ფორტი ლივენვორთი

ფორტი ლივენვორთი

30.03.2024

ვიქტორ (ვიკი) კუხიანიძე

Victor (Vic) Kukhianidze

ფორტი ლივენვორთი (Fort Leavenworth) არის ერთ-ერთი უძველესი ამერიკული ციხესიმაგრე, რომელიც მდებარეობს ლივენვორთის ოლქში, კანზასის შტატში, ქალაქ ლივენვორთის ჩრდილოეთით, შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. იგი ითვლება მისისიპის დასავლეთით არსებულ უძველეს ციხედ, რომელიც 197 წლისაა. როდესაც ქვეყანა დასავლეთისკენ გაფართოვდა, ეს ციხე იქცა პირველ საყრდენ პუნქტად ათასობით ჯარისკაცის, ემიგრანტის, მისიონერის, ინდიელისა და დევნილისთვის. ამჟამად ციხეს უკავია 2300 ჰექტარი ფართობი და მასზე 1000-ზე მეტი შენობაა. ფორტი ლივენვორთი მდებარეობს №69-ე გზატკეცილზე, რომელიც წარსულში ფორტ სკოტს და ფორტ გიბსონს აკავშირებდა ერთმანეთთან.
Fort Leavenworth მდებარეობს მე-18 საუკუნეში დაარსებული ლუიზიანას კოლონიის ყველაზე დასავლეთით მდებარე ფრანგული ციხის Fort de Cavagnal-ის სამხრეთით, რომელიც ფრანგებმა ლუიზიანას ესპანელებზე გადაცემის შემდეგ დატოვეს.
1823 წელს შეერთებულმა შტატებმა დაიწყო სამხედრო კამპანია დიდი დაბლობების ინდიელების წინააღმდეგ. 1827 წელს, მე-3 ქვეითი რაზმის ჯარისკაცებმა, პოლკოვნიკ ჰენრი ლივენვორთის მეთაურობით, აღმართეს ფორტი ლივენვორთი, რომელიც იყო სანტა-ფესკენ მიმავალი გზის ჩამკეტი. Fort Leavenworth-ი დიდი ხნის განმავლობაში იყო ამერიკელებისთვის ერთადერთი საყრდენი პუნქტი კანზასში.
1846 წლის 1 აგვისტოს მორმონთა ბატალიონი, პოლკოვნიკ ჯეიმს ალენის მეთაურობით, გაემართა ფორტ ლივენვორთის გავლით მექსიკაში სამხედრო ოპერაციაზე. პოლკოვნიკი ალენი ავად გახდა ამ კამპანიის დროს და 23 აგვისტოს გარდაიცვალა Leavenworth-ში.
1866 წლის 21 სექტემბერს, ფორტ ლივენვორთში ჩამოყალიბდა მე-10 აფრო-ამერიკული კავალერია, ცნობილი როგორც "შავკანიანთა კავალერია" ან "ბუფალო ჯარისკაცები".

1881 წელს გენერალმა უილიამ ტ. შერმანმა ფორტ ლივენვორთში დააარსა ქვეითთა და კავალერისტთა სასწავლებელი. შემდგომში იგი გაფართოვდა და გახდა სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი. ამ კოლეჯის კურსდამთავრებულები იყვნენ ცნობილი ამერიკელი გენერლები დუაიტ ეიზენჰაუერი და ომარ ბრედლი, ასევე ეთიოპიელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე მენგისტუ ჰაილე მარიამი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge