ადოლფ ბერჟე

ადოლფ ბერჟე

25.06.2025

ადოლფ პეტრეს ძე ბერჟე (1828-1886 თბილისი) — ფრანგი ორიენტალისტი, კავკასიოლოგი, მწერალი, არქეოგრაფი, განათლებით აღმოსავლეთმცოდნე. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტი. მოღვაწრობიდან გამომდინარე დაჯილდოებული იყო წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის ორდენი, წმინდა ანას 1-ლი და 2-ე ხარისხის ორდენებით (წმ. ანას ორდენი დაარსდა 1735 წ. 1799  წელს პავლე პირველმა ეს ორდენი დააწესა როგორც რუსეთის საიმპერატორო დინასტიის (რომანოვების) ჯილდო.),  წმინდა ვლადიმერის ორდენით და ლომისა და მზის ხარისხის სპარსული საიმპერიო ორდენი - Grand Officer of the Order of the Lion and the Sun.
ადოლფ ბერჟეს მამა 1805 წელს საფრანგეთიდან გადასახლებულა პეტერბურგში, სადაც დაიბადა ადოლფი. ის, ჯერ კიდევ სტუდენტობამდე დაინტერესებულა კავკასიელი ხალხებით, უნივერსიტეტში შესვლამდე შეუსწავლია სპარსული და თურქული ენები. 1851 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კი კავკასიაში გაანაწილეს სამუშაოდ. 1851 წლის დეკემბერში დანიშნეს კავკასიის მეფისნაცვლის მ. ვორონცოვის კანცელარიაში (ამ პერიოდში იმოგზაურა სპარსეთში), 1857 წელს ‒ თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის გამგედ, 1858 წელს განსაკუთრებული დავალებების მოხელედ, 1859-1864 წლებში – „კავკასიის კალენდრის“ რედაქტორად, 1864 წლიდან ‒ კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის თავჯდომარედ; 1864 წელს აირჩიეს პარიზის „აზიური საზოგადოების“ წევრად, 1865 წელს – „საფრანგეთის აღმოსავლური საზოგადოების“, ხოლო 1873 წელს – „ოდესის სიძველეთა ისტორიის საზოგადოების“ წევრად. კავკასიის ისტორიისა და ეთნოგრაფიულ საკითხებთან ერთად იგი სწავლობდა ენებსაც, შეაგროვა უდიური ენის მასალა, ადგილზე იკვლევდა ხუნძურს (1860). 1866-1885 წლებში მისი რედაქტორობით გამოქვეყნდა „კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტების“ თორმეტტომეულის 10 ტომი.
ადოლფ ბერჟე ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა საჯარო ბიობლიოთეკაში, სისტემატურად ამდიდრებდა ფონდს სხვადასხვა გამოცემით, 1861 წელს შეადგინა „თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის მოკლე კატალოგი“, რომლის შესავალში იგი მიმოიხილავდა საქართველოს ისტორიის, ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებს. ადოლფ ბერჟე განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენდა სამეგრელოს მიმართ, სადაც არაერთხელ იყო კიდეც. წიგნში „თბილისიდან მოგზაურობა სამეგრელოში 1862 წელს“ (პარიზი, 1864) ადოლფ ბერჟე მიმოიხილავს ადგილობრივ ისტორიულ ძეგლებს, ფოლკლორს, ენის საკითხებს და სხვ. ადოლფ ბერჟეს მჭიდრო მეცნიერული კონტაქტი ჰქონდა აკადემიკოს მარი ბროსესთან, რომელსაც სისტემატურად სწერდა წერილებს და უზიარებდა თავის დაკვირვებებს, ეთათბირებოდა სვანეთისა და მის ეთნოგრაფიულ თუ ისტორიულ-ენობრივ პრობლემებზე, აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხებზე („ჩაჩნები და საჩაჩნეთი“, „ადიღე ხალხის ისტორია“, 1861) და სხვა. თანამშრომლობდა აგრეთვე დ. ბაქრაძესთან, პ. იოსელიანთან და სხვა ქართველ მეცნიერებთან. იგი დიდი ძალისხმევით მუშაობდა კავკასიელი და ფრანგი ხალხების კულტურული, მეცნიერული და ლიტერატურული ურთიერთობის განვითარებისათვის. მისი ნაშრომები გამოქვეყნდა პარიზში, გერმანიაში, რუსეთსა და საქართველოში. გარდაცვალებამდე (57 წლის ასაკში) მუშაობდა მემუარებზე კავკასიისა და სპარსეთის შესახებ, რომელიც დაუსრულებელი დატოვა. 

ბერჟე



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge