სერდალო სინათლეს ნიშნავს

სერდალო სინათლეს ნიშნავს

17.07.2023

„სერდალო“ (ინგუშეთი)

მე-20 საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში მცხოვრებმა ინგუშმა მაგომედ ჯაბაგიევმა რუსულზე და ლათინურზე დაყრდნობით შექმნა ინგუშური ანბანი. ამ ანბანის პრაქტიკაში დანერგვა რუსულ იმპერიალისტურ გეგმაში არ შედიოდა და გამოუყენებელი დარჩა. მე-20 საუკუნის 10-იან წლებში, რევოლუციამდე, ინგუშებმა მოინდომეს რომ არაბულ ენაზე გამოეცათ გაზეთი, რომელსაც თან დაერთვოდა თარგმანი ინგუშურ ენაზე. იმ პერიოდში ინგუშეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა არაერთი მადრასა (სასწავლებელი მეჩეთთან ან მეჩეთში), სადაც სწავლება არაბულ ენაზე მიმდინარეობდა. ვერც ეს იდეა განხორციელდა, რადგან, რუსეთის იმპერიის მიზანი რუსულენოვანი პრესის დამკვიდრება იყო კავკასიაში.  მან მიაღწია კიდეც საწადელს. პირველი გაზეთი ინგუშეთში გამოვიდა 1920 წელს, რა თქმა უნდა რუსულ ენაზე და ერქვა „წითელი ინგუშეთი“ ("Красная Ингушетия"), რომელსაც შემდგომში „ინგუშეთის ღატაკები“ ("Ингушская беднота") ეწოდა. მხოლოდ გასაბჭოების შემდეგ მიეცა ინგუშეთს იმის უფლება, რომ ჰქონოდა საკუთარი დამწერლობა.  პირველ ინგუშურენოვან გაზეთს, რომელიც 1923 წელს გამოვიდა ინგუშებმა „სერდალო“ ანუ სინათლე დაარქვეს.  ამ ჟესტით რუსეთმა თავისუფლებისმოყვარული ინგუში ხალხის მოსყიდვა სცადა. შეუქმნა ილუზია, რომ ისინი დამოუკიდებლები არიან. აქვთ გაზეთი და ა.შ. 1944 წელს კი გენოციდი მოუწყო, საკუთარი მიწიდან აყარა. მათი დედაქალაქი ვლადიკავკაზი მეზობელ ოსებს უბოძა. მხოლოდ 13-წლიანი გადასახლების შემდეგ  გამოუცხადა ამნისტია  და 1957 წელს  უკვე განახევრებული და დაშინებული  ინგუში ხალხი საკუთარი ქვეყნის  განახევრებულ ტერიტორიას დაუბრუნა. გაზეთი „სერდალო“ ორენოოვანია და  დღემდე გამოდის.

1913-1918 წლებში თემირ ხან  შურაში არაბულ ენაზე გამოდიოდა სამეცნიერო ხასიათის  გაზეთი "ჯარიდათუ დაღესტანი"/"Заря Дагестана" და "Мусульманская газета."(1912-1914) პირველი ყარაჩაულ-ჩერქეზული გაზეთი „Таулу джашау“(მთის ცხოვრება), გამოსცა ყარაჩაელმა მეცენატმა  ისმაილ  აკბაევმა.  კორესპონდენციები ქვეყნებოდა ავარულ, კუმიკურ, დარგუულ ენებზე (კავკასიურ ენათა დაღესტნური ენების ნაწილი)  ბეჭდვისას იყენებდნენ არაბულ შრიფტ "აჯამს."აკბაევმა ყარაჩაულ ენაზე შეადგინა დედა ენა „ანა ტილ“ და 1916 წელს ქალაქ ტფილისში გამოსცა  2 ათასი ეგზემპლარი ტირაჟით.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge