოდ უფლის ბრწყინვალე აღდგომამდე დავრჩები თქვენთან!“

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ის თავის მოწაფეს, პავლინე ხუცესს 43-ე ფსალმუნის განმარტებებს კარნახობდა. უეცრად პავლინემ იხილა, თუ როგორ დაადგა ამბროსის თავს სულიწმიდა ცეცხლის სახით და მის ბაგეთა შორის გაუჩინარდა.

397 წლის 4 აპრილს, აღდგომა ღამეს, ნეტარი ამბროსი გარდაიცვალა.

წმინდა ამბროსი ცნობილია აგრეთვე, როგორც საეკლესიო მწერალი. მას ეკუთვნის ხუთი წიგნი სარწმუნოების შესახებ, სამი წიგნი სულიწმინდის შესახებ და ორიც - სინანულზე; მღვდელმთავრის ცნობილი ნაშრომი: „მღვდელმსახურთა მოვალეობების შესახებ“ ცხადად მოწმობს, რომ მას ღრმად ჰქონდა შეცნობილი მოძღვრების უფლება-მოვალეობანი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge