ყაჭო

ყაჭო

25.01.2023

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

(მომზადებული დაიჯესტ-მასალა)

                                             ყაჭო

"წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა

ალვის ხის ჩამონათალი,

წყალო დადექ და მითხარი,

საყვარლის შემონათვალი."

აჭარული ფოლკლორი და ეთნოგრაფია ჩვენი კულტურის უნიკალური საგანძურია. ახლახან, ამ საგანძურს შეემატა

მწერალ ნიაზ ზოსიძის ინიციატივით და მონდომებით გამოცემული წიგნი "ყაჭო."

აჭარელი კაცი, მეტსახელად ყაჭო მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში იყო ძალიან პოპულარული სახალხო მთქმელი. შაქირ ზოსიძე იყო მისი ნამდვილი სახელი და გვარი, მაგრამ ყველა ყაჭოთი იცნობდა. მისი გამოჩენა აბრეშუმის ჭიის გამოჩენასავით უხაროდა სოფლის მოსახლეობას. (ყაჭო ნიშნავდა სიხარულს, კარგ განწყობას აჭარის სოფლის მოსახლეობაში აბრეშუმის ჭიის გამოჩენისას. აქედანაა წარმოებული - აყაჭება, გაყაჭებული - აჭარულ დიალექტში.) 75 წლამდე იცხოვრა ყაჭომ და სამუშაოდან თავისუფალ დროს სოფელ-სოფელ დადიოდა და რადგან წერა არ იცოდა, იზეპირებდა ხალხურ ლექსებს. ის 1893 წელს დაიბადა და 6 წლის ასაკში დაობლებული, ნათესავებს მუსლიმურ მედრესეში შეუყვანიათ სასწავლებლად, საიდანაც გამოქცეულა - მაგათი ენა არ მესმოდაო და ამ მიზეზით. შუახევში, სოფელ ჯაბნიძეებში ცხოვრობდა და განათლების გარეშე დარჩენილი მუშაობდა მწყემსად. სამაგიეროდ აღმოაჩნდა ლექსების ზეპირად შეთხზვის და დამახსოვრების უნარი. მალე მოიხვეჭა სახელი - სახალხო მთქმელის და სხვადასხვა ღონისძიებებზე გამოდიოდა და ამით პურის ფულსაც შოულობდა. ყაჭოს ეკუთვნის ცნობილი სასიმღერო ლექსები:

"გოგოვ, გოგოვ, კისკისა"

"მე რომ გოგო მინდოდა"

"ყველა ხე რომ აყვავილდა"

" გაღმა ქათამი გავდენე"

“გოგოვ, შენი წელი წმინდა”

“წუხელი სიზმარში გნახე”

“ერთი ცალი ვაშლი მქონდა”

" შევარდენი გადმოფრინდა აბრეშუმის ბუდიდანა”

"წვიმა წვიმს და ნამი არა"

“ეგერ მაღლა წყარო მოდის” და ა.შ.

ყაჭოს ეკუთვნის.

მწერალი ნიაზ ზოსიძე, რომელიც ამჟამად თურქეთის ქალაქ სინოპზე და მის ირგვლივ ქართველებით დასახლებულ 14 სოფელზე წერს წიგნს, პროფესორ აკაკი გაწერელიას ( ზვიად გამსახურდიას ნათლია) სტუდენტი იყო. ერთხელ, ბატონ აკაკის უკითხავს, მთელი მსოფლიო ლიტერატურა ზეპირად იცი და ყაჭო თუ გაქვს წაკითხულიო? არაო, უპასუხნია, სტუდენტს! აუცილებლად წაიკითხეო, რჩევა მიუცია პროფესორს!

ათწლეულების შემდეგ, შეუსრულა ბატონმა ნიაზმა პროფესორ გაწერელიას სურვილი და არა მხოლოდ წაიკითხა და გამოსცა ყაჭოზე წიგნი, არამედ, ყაჭოს (1893-1968) უპატრონოდ მიტოვებულ და გავერანებულ საფლავსაც მიაგნო და ხარისხიანად გააკეთა.

"ნალიაზე მე ვერ ევალ

კიბე უყუდებელიო,

იქიდან მე ვერ ჩამოვალ,

შენზე ჩუხუტებელიო!"

ყაჭო

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge