ლუჩიან ბლაგა

ლუჩიან ბლაგა

27.03.2024

ვიქტორ (ვიკი) კუხიანიძე

Victor (Vic) Kukhianidze

სიბიუს ლუჩიან ბლაგას უნივერსიტეტი - საჯარო უნივერსიტეტი სიბიუში, რუმინეთში. უნივერსიტეტი რუმინელი მოღვაწის ლუჩიან ბლაგას სახელს ატარებს. დაარსდა 1990 წელს და თავდაპირველად ხუთ: ლიტერატურის, ისტორიისა და სამართლის, მედიცინის, სურსათისა და ტექსტილის წარმოების ტექნოლოგიების და ინჟინერიისა და მეცნიერების სკოლას მოიცავდა. ლუჩიან ბლაგა იყო რუმინელი ფილოსოფოსი, პოეტი, მთარგმნელი, დრამატურგი, ჟურნალისტი, უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომატი, რუმინული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა მე-20 საუკუნეში.  დაიბადა 1895 წლის 9 მაისს (ლანკრემი, ალბა, რუმინეთი). გარდაცვალების თარიღიც 9 მაისს დაემთხვა,  66 წლის ასაკში, 1961 წელს. დასაფლავებულია რუმინეთის ქალაქ კლუჟში.

ლუჩიან ბლაგას ფილოსოფიური შრომები წარმოდგენილია სამ სამტომეულში: „ცოდნის ტრილოგია“ (1943), „კულტურული ტრილოგია“ (1944) და „ღირებულებების ტრილოგია“ (1946).

ლუჩიან  ბლაგა  მართლმადიდებელი მღვდლის ისიდორ ბლაგას  და დედის  ანა ბლაგას ოჯახში მეცხრე შვილი იყო. როგორც მოგვიანებით ერთ-ერთ ნაწარმოებში აღიარა, 4 წლამდე საერთოდ არ ლაპარაკობდა და მუნჯად ითვლებოდა.

ლუჩიან ბლაგამ დაწყებითი სკოლის წლები სებესის გერმანულ გიმნაზიაში გაატარა (1902-1906), შემდეგ სწავლა განაგრძო ბრაზოვის ანდრეი შაგუნის ლიცეუმში (1906-1914). ამას მოჰყვა სწავლა სიბიუსა და ორადას თეოლოგიის ფაკულტეტზე (1914-1917). 1917-1920 წლებში სწავლობდა ფილოსოფიასა და ბიოლოგიას ვენის უნივერსიტეტში, დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიაში.

1919 წელს გამოსცა ლექსების პირველი კრებული - ბროშურა "სინათლის ლექსები".

1926 წლიდან - დიპლომატიურ სამსახურშია (ვარშავა, პრაღა, ლისაბონი, ბერნი, ვენა). 1936 წელს აირჩიეს რუმინეთის აკადემიის ნამდვილ წევრად. 1939 წლიდან ასწავლიდა კულტურის ფილოსოფიას კლუჟისა და სიბიუს უნივერსიტეტებში, ხელმძღვანელობდა კლუჟის აკადემიურ ბიბლიოთეკას და ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას.

ომის შემდგომ რუმინეთში ის სოციალურ და კულტურულ იზოლაციაში იმყოფებოდა. 1956 წელს  ლუჩიან ბლაგა  ნობელის პრემიის კანდიდატად წარადგინეს საფრანგეთმა და იტალიამ, მაგრამ რუმინეთის კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ, რომელიც ბლაგას „ბურჟუაზიულ იდეალისტად“ მიიჩნევდა, ზეწოლა მოახდინა ნობელის კომიტეტზე და ხელი შეუშალა მისი კანდიდატურის განხილვას.

1962 წლამდე ბლაგას ლიტერატურული ნაწარმოებები, გარდა ლესინგისა და სხვათა თარგმანებისა, არ გამოქვეყნებულა სოციალისტურ რუმინეთში.

სიბიუს უნივერსიტეტი, რომელიც ლუჩიან ბლაგას სახელს ატარებს ერთ-ერთი საუკეთესო უმაღლესი განათლების ცენტრია თანამედროვე რუმინეთში.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge