შიო ჩიტაძე

შიო ჩიტაძე

31.01.2024

ცარისტული რეჟიმის მიერ მოკლული ქართველი  პუბლიცისტი, პედაგოგი  და პოლიტიკოსი შიო ჩიტაძე

მასალა მოამზადა ნანა ჯანაშიამ

შიო ჩიტაძე (1873-1906) - პუბლიცისტი და პედაგოგი, დაიბადა გორში, განათლება მიიღო თბილისში და კიევში. 1904 წლამდე მუშაობდა კიევში პედაგოგად და იბეჭდებოდა ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში. საქართველოში დაბრუნებული დაინიშნა ქართული გიმნაზიის ხელმძღვანელად. პედაგოგიურ მოღვაწეობასტან ერთად განაგრძობდა აქტიურ ჟურნალისტურ ცხოვრებას.  დღეს, ბევრისთვის ის  ცნობილია მხოლოდ მისი სახელობის ქუჩით, რომელიც თბილისში, მთაწმინდაზე  მდებარეობს.  ჩიტაძე იყო ცხრაასიანი წლების დასაწყისის ყველაზე გამოჩენილი პუბლიცისტი. პოლიტიკური რწმენით სოციალისტ-ფედერალისტი  და ამ პარტიის გაზეთების "ცნობის ფურცელი" და "შრომა" მუდმივი თანამშრომელი. იბეჭდებოდა ფსევდონიმით - შ.ჩ. და ყვავი. მისი სტატიები კრიტიკულობით გამოირჩაოდა და მათში აშკარად იგრძნობოდა ცარიზმის დამხობის სურვილი. როგორც პედაგოგი იყო რეფორმატორი და დემოკრატიულ პრინციპებზე აგებულ "თავისუფალ სკოლას" მოითხოვდა. მისმა სტატიებმა განსაკუთრებული სიმწვავე  1905 წლის სექტემბერში, თბილისის სკოლების მოსწავლეების მიტინგზე მონაწილეობის შემდეგ შეიძინა. რუსთაველის გამზირზე  აქციის ერთ მონაწილესა და გიმნაზიის მოსწავლეებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც  ჯარმა აიკლო იქაურობა. დაარბიეს გიმნაზიის შენობა, დუქნები და რედაქციები. ნადირობდნენ და მოკლეს გიმნაზიის მოსწავლეები და უფროსი ასაკის ხალხი, სულ 50 კაცი. საზოგადო მოღვაწე ფილიპე გოგიჩაიშვილმა 9 თუმანი გადაუხადა კაზაკს რათა არ მოეკლა. ან ფული უნდა მიგეცა ან უნდა გემღერა „ბოჟე ცარია ხრანი“ ანუ რუსეთის  ჰიმნი. შიო ჩიტაძე ამ ამბავს  გაალმასებული შეხვდა და დაიწყო  კრიტიკული სტატიების გამოქვეყნება.  მთავრობამ მისი მოშორება განიზრახა და ზუსტად 1906 წლის 4 ივლისს იგივე ადგილას, ანუ რუსთაველზე,  სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობის ფანჯრიდან ვიღაცამ გადმოაგდო ხელნაკეთი ყუმბარა, რის შედეგადაც  დაიჭრა თბილისის პოლიცმეისტერი მარტინოვი. ცარიზმის აგენტები უმალვე  შეიჭრნენ გიმნაზიის შენობაში, მასწავლებლებიდან ზოგი  ცემეს, ზოგიც  დაჭრეს. ეს იყო გამიზნული პროვოკაცია. რადგან სიკვდილით მხოლოდ ერთი ადამიანი დასაჯეს იმ დღეს - გიმნაზიის დირექტორი შიო ჩიტაძე.   ეს ამბავი შემთხვევითობად რომ მოენათლათ ამ მიზნით  გარდაცვლილი გაძარცვეს, მისი ოქროს საათი და სხვა ნივთები  წაიღეს. შიო ჩიტაძის დაკრძალვა გადაიქცა დიდ დემონსტრაციად. შიო ჩიტაძეს უყვარდა შემდეგი შინაარსის ბრეტონული ზღაპარი ტოროლაზე (ხშირად ახსენებდა თავის სტატიებში): ერთხელ,  ადამიანებმა დაიძინეს და როცა გაიღვიძეს არ გათენდა. ანერვიულდნენ, მაგრამ შეეჩვივნენ.  მხოლოდ ტოროლამ ვერ აიტანა ეს სიბნელე. აფრინდა მაღლა, მზეს შეეხო და ქვეყანას ჩამოაცალა ეს სიბნელე, ხალხს ნათელი დღე დაუბრუნა, მაგრამ თავად დაიწვა და ჩამოვარდა. მეგობრები ეუბნებოდნენ შიოს, შენ არ გამოდგე ეგ ტოროლაო. ასეც მოხდა. ის შეეწირა ცარისტულ რეპრესიებს.  ასეთი იყო ცარიზმის მიერ რეპრესირებული პუბლიცისტის და პედაგოგის ბედი.

P.S. "ახალი ცხოვრება" გაზეთი, რომელიც გამოიცემოდა სტალინის ხელმძღვანელობით და იყო ბოლშევიკური, ქართული გიმნაზიის აკლებას და შიო ჩიტაძის მკვლელობას შემაძრწუნებელს უწოდებს და ამბობს: "თვითმპყრობელობის ავკაცობათა დაუსრულებელ რიგს კიდევ ერთი სიმხეცე მიემატა!.. ის ჩვენი იდეური მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ, მისი მოკვლა ჩვენც არანაკლებ გვივსებს გულს შურისძიების გრძნობით. დეე, ეს მსხვერპლი მუდამ განუშორებელი იყოს ჩვენი ხსოვნიდან და სისხლის ასაღებად მოგვიწოდებდეს".

P.S.S. „ახალი ცხოვრება“ — პირველი ქართული ლეგალური ბოლშევიკური გაზეთი, გამოდიოდა თბილისში 1906 წლის 20 ივნისიდან 14 ივლისამდე. გამოცემას ხელმძღვანელობდნენ იოსებ სტალინი, მიხა ცხაკაია, ფილიპე მახარაძე, მიხეილ დავითაშვილი, მალაქია ტოროშელიძე, მიხეილ ბოჭორიძე, გიორგი თელია და სხვები. ფორმალური რედაქტორი-გამომცემელი ნ. ახმეტელაშვილი. გაზეთს თავისი წვლილი შეჰქონდა ბოლშევიკური პარტიის იდეოლოგიური, ორგანიზაციული, ტაქტიკური და თერიული საფუძვლების მომზადებისა და დაცვის ისტორიის საქმეში. გამოქვეყნებული მასალა მოიცავდა არა მარტო საქართველოს და ამიერკავკასიის, არამედ მთელი რუსეთის პროლეტარიატის ინტერებსაც.„ახალ ცხოვრებაში“ თანამშრომლობდნენ მწერლები: იროდიონ ევდოშვილი, გერონტი ქიქოძე, ია ეკალაძე, ნატალია არზიანი, დომენტი თომაშვილი, ვარლამ რუხაძე, ნიკო კურდღელაშვილი. მუშა პოეტები: მ. ბოჭორიძე, ლ. იაშვილი, ვ. ხანდაშვილი და სხვები. „ახალი ცხოვრება“ სულ გამოვიდა 20 ნომერი. დაიხურა მთავრობის განკარგულებით. 1906 წლის 14 ნოემბრიდან გამოცემის ხელმძღვანელობამ გაზეთი „ახალი დროება“ დააარსა. (წყარო:ვიკიპედია. მოიძია ნ.ჯ.- მ.)

წყარო: პირველი არხი. ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის რუბრიკა „ადამიანები ისტორიიდან“

გადაცემა:  #ამშაბათკვირას

https://www.youtube.com/watch?v=WvAK3gnlG8k



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge